პოლონეთი ცენტრალური ევროპის ქვეყანაა, რომელიც მდიდარი ისტორიითა და კულტურით არის ცნობილი. მე-20 საუკუნეში მისმა ქალაქებმა მეორე მსოფლიო ომის დიდი ტრავმა გადაიტანეს, თუმცა დღეს აღდგენილი ძველი უბნები, მუზეუმები, ციხე-სიმაგრეები და ფერადი მოედნები მილიონობით ტურისტს იზიდავს. ამ გზამკვლევში გაგაცნობთ ვარშავას, კრაკოვს, გდანსკს, ვროცლავსა და პოზნანს, მათ ღირსშესანიშნაობებს, პოლონურ კერძებს, შოპინგსა და ფესტივალებს. avia.ge-სთან ერთად კი პოლონეთში მოგზაურობას მარტივად და იაფად დაგეგმავთ.
პოლონეთი – გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის
რომელი ქალაქები მოვინახულოთ პოლონეთში?
პოლონეთის ყველა ქალაქი თავისებურად საინტერესო თავგადასავლებს გპირდებათ. აქ დაგხვდებათ უამრავი ღირსშესანიშნაობები, ფერადი შენობები, სხვადასხვა დროის ნაგებობები და ქვით მოკირწყლული ქუჩები. დაბლა ქვეყნის რამდენიმე ქალაქს გაგაცნობთ.
ვარშავა
პოლონეთზე საუბარი ცხადია მისი გრანდიოზული დედაქალაქი ვარშავათი უნდა დავიწყოთ. იგი ქვეყნის უდიდესი ქალაქი და მთავარი ისტორიული, პოლიტიკური და კულტურული ცენტრია. ვარშავამ მეოცე საუკუნეში, მეორე მსოფლიო ომის დროს, დიდ განსაცდელს გაუძლო, რაც მის კულტურასა და არქიტექტურაში კარგად აისახა. ვარშავას მუზეუმები მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენებზე მოგვითხრობენ. ომის შემდეგ აღდგენილი ძველი ქალაქი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია და ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს.
გდანსკი
გდანსკი პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალაქია. მას მილიონობით ტურისტი სტუმრობს ყოველწლიურად უნიკალური კულტურის, არქიტექტურისა და ზღვასთან სიახლოვის გამო. გარდა ინფრასტრუქტურული მშვენიერებისა, ქალაქი ისტორიული მნიშვნელობითაც დაიკვეხნის. აქ შეგიძლიათ ესტუმროთ მსოფლიო დონის მუზეუმებსა და გალერეებს. ქალაქი ჰარმონიული ნაზავია მშვიდი, ფერადი ქუჩებისა და ისტორიული თუ კულტურული ღირებულებების.
პოზნანი
პოზნანი პოლონეთის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია – აქ დაიწყო პოლონური სახელმწიფოებრიობისა და ქრისტიანობის ისტორია. იგი კულტურული, ისტორიული და ტექნოლოგიური ცენტრია. ქალაქი მდინარე ვარტას სანაპიროზე მდებარეობს. აქ უამრავი ძველი, ისტორიული შენობა შეგხვდებათ, რომელთა ნახვაც დროში მოგზაურობის საუცხოო განცდას გაგიჩენთ. პოზნანში შეგიძლიათ ნახოთ საუკუნეების დროინდელი გოთიკური ტაძრები, რენესანსის ეპოქის შენობები და ლამაზად მოწყობილი ისტორიული უბნები.
კრაკოვი
პოლონეთის ქალაქი კრაკოვი დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა პოლონეთის დედაქალაქად და რენესანსის კულტურის ცენტრად. კრაკოვი დღესაც ევროპული კულტურის მნიშვნელოვან ადგილად რჩება. იგი შუასაუკუნეების არქიტექტურას გადაგიშლით თვალწინ. კრაკოვის ფერადი შენობები და მშვიდი ატმოსფერო საშუალებას მოგცემთ, ჰარმონიულად დაისვენოთ.
ვროცლავი
ვროცლავის არქიტექტურული სტილი, აღმოსავლეთ ევროპულ ყაიდაზე მოწყობილი ქუჩები და ლამაზი უბნები მუდამ დადებითად განაწყობს მის მნახველებს. ქალაქში შეგეძლებათ გაისეირნოთ სხვადასხვა ბაზრობებზე ან მიიღოთ მონაწილეობა მოწყობილ ღონისძიებებში.
კატოვიცე
კატოვიცე პოლონეთის ცნობილი ქალაქია. მას მდიდარი ინდუსტრიული წარსული აქვს, შესაბამისად აქ ნახავთ მუზეუმებს, რომლებიც მსოფლიო დონის მოვლენებს გაგიცოცხლებენ თვალწინ, არტ გალერეებსა და კულტურულ ძეგლებს. კატოვიცე სილეზიის ინდუსტრიული გული იყო, დღეს კი ყოფილი შახტების ტერიტორიაზე თანამედროვე კულტურული ზონა შეიქმნა. ქალაქში ნახავთ მოდერნისტულ არქიტექტურას და საინტერესო ინდუსტრიულ ძეგლებს.
მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას



რა ვნახოთ პოლონეთში?
პოლონეთის ქალაქები მსოფლიო მნიშვნელობის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას ინახავს. ქვეყანა სავსეა მუზეუმებით, გალერეებითა თუ ციხე-კოშკებით.
პოლონელი ებრაელების მუზეუმი
პოლონელი ებრაელების მუზეუმი ვარშავას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუზეუმია. იგი ასახავს პოლონეთში მცხოვრები ებრაელების ისტორიას, ქალაქის განვითარებაში შეტანილ კონტრიბუციასა და კულტურულ არტეფაქტებს.
ვილანუვის სასახლე ვარშავაში
ვილანუვის სასახლე ვარშავაში მეფე იან III სობიესკის ბაროკოს სტილის საზაფხულო რეზიდენციაა (XVII საუკუნის ბოლო). აღგაფრთოვანებთ როგორც მისი ისტორიული მნიშვნელობა და სიდიადე, ასევე ინტერიერი, ბაღები თუ ექსტერიერი. დღეს სასახლე მუზეუმია და ვარშავის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ღირსშესანიშნაობაა.
პოზნანის კათედრალი
პოზნანის კათედრალი მე-10 საუკუნის შენობაა. იგი უძველესი კათედრალია მთელს პოლონეთში. კათედრალი რამდენჯერმე დაზიანდა და მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ რესტავრირდა. მისი შუასაუკუნეების არქიტექტურა, ფერადი მინები და გრანდიოზული სვეტები აუცილებლად მოახდენს თქვენზე დიდ შთაბეჭდილებას.
პოზნანის ეროვნული მუზეუმი
თუ ხელოვნების მოყვარული ხართ, მაშინ ამ მუზეუმს აუცილებლად ესტუმრეთ. აქ დაგხვდებათ ლამაზი ნახატები სხვადასხვა ეპოქიდან. ასევე ნახავთ ევროპულ ტილოებსაც, მათ შორის ბელინის ცნობილ ნახატს “მადონა ყრმით”.
ვროცლავის ეროვნული მუზეუმი
ვროცლავში მოგზაურობა ხელოვნების მოყვარულებისთვისაც დიდი თავგადასავლებისა და აღმოჩენების დასაწყისი იქნება. თუ თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ, აუცილებლად ეწვიეთ ვროცლავის ეროვნულ მუზეუმს. აქ დაგხვდებათ სილეზიისა და პოლონეთის ხელოვნების გამორჩეული ნიმუშები შუა საუკუნეებიდან დღემდე.
შოპენის მუზეუმი
შოპენის მუზეუმი ვარშავაში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ. ფრედერიკ შოპენი წარმოშობით სწორედ პოლონეთიდან იყო. მისი სახელობის მუზეუმი კი კომპოზიტორის ხელნაწერებს, მის პიანინოს, ფოტოებსა და სხვა სამახსოვრო ნივთებს ინახავს.
მეცნიერებისა და კულტურის სასახლე ვარშავაში
მეცნიერებისა და კულტურის სასახლე ვარშავის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და ცნობადი შენობაა (237 მ). იგი აშენდა როგორც საბჭოთა კავშირის მიერ პოლონელი ხალხისათვის მიძღვნილი საჩუქარი. ამ სასახლემ დროთა განმავლობაში ფუნქცია შეიცვალა. მის საკონგრესო დარბაზში 1967 წელს როლინგ სტოუნზის კონცერტიც კი გაიმართა.
პოზნანის კრუასანების მუზეუმი
პოზნანის კრუასანების მუზეუმი ქალაქის ერთ-ერთი უნიკალური ღირსშესანიშნაობაა. აქ არა მხოლოდ პოზნანის ტრადიციული წმინდა მარტინის კრუასანის (rogal świętomarciński – თეთრი ყაყაჩოს თესლის შიგთავსით) მომზადების საიდუმლოს გაგიმხელენ, არამედ – ქალაქის ისტორიის შესახებაც მოისმენთ საინტერესო ისტორიებს.
მეორე მსოფლიო ომის მუზეუმი გდანსკში
გდანსკში ვიზიტი თქვენთვის იქნება გზამკვლევი დიდ ისტორიულ მოგზაურობაში. პოლონეთმა მძიმე დრო გამოიარა მეორე მსოფლიო ომში. მისი ტრაგიკული ბედი მეორე მსოფლიო ომის მუზეუმში კარგადაა ასახული. შეგიძლიათ ეწვიოთ მუზეუმს და შეიტყოთ მეტი XX საუკუნის მსოფლიოზე.
სილეზიის მუზეუმი კატოვიცეში
სილეზიის მუზეუმი კატოვიცეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული დაწესებულებაა. იგი 1929 წელს დაარსდა, თუმცა ნაცისტური ოკუპაციის დროს მისი შენობა დაანგრიეს. მუზეუმი 1984 წელს აღდგა, 2015 წლიდან კი ყოფილი ქვანახშირის შახტის ტერიტორიაზე, თანამედროვე მიწისქვეშა კორპუსებშია განთავსებული. აქ ინახება გამოჩენილი პოლონელი მხატვრების ნამუშევრები და სილეზიის ისტორიის ექსპოზიცია.
დაჯავშნე პოლონეთის ღირსშესანიშნაობების ბილეთები და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!
ფრენები პოლონეთში
რა ვჭამოთ პოლონეთში?
პოლონეთი კულინარიის მოყვარულებს ნამდვილად არ გაგიცრუებთ იმედებს. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც ადგილობრივი, ასევე მსოფლიო დონის სამზარეულო. ქვეყანაში პოპულარულია სწრაფი კვებაც, სადაც იაფად შეძლებთ მიირთვათ ზაპიეკანკა (ბაგეტი სოკოთი და ყველით) ან ჰოთდოგი.
პიეროგი
პოლონურ კულინარიაზე ფიქრისას, აუცილებლად უნდა გაგვახსენდეს პოლონური მთავარი კერძი-პიეროგი. მის ქალაქებში პიეროგების სხვადასხვა ვარიაციას იხილავთ: სოკოთი, ხორცით, ხილით თუ კარტოფილითა და ხაჭოთი (ე.წ. „რუსკიე“). პიეროგი გულსართიანი ცომის მოხარშული ან შემწვარი ნამცხვარია და თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული მისი შიგთავსის არჩევა. პოლონეთში მოგზაურობისას მისი გასინჯვა არ უნდა გამოგრჩეთ, რადგან პოლონური სამზარეულის ერთ-ერთი სახასიათო ელემენტია.
მაკოვკი
მაკოვკი (Makówki) სილეზიური საშობაო დესერტია, რომელსაც ტრადიციულად შობის ღამეს მიირთმევენ. იგი მზადდება რძეში დალბილებული ფუნთუშისა და ყაყაჩოს თესლისგან, თაფლით, ქიშმიშით და თხილეულით, და დიდ ჯამში სერვირდება. თუ ზამთარში კატოვიცეში ან სილეზიის სხვა ქალაქში იქნებით, აუცილებლად გასინჯეთ – მისი გემო დიდხანს დაგამახსოვრდებათ.
კარტოფილის ბლინები
კარტოფილის კერძები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს პოლონეთში. კარტოფილის ბლინები (placki ziemniaczane) შესაძლოა უცნაურად ჟღერდეს, თუმცა შეუძლებელია, არ მოგხიბლოთ მისმა გემოვნურმა თვისებებმა.
სუპები
პოლონეთი შემოგთავაზებთ სუპების უამრავ ვარიაციას. თანაც, არა მხოლოდ ცხელ სუპებს. ზაფხულის დღეებში პოლონელების საყვარელი კერძია ხლოდნიკი (chłodnik) – ჭარხლის ცივი სუპი კეფირით ან მაწვნით, კიტრით, მწვანილითა და მოხარშული კვერცხით. ეს ულამაზესი ვარდისფერი სუპი აუცილებლად გაგიხალისებთ ზაფხულის ცხელ დღეებს.
სერნიკი
სერნიკი პოლონური ჩიზქეიქია, რომელიც ტვოროგისგან (ხაჭოსგან) მზადდება და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დესერტად ითვლება. ჩიზქეიქის მოყვარული თუ ხართ, აუცილებლად გასინჯეთ ნებისმიერ პოლონურ საკონდიტროში. სხვადასხვა რესტორანში მის სხვადასხვა ვარიაციას ნახავთ – ქიშმიშით, შოკოლადით თუ ხილით – და არცერთი მათგანი გაგიცრუებთ იმედებს.
ბიგოსი
ბიგოსი, ანუ „მონადირის რაგუ“, მჟავე და ახალი კომბოსტოსგან, სხვადასხვა სახის ხორცითა და ძეხვით, სოკოთი და სანელებლებით მზადდება და დიდხანს იხარშება. იგი პოლონელების ერთ-ერთი საყვარელი კერძია. აუცილებლად გირჩევთ მის დაგემოვნებას.
ახლოდან დანახული პოლონეთი





სად ვიშოპინგოთ პოლონეთში?
პოლონეთში შოპინგსაც იდეალურად შეძლებთ. აქ ნახავთ როგორც თანამედროვე შოპინგ-ცენტრებს, მოლებსა და მაღალი კლასის მაღაზიებს, ასევე ვინტაჟურ მაღაზიებს, მეორად საქონელსა თუ ბაზრობებს.
საშოპინგო მოლები პოლონეთში
Stary Browar – ყოფილი ლუდსახარშის შენობაში მოწყობილ ამ ისტორიულ ადგილას პოზნანში არა მხოლოდ იშოპინგებთ, არამედ მე-19 და მე-20 საუკუნეების არტეფაქტებსაც ნახავთ. ეს ულამაზესი საშოპინგო ცენტრი ხელოვნებისა და თანამედროვე სტილის ნაზავია. აქ უამრავი მაღაზია დაგხვდებათ იდეალური შოპინგისთვის.
Posnania – პოზნანის ამ საშოპინგო ცენტრში ბევრი მაღაზია, გასართობი ცენტრი და კვების ობიექტი დაგხვდებათ. აქაურობა მაქსიმალურად კარგადაა მოწყობილი განტვირთვისა და დასვენებისთვის.
Poznan Plaza – აქ ყველაფერი დაგხვდებათ იდეალური შოპინგისთვის. პოზნანის ამ მოლში ნახავთ უამრავ მაღაზიას, მათ შორის ცნობილ ბრენდებს. აქ საკმაოდ ბიუჯეტურად აარჩევთ თქვენთვის სასურველ პროდუქციას: ტანსაცმელს, აქსესუარებსა თუ საჩუქრებს.
Złote Tarasy – ვარშავის ცენტრალური სადგურის გვერდით მდებარე საშოპინგო ცენტრი, რომელიც ტალღისებრი შუშის სახურავით არის ცნობილი. აქ ნახავთ უამრავ ტანსაცმლის მაღაზიას. თანაც, იგი ულამაზესია და ძალიან მყუდრო ატმოსფეროა წყნარად შოპინგისათვის.
Westfield Arkadia – ვარშავისა და მთელი პოლონეთის ერთ-ერთი უდიდესი საშოპინგო ცენტრი. აქ ნახავთ როგორც მაღაზიებს შოპინგისათვის, ასევე მოსასვენებელ სივრცეებსა და კვების ობიექტებსაც.
Galeria Krakowska Shopping Mall – კრაკოვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშოპინგო ცენტრი. იგი კრაკოვის მთავარი სადგურის გვერდით მდებარეობს, შესაბამისად ძალიან კომფორტულია ტურისტებისთვის. აქ უამრავ საშოპინგო მაღაზიასა და კვების ობიექტს ნახავთ.
საუკეთესო ქალაქები საშოპინგოდ
პოლონეთის ქალაქებში შედარებით ბიუჯეტურად შეძლებთ შოპინგს, ხოლო სეზონური ფასდაკლებების დროს ცნობილი ბრენდების პროდუქციაც ხელმისაწვდომ ფასად იყიდება. საუკეთესო ქალაქები შოპინგის მხრივ არის კრაკოვი, ვარშავა და პოზნანი. მათ მთავარ სადგურებსა თუ ქალაქის ცენტრებში ბევრი მოლი და სხვადასხვა მაღაზიაა.
რა ვიყიდოთ პოლონეთში
- ქარვის სამკაულები ძალიან პოპულარულია პოლონეთში (განსაკუთრებით გდანსკში), ამიტომ მათ ბევრ ადგილას შეიძენთ
- პოლონური არაყი კარგი საჩუქარი იქნება ახლობლებისთვის
- ბოლესლავეცის ხელით მოხატული კერამიკა – ლურჯი წერტილოვანი ორნამენტით
- თაფლი და ადგილობრივი ტკბილეული, მაგ. ტორუნის ჯანჯაფილის ნამცხვარი (პიერნიკი)
- ზაკოპანეს მთის ყველი ოსციპეკი და ხის ხელნაკეთი სუვენირები
- გაითვალისწინეთ, რომ ქვეყანაში ტანსაცმელსაც საკმაოდ ბიუჯეტურად იყიდით
ბაზრობები და საშობაო ბაზრები
კრაკოვის მთავარ მოედანზე მდებარე სუკიენიცე (Sukiennice) – რენესანსის ეპოქის ქსოვილების ვაჭრობის დარბაზი – დღესაც ბაზრობად ფუნქციონირებს: აქ ქარვის სამკაულებს, ხის ხელნაკეთ ნივთებსა და სხვა სუვენირებს იყიდით. ზამთარში კი პოლონეთის დიდი ქალაქების – კრაკოვის, ვროცლავის, გდანსკისა და ვარშავის – ცენტრალურ მოედნებზე საშობაო ბაზრობები იმართება, სადაც ადგილობრივ ტკბილეულს, ცხელ ღვინოსა და ხელნაკეთ საჩუქრებს ნახავთ.
გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი პოლონეთში? მაშინ დაჯავშნე იაფი ფრენები ვარშავაში ახლავე!
როდის არის საუკეთესო დრო პოლონეთში სამოგზაუროდ?
პოლონეთის ქალაქებში მოგზაურობისათვის გაზაფხულისა და შემოდგომის სეზონებს გირჩევთ. ამ დროს ტემპერატურა ძალიან სასიამოვნოა და თანაც, ნაკლები ტურისტია, ამიტომ კომფორტულად შეძლებთ დასვენებას და ღირსშესანიშნაობების მონახულებას. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ზამთარში, სიცივის მიუხედავად, პოლონეთში პოპულარულია მთის სპორტი, განსაკუთრებით ზაკოპანეში. თხილამურებით სრიალისა და ზამთრის სპორტის მოყვარულებს ზამთარში ტურის დაგეგმვას გირჩევთ. თანაც, ამ დროს საშობაო ბაზრობები იმართება და მთელს ქვეყანაში საოცარი განწყობა სუფევს. მუსიკის მოყვარულებს კი გახსოვდეთ, რომ ზაფხულში პოლონეთში ქვეყნის უდიდესი მუსიკალური ფესტივალები იმართება – Open’er გდინიაში (ივნისის ბოლოს – ივლისის დასაწყისში) და Pol’and’Rock (ივლისის ბოლოს – აგვისტოს დასაწყისში).
არ გადადო! დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება.
როგორ გადავაადგილდეთ პოლონეთში?
პოლონეთში გადაადგილებას ძალიან მარტივად შეძლებთ. აქ შეგიძლიათ უბრალოდ ფეხით ისეირნოთ და ქალაქების ხედებით დატკბეთ, ან გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც საკმაოდ გამართული სისტემით ფუნქციონირებს.
ტრამვაი
პოლონეთის ქალაქების უმეტესობაში ტრამვაი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გადაადგილების საშუალებაა. ტრამვაითი კომფორტულად ივლით ვარშავაში, კრაკოვში, პოზნანსა თუ ვროცლავში. ბილეთის ფასი ქალაქის მიხედვით განსხვავდება: მაგალითად, ვარშავაში 20-წუთიანი ბილეთი 3.40 ზლოტი ღირს, 75-წუთიანი კი – 4.40 ზლოტი.
ავტობუსი
პოლონეთის უმეტეს ქალაქებში ავტობუსებით ძალიან კომფორტულად იმგზავრებთ. ერთჯერადი ბილეთის ყიდვა პირდაპირ ავტობუსშიც შეგიძლიათ, ანდაც ჯიხურებიდან. ვარშავაში 20-წუთიანი ბილეთი 3.40 ზლოტი დაგიჯდებათ, 75-წუთიანი კი 4.40 ზლოტი; სხვა ქალაქებში ფასები ოდნავ განსხვავდება.
ფეხით
პოლონეთის ქალაქების უმეტესობა ძალიან ტურისტულია, აქ გადაადგილებას მარტივად შეძლებთ ფეხით. ღირსშესანიშნაობები ქალაქის მთავარ მოედნებზეა უმეტესწილად, ამიტომ მათი პოვნა და დათვალიერება არ გაგიჭირდებათ. თანაც, ფეხით სეირნობისას პოლონეთის ფერადი ქუჩებითა და არქიტექტურით დატკბებით.
მეტრო
მეტრო მხოლოდ ვარშავაში შეგხვდებათ. მას მხოლოდ 2 ხაზი აქვს, თუმცა გაფართოება იგეგმება. სტანდარტული 75-წუთიანი ბილეთი 4.40 ზლოტი დაგიჯდებათ (იგივე ბილეთი ტრამვაისა და ავტობუსშიც მოქმედებს). მეტროს ხაზები დაყოფილია ჩრდილო-სამხრეთ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მიმართულებებად. მეტროს ბილეთების ყიდვას შეძლებთ ჯიხურში ან ბარათით გადაიხდით ბილეთის აპარატში.
მატარებელი
პოლონეთის ქალაქებს შორის მატარებლით შეძლებთ მგზავრობას. მაგალითად, თუ ფრენა პოზნანიდან ან ვარშავადან გაქვთ, შეგიძლიათ პოლონეთის სხვა ქალაქებს მატარებლით ეწვიოთ და ფრენისთვის აეროპორტში ასევე მატარებლით დაბრუნდეთ. ბილეთების ყიდვას ონლაინ მარტივად შეძლებთ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ წინასწარ შეიძინოთ ისინი, რადგან უმეტესად დიდი მოთხოვნაა.
კონცერტები და ფესტივალები პოლონეთში
პოლონეთი კონცერტების, ფესტივალებისა და სხვადასხვა კულტურული დღესასწაულების მთელ სიას შემოგთავაზებთ. მის ქალაქებს მხიარულება და საინტერესო ტურისტული ღონისძიება არ აკლიათ.
Open’er ფესტივალი
Open’er ფესტივალი (Open’er Festival) – პოლონეთის ერთ-ერთი უდიდესი ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი, რომელსაც მუსიკის მოყვარულები მთელი წლის განმავლობაში დიდი ენთუზიაზმით ელიან. იგი ბალტიის ზღვის სანაპიროზე, ქალაქ გდინიაში იმართება, ივნისის ბოლოს ან ივლისის პირველ კვირას, და 4 დღე გრძელდება. Open’er საერთაშორისო დონის არტისტებს მასპინძლობს – როკიდან და პოპიდან ელექტრონულ მუსიკამდე.
ებრაული კულტურის ფესტივალი კრაკოვში
ებრაული კულტურის ფესტივალი კრაკოვში (Jewish Culture Festival in Kraków) – ეს ყოველწლიური ფესტივალი კრაკოვში 1988 წლიდან იმართება. იგი 9 დღის განმავლობაში მიმდინარეობს და ებრაული მუსიკისა და კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება.
ვარშავას ლუდის ფესტივალი
ვარშავას ლუდის ფესტივალი (Warsaw Beer Festival) – თუ ლუდის მოყვარული ხართ, წელიწადში ორჯერ, ვარშავაში ლუდის ფესტივალი იმართება. მის ფარგლებში შეძლებთ პოლონური ლუდის დაგემოვნებას და ძალიან სახალისო გამოცდილებების მიღებას.
Orange Warsaw Festival
Orange Warsaw Festival – ვარშავის უდიდესი ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი, რომელიც 2008 წლიდან იმართება, ბოლო წლებში – სლუჟევეცის იპოდრომზე. ფესტივალი, როგორც წესი, ივნისში ტარდება და რამდენიმე დღე გრძელდება. მის სცენებზე პოპულარული საერთაშორისო და პოლონელი არტისტები გამოდიან – პოპი, ჰიპ-ჰოპი, როკი და ელექტრონული მუსიკა.
პოლონეთის როკ ფესტივალი
პოლონეთის როკ ფესტივალი (Pol’and’Rock Festival) – როკ ფესტივალი პოლონეთში ყოველწლიურად იმართება ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში და მუსიკის მოყვარულებს ქვეყნის სხვადასხვა წერტილიდან იზიდავს. ფესტივალზე დასწრება უფასოა, ხოლო მონაწილეთა რაოდენობით ის პოლონეთის ერთ-ერთი უდიდესი ღონისძიებაა და იმედებს არ უცრუებს მნახველებს.
ტაურონის ახალი მუსიკის ფესტივალი
ტაურონის ახალი მუსიკის ფესტივალი (Tauron Nowa Muzyka) – ეს ფესტივალი კატოვიცეში იმართება გვიან გაზაფხულსა ან ზაფხულში. მის ფარგლებში მოუსმენთ ელექტრონულ მუსიკას და ძალიან კარგად შეძლებთ გართობას.
გადაწყვიტე პოლონეთში მოგზაურობა? მაშინ მიიღე საუკეთესო შეთავაზებები და დაჯავშნე იაფი ფრენები ვროცლავში.
ხშირად დასმული კითხვები პოლონეთზე
პოლონეთის რომელ ქალაქებს უნდა ვესტუმროთ?
ცხადია, უნდა დაიწყოთ ვარშავით. ასევე, გირჩევთ მოინახულოთ კრაკოვი, გდანსკი, ვროცლავი, პოზნანი და კატოვიცე.
რა უნდა წავიღოთ პოლონეთში?
პირველ რიგში, ფრენისათვის საჭირო ნივთების წაღება არ დაგავიწყდეთ, იქნება ეს დოკუმენტები, პასპორტი თუ კომფორტული ბალიში. ასევე, შეამოწმეთ ყველა გაჯეტი და დამტენი. პოლონეთში ბევრი სიარული მოგიწევთ, ამიტომ სპორტული ფეხსაცმელი და კომფორტული ტანსაცმელი აუცილებელია. მის ქალაქებში ხშირად წვიმს, ამიტომ საწვიმარი ან ქოლგაც არ დაგავიწყდეთ. ამასთან, თუ ზამთარში მიდიხართ, წაიღეთ ზამთრის სპორტისთვის შესაფერისი ატრიბუტებიც.
რით არის გამორჩეული პოლონეთი?
პოლონეთი ცნობილია თავისი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობით. ქვეყანაში უამრავ მუზეუმს, ღირსშესანიშნაობებსა და ისტორიულ ნაგებობებს ნახავთ.
რამდენად ძვირია პოლონეთი?
დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით პოლონეთში მოგზაურობა ხელმისაწვდომია. მაგალითად, იაფ რესტორანში სადილი საშუალოდ 35–70 ზლოტი ღირს, ქალაქის ტრანსპორტის ბილეთი კი 3.40–4.40 ზლოტი. ამიტომ, თუ მოგზაურობას გეგმავთ, პოლონეთში ვიზიტი აუცილებლად განიხილეთ.
რამდენად უსაფრთხოა პოლონეთში მოგზაურობა?
პოლონეთი უსაფრთხო ადგილია ტურისტებისთვის, თუმცა აუცილებლად უნდა მოუფრთხილდეთ პირად ნივთებს და ბნელ უბნებში გვიან სიარულს მოერიდოთ.
როდისაა საუკეთესო დრო პოლონეთში სამოგზაუროდ?
ყველაზე სასიამოვნო სეზონები გვიანი გაზაფხული და ადრეული შემოდგომაა. ამ დროს პოლონეთში კარგი ტემპერატურაა და ხალხმრავლობაც დიდად არ შეგაწუხებთ.
რომელია პოლონეთის ქალაქებთან ყველაზე დიდი აეროპორტები?
- WAW – ვარშავის შოპენის აეროპორტი
- KRK – კრაკოვის იოანე პავლე II-ის აეროპორტი
- GDN – გდანსკის ლეხ ვალენსას აეროპორტი
- KTW – კატოვიცეს აეროპორტი
- WRO – ვროცლავის კოპერნიკის აეროპორტი
როგორ გავემგზავროთ საქართველოდან პოლონეთში?
საქართველოდან პოლონეთში პირდაპირ ფრენას თბილისიდან და ქუთაისიდან შეძლებთ: თბილისიდან ვარშავაში დაფრინავს LOT, ქუთაისიდან კი Wizz Air – ვარშავაში, კატოვიცეში, პოზნანსა და ვროცლავში. ბათუმიდან რეისები ძირითადად გადაჯდომით სრულდება. მარშრუტები სეზონის მიხედვით შეიძლება შეიცვალოს, ამიტომ აქტუალური რეისები avia.ge-ზე გადაამოწმეთ.
რომელი ავიაკომპანიები დაფრინავენ საქართველოდან პოლონეთში?
საქართველოდან პოლონეთში პირდაპირ ავიარეისებს ახორციელებენ LOT (თბილისი–ვარშავა) და Wizz Air (ქუთაისიდან), გადაჯდომით კი დაფრინავენ Turkish Airlines, Pegasus, Lufthansa, Austrian Airlines და სხვა ავიაკომპანიები.
როგორ შევიძინოთ პოლონეთის ავიაბილეთები ყველაზე იაფად?
გირჩევთ, რომ ავიაბილეთები დაჯავშნოთ 1 ან 2 თვით ადრე. ასევე, უმჯობესია ფრენები შეიძინოთ კვირის დღეებში და არა შაბათ-კვირას. ყველაზე იაფი ფასის მისაღებად კი ეწვიეთ საძიებო პლატფორმა avia.ge-ს.
დამატებითი რეკომენდაციები
გაეცანი მნიშვნელოვან ინფორმაციას პოლონეთში მოგზაურობის წინ



























