ლატვიის დედაქალაქი რიგა ბალტიისპირეთის უდიდესი ქალაქია, რომელიც მოგზაურებს ისტორიული ძველი ქალაქით, არტ-ნუვოს არქიტექტურითა და მყუდრო ატმოსფეროთი ხვდება. რიგის ისტორიული ცენტრი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი, აქაური ფერადი ქუჩები კი სასეირნოდ იდეალურია. ამ გზამკვლევში გაგაცნობთ რიგის მთავარ ღირსშესანიშნაობებს, დასარჩენ უბნებს, კაფე-რესტორნებს, შოპინგის ადგილებსა და ქალაქში გადაადგილების გზებს, ხოლო avia.ge-სთან ერთად მოგზაურობას მარტივად და იაფად დაგეგმავთ.
რიგა – მარტივი გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის
სად დავრჩეთ რიგაში?
დასარჩენი ადგილი თქვენზე მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს. გირჩევთ, წინასწარ განსაზღვროთ თქვენი პრიორიტეტები – ტურისტულ ადგილას, ღირსშესანიშნაობებთან ახლოს დარჩენას ამჯობინებთ თუ შედარებით მშვიდ ადგილას, ქალაქის გარეუბნებში. ასევე, მნიშვნელოვანია როგორი მოგზაურობის ტიპს ანიჭებთ უპირატესობას. დაბლა შემოგთავაზებთ რამდენიმე პოპულარულ არეას რიგაში მოგზაურობისათვის.
ძველი ქალაქი (ვეკრიგა)
ძველი ქალაქი (ვეკრიგა) / Old Town (Vecrīga) – რიგის ისტორიული რეგიონი, აქ ნახავთ რიგის კათედრალს და შუასაუკუნეების მნიშვნელოვან შენობებს. თუ გსურთ, ღირსშესანიშნაობებთან ახლოს დაისვენოთ, ამ უბანში ბევრ კარგ სასტუმროს ნახავთ.
მეჟაპარკების უბანი
მეჟაპარკების უბანი (Mežaparks) – ამ უბანში შედარებით ბიუჯეტურად შეძლებთ დასვენებას. ეს ადგილი განსაკუთრებით მაშინაა რეკომენდებული, თუ ოჯახთან ერთად გეგმავთ მოგზაურობას და სიმშვიდე გსურთ. მეჟაპარკი XX საუკუნის დასაწყისში ევროპის ერთ-ერთ პირველ ბაღ-ქალაქად დაიგეგმა და ხის ვილებითა და ფიჭვნარით გამოირჩევა. აქვეა კიშეზერსის ტბა და რიგის ზოოპარკი. მეჟაპარკების უბანში შეძლებთ რიგის ტყე-პარკებში სეირნობასა თუ ლაშქრობების მოწყობას.
თეიკა
თეიკა (Teika) – ეს უბანი მართალია ნაკლებად ტურისტულია, თუმცა საინტერესო არქიტექტურით გამოირჩევა და ბიუჯეტურად შეძლებთ აქ დასვენებას. თუ ოჯახთან ერთად გეგმავთ მოგზაურობას, ამ უბანს გირჩევთ. აქ ახლოს გექნებათ კაფე-ბარებიც და მყუდრო გარემოშიც იქნებით.
ბრასა
ბრასა (Brasa – Miera Iela) – ეს ადგილი ცნობილია თავისი ფერადი ქუჩებით, ვინტაჟური მაღაზიებით, თანამედროვე კაფეებითა და რესტორნებით. ეს უბანი არტისტული ქუჩების უბნად ითვლება რიგაში.
აგენსკალნის უბანი
აგენსკალნის უბანი (Agenskalns) – ეს უბანი იდეალურია მათთვის, ვისაც სურს ქალაქის ცენტრთან ახლოს დარჩეს, თანაც შედარებით მშვიდ უბანში. უბანი მდინარე დაუგავას მარცხენა ნაპირზე მდებარეობს და ძველ ქალაქთან ტრამვაით სწრაფად არის დაკავშირებული. ამ უბანში დაგხვდებათ ხის სახლები და იდეალური, მყუდრო ატმოსფერო. თანაც, საკმაოდ ბიუჯეტურად ნახავთ აქ დასარჩენ სივრცეებს.
მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას



რა ვნახოთ რიგაში?
რიგაში ბევრი ფერადი ისტორიული და კულტურული შენობა დაგხვდებათ. რიგის ბევრი ნაგებობა UNESCO -ს მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. აქ სანახავი მართლაც ბევრია. შემოგთავაზებთ რამდენიმე ცნობილ ღირსშესანიშნაობას.
შავთავიანთა სახლი
შავთავიანთა სახლი (Melngalvju nams) XIV საუკუნის ნაგებობაა (1334 წ.) და რიგის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. აქ იკრიბებოდა შავთავიანთა საძმო – დაუოჯახებელ ვაჭართა გაერთიანება. მდიდრულად მორთული ფასადი შუასაუკუნეების და ჰოლანდიური რენესანსის სტილის შტრიხებს აერთიანებს. შენობა მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურდა, XX საუკუნის ბოლოს კი თავდაპირველი სახით აღადგინეს.
რიგის საკათედრო ტაძარი
რიგის საკათედრო ტაძარი (Doma baznīca) XIII საუკუნეში დაარსებული შუასაუკუნეების ძეგლია და ბალტიისპირეთის ერთ-ერთი უდიდესი შუასაუკუნეების ტაძარია. მის არქიტექტურაში რომანული, გოთიკური და ბაროკოს სტილის ელემენტები ერთიანდება. დღეს ეს ევანგელურ-ლუთერანული ტაძარია, სადაც წირვა კვლავ ტარდება, ხოლო მისი ცნობილი ორღანი მუსიკის მოყვარულებს იზიდავს. ტაძარი ძველი ქალაქის ისტორიის შესახებ ბევრ რამეს მოგიყვებათ.
მოდის მუზეუმი
მოდის მუზეუმი რიგის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მუზეუმია. აქ მოდის ისტორიკოსისა და კოლექციონერის ალექსანდრე ვასილიევის კოლექციიდან სამოსი, კოსტიუმები და აქსესუარებია წარმოდგენილი, რომლებიც მოდის ისტორიის მნიშვნელოვან ეპოქებს ასახავს. ექსპოზიცია პერიოდულად იცვლება, ამიტომ ყოველ ვიზიტზე ახალს ნახავთ. აქაურობა განსაკუთრებით მოეწონებათ მოდის მოყვარულებს.
რიგის ცისქვეშა ეთნოგრაფიული მუზეუმი
რიგის ცისქვეშა ეთნოგრაფიული მუზეუმი აუცილებლად უნდა მოინახულოთ, თუ ცოცხალი, განსხვავებული და ორიგინალური გამოცდილების მიღება გსურთ. 1924 წელს დაარსებული მუზეუმი ქალაქის განაპირას, იუგლას ტბის ნაპირზე მდებარეობს. ვრცელ ტერიტორიაზე 118 ისტორიული ნაგებობა – გლეხური კარ-მიდამოები, წისქვილები, სახელოსნოები და ეკლესია – ლატვიის სხვადასხვა რეგიონიდან არის თავმოყრილი. ეს კოლექცია ქვეყნის ისტორიასა და სოფლის ყოფას ასახავს.
კატის შენობა
კატის შენობა (Cat House) – 1909 წელს აშენებული ძველი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახლი. მის კოშკურებზე კატების ქანდაკებებია – მოხრილი ზურგითა და აწეული კუდით, რომლებსაც ადგილობრივი ლეგენდა უკავშირდება. შენობა შუასაუკუნეების სტილისა და არტ-ნუვოს ელემენტების ნაზავია.
რიგის თავისუფლების მონუმენტი
რიგის თავისუფლების მონუმენტი თვალწარმტაცია არა მხოლოდ თავისი არქიტექტურით, არამედ დიდი სიმბოლური დატვირთვითაც. 1935 წელს გახსნილი მონუმენტი ეძღვნება ლატვიის დამოუკიდებლობის ომში (1918–1920) დაღუპულთა ხსოვნას. დღეს ის ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მთავარი სიმბოლოა და ქალაქის ცენტრში, ძველი ქალაქის მახლობლად მდებარეობს.
კოსმოსის ილუზიების მუზეუმი
კოსმოსის ილუზიების მუზეუმი რიგაში მოგზაურობისას დროს სახალისოდ გაგატარებინებთ. აქ ოპტიკური ილუზიებითა და ინტერაქციული ექსპონატებით სავსე დარბაზები დაგხვდებათ. მუზეუმში ვიზიტი განსაკუთრებით რეკომენდებულია, თუ ბავშვებთან ერთად მოგზაურობთ ან თუ თავად გსურთ დროის სახალისოდ გატარება და გართობა.
რიგის წმინდა პეტრეს ეკლესია
რიგის წმინდა პეტრეს ეკლესია პირველად 1209 წელს მოიხსენიება და ქალაქის ერთ-ერთი უძველესი ნაგებობაა. ეკლესია არაერთხელ დაზიანდა – მისი მაღალი შპილი რამდენჯერმე ჩამოინგრა და დაიწვა, ბოლოს 1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს. აღდგენილ შპილზე ლიფტით 72 მეტრის სიმაღლეზე მოწყობილ სადამკვირვებლო მოედანზე ახვალთ, საიდანაც ძველი ქალაქის შესანიშნავი ხედი იშლება. გოთიკური არქიტექტურა და ულამაზესი კონსტრუქცია ნებისმიერ ტურისტს აღაფრთოვანებს.
შობის საკათედრო ტაძარი
რიგის შობის საკათედრო ტაძარი XIX საუკუნის ნაგებობაა (1876–1884). იგი ნეობიზანტიურ არქიტექტურულ სტილშია აგებული და თავისი გუმბათებით ქალაქის ცენტრის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ შენობად ითვლება. ეს ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი ტაძარია.
ლატვიის მეცნიერების აკადემია
ლატვიის მეცნიერების აკადემიას აუცილებლად უნდა ესტუმროთ რიგაში მოგზაურობისას. შენობის მე-17 სართულზე, დაახლოებით 65 მეტრის სიმაღლეზე, სადამკვირვებლო მოედანია მოწყობილი, საიდანაც მთელი ქალაქის პანორამული ხედები გადაგეშლებათ.
დაჯავშნე რიგის ღირსშესანიშნაობების ბილეთები და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!
ფრენები რიგაში
სად ვჭამოთ რიგაში?
რიგა არც გურმანებს გაუცრუებს იმედებს. აქ უგემრიელეს კერძებს დააგემოვნებთ. თუ მნიშვნელოვანი ვახშმის დაგეგმვა გსურთ, რიგაში საშუალება გექნებათ მიშელინის ვარსკვლავის რესტორნებში მიხვიდეთ.
რესტორნები
შემოგთავაზებთ რამდენიმე საუკეთესო რესტორანს რიგაში:
JOHN Chef’s Hall and Restaurant JOHN – ამ რესტორანს მიშელინის ვარსკვლავი აქვს დამსახურებული. აქაური კერძები კულინარიულ თავგადასავალს მოგიწყობთ – რეცეპტებში გამოყენებულია ლატვიური ინგრედიენტები.
Max Cekot Kitchen – მიშელინის ვარსკვლავის მქონე კიდევ ერთი რესტორანი, სადაც სადილი თეატრალურ წარმოდგენას ჰგავს – შეფი სტუმრებს სადეგუსტაციო მენიუს სთავაზობს. ადგილი წინასწარ დაჯავშნეთ.
Entresol – ამ რესტორანში ელეგანტური გარემო დაგხვდებათ. მენიუ მრავალფეროვანია და კერძები უგემრიელესი. რესტორანი უფრო მეტად ევროპულ კერძებს შემოგთავაზებთ.
სად ვჭამოთ ადგილობრივივით?
თუ ადგილობრივების გამოცდილების გაზიარება გსურთ, რამდენიმე ცნობილ ვარიანტს შემოგთავაზებთ.
The Three Chefs restaurant „Tam labam būs augt” – ამ რესტორანში დაგხვდებათ ძალიან მეგობრული და თბილი გარემო. აქ ადგილობრივ კერძებს დააგემოვნებთ ლატვიელი შეფების მომსახურებით.
Ferma – ამ რესტორანში კი ლატვიური პროდუქტებისაგან მზადდება ყველა კერძი. რესტორანი ცდილობს აჩვენოს ლატვიური კულინარიის პოტენციალი, მისი შეფები ევროპულ ტექნიკებს იყენებენ კერძების მომზადებისას.
ლატვიური კერძები და სასმელები
ლატვიური სამზარეულოს გასაცნობად აუცილებლად გასინჯეთ ნაცრისფერი ცერცვი შებოლილ ღორის ქონთან ერთად (pelēkie zirņi ar speķi), შავი ჭვავის პური (rupjmaize) და მისგან მომზადებული ფენოვანი დესერტი. სასმელებიდან ყველაზე ცნობილია რიგის შავი ბალზამი (Riga Black Balsam) – მცენარეული ლიქიორი, რომლის რეცეპტიც 1752 წლით თარიღდება. ადგილობრივ პროდუქტებს რიგის ცენტრალურ ბაზარზეც იპოვით.
რესტორნები ძველ ქალაქში
ძველი ქალაქი რიგის ცენტრალური უბანია. აქ ბევრი ღირსშესანიშნაობა მდებარეობს, ამიტომ შემოგთავაზებთ რამდენიმე პოპულარულ რესტორანს:
Neiburgs – ამ რესტორანში დაგხვდებათ ადგილობრივი კერძები, ლატვიური ინგრედიენტებითა და ევროპული ხედვებით მომზადებული კერძები და მყუდრო გარემო ხმადაბალი მუსიკის თანხლებით.
Burzma – ამ რესტორანს საკუთარი ბარიც აქვს. აქ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დაგხვდებათ კერძები. რესტორანი ძველი ქალაქის ცენტრში მდებარეობს, ამიტომ ღირსშესანიშნაობების დათვალიერების შემდეგ აქ ვახშამი მოსახერხებელია.
ტკბილეულის მოყვარულებისათვის
ტკბილეულის მოყვარულებმა არ უნდა გამოტოვოთ შესაძლებლობა, რიგის საცხობებს ეწვიოთ.
MĪKLA bakery – ამ საცხობში კრუასანების, დარიჩინის ხვეულების და სხვა ტკბილეულის სუნი დაგათრობთ. აუცილებლად უნდა გასინჯოთ აქაური დესერტები.
Mulberry – ამ საყვარელ კაფეში დილაობით კარგად საუზმობას შეძლებთ, აქ ყოველთვის დაგხვდებათ ახლად გამომცხვარი კრუასანები.
ახლოდან დანახული რიგა





სად ვიშოპინგოთ რიგაში?
რიგის საშოპინგო ცენტრებსა და ბაზრებში კარგად შეძლებთ შოპინგის სურვილის დაკმაყოფილებას. მოლები, საშოპინგო ქუჩები და ვინტაჟური მაღაზიები ყოველთვის მზად არიან, კარგი მასპინძლობა გაგიწიონ.
რომელია საუკეთესო საშოპინგო ცენტრები რიგაში?
Galleria Riga – ეს შოპინგ ცენტრი ქალაქის შუაგულში მდებარეობს, ამიტომ ძალიან პოპულარული ადგილია. თანაც, აქ დაგხვდებათ ცნობილი ბრენდების მაღაზიები.
Galerija Centrs – ეს სავაჭრო ცენტრი ძველ ქალაქში, ისტორიულ შენობაში მდებარეობს. აქ ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიებს, კაფეებსა და რესტორნებს ნახავთ.
რომელია საუკეთესო უბანი საშოპინგოდ?
Audēju – ეს ქუჩა ყველაზე პოპულარულია რიგაში საშოპინგოდ. აქ სხვადასხვა დიზაინერის ბევრი მაღაზია დაგხვდებათ და ორიგინალურ სამოსს აარჩევთ.
რიგის ცენტრალური ბაზარი
თუ გსურთ, თავი ადგილობრივად იგრძნოთ, აუცილებლად ეწვიეთ ამ ადგილს. გარდა იმისა, რომ ბაზარში უამრავი ადგილობრივი პროდუქტის გასინჯვის შესაძლებლობა გექნებათ, აქ შეგიძლიათ დააკვირდეთ კულტურულ თავისებურებებს და რიგის მოსახლეობის ცხოვრების ტემპს. ბაზრის პავილიონები XX საუკუნის 20-იან წლებში აშენდა ყოფილი ცეპელინების ანგარების ლითონის კონსტრუქციების გამოყენებით, 1998 წლიდან კი ბაზარი, ძველ რიგასთან ერთად, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილია.
ბერგას ბაზარი და სუვენირები
ბერგას ბაზარი (Berga Bazārs) – ქალაქის ცენტრში, XIX საუკუნის ბოლოს აშენებული სავაჭრო კვარტალი მყუდრო გასასვლელებითა და ეზოებით. აქ მაღაზიებს, კაფეებსა და რესტორნებს ნახავთ, პერიოდულად კი ადგილობრივი პროდუქტების ბაზრობაც იმართება.
სუვენირებად რიგიდან ხშირად ჩამოაქვთ ქარვის სამკაულები, სელის ნაწარმი, ხელნაკეთი შალის ნივთები და რიგის შავი ბალზამი.
გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი რიგაში? მაშინ დაჯავშნე ქუთაისი რიგა ავიაბილეთები დღესვე!
როდის არის საუკეთესო დრო რიგაში სამოგზაუროდ?
ზაფხულის თვეები ყველაზე პოპულარულია რიგაში სამოგზაუროდ. ამ დროს ქალაქის ქუჩების დათვალიერებას და პარკებში სეირნობას უპრობლემოდ შეძლებთ. თუმცა, პიკის სეზონზე ტურისტების რაოდენობა ძალიან დიდია, ამიტომ გირჩევთ მოგზაურობა გაზაფხულსა ან შემოდგომაზე დაგეგმოთ – ამ დროს ტურისტების ნაკადიც ნაკლებია და ამინდიც შესანიშნავი. გაზაფხულს განსაკუთრებით ალამაზებს აყვავებული ბაღები და პარკები. თუმცა, ზამთარში თუ გეგმავთ მოგზაურობას, თოვლიან ქუჩებში მოწყობილი საშობაო ბაზრებიც არ გაგიცრუებთ იმედებს. ქალაქი ნებისმიერ დროს დიდ თავგადასავლებს გაჩუქებთ.
არ გადადო. დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება!
როგორ გადავაადგილდეთ რიგაში?
რიგაში გადაადგილება საკმაოდ მარტივია. თქვენი მარშრუტის უკეთ დასაგეგმად კი გიზიარებთ საჭირო ინფორმაციას.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი
რიგის საზოგადოებრივი ტრანსპორტი რამდენიმე სახისაა – ავტობუსი, ტროლეიბუსი და ტრამვაი. ძირითადი მარშრუტები დილიდან გვიან საღამომდე მუშაობს, ღამით კი ცალკეული ღამის მარშრუტები დადის. განრიგსა და მარშრუტებს ნახავთ საიტზე: www.rigassatiksme.lv.
რაც შეეხება ბილეთებს:
- 24-საათიანი ბილეთი (ყველა ტრამვაის, ტროლეიბუსისა და ავტობუსის მარშრუტზე) – 5 €;
- იყიდება 3- და 5-დღიანი ბილეთებიც – აქტუალური ფასები გადაამოწმეთ rigassatiksme.lv-ზე.
ბილეთის გარეშე მგზავრობისთვის კონტროლიორი ჯარიმას დაგაკისრებთ, ამიტომ ბილეთი ტრანსპორტში ასვლისთანავე დაარეგისტრირეთ.
ტაქსი
უფრო კომფორტული მგზავრობისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ტაქსი. გაითვალისწინეთ, ტაქსის ტარიფი მანძილისა და დროის მიხედვით ანგარიშდება, ხოლო აპლიკაციით შეკვეთისას ფასს წინასწარ ნახავთ.
ისარგებლეთ მხოლოდ ოფიციალური ტაქსის სერვისებით:
- Bolt
- XTaxi
- Red Cab
მატარებელი
რიგის ცენტრალური რკინიგზის სადგურიდან ელექტრომატარებლები გარეუბნებსა და ახლომდებარე ქალაქებში დადის. ტურისტებში ყველაზე პოპულარულია მატარებლით მგზავრობა საკურორტო იურმალამდე, რომლის სანაპიროებამდეც დაახლოებით ნახევარ საათში მიაღწევთ. ბილეთის შეძენა სადგურის სალაროში ან აპლიკაციით შეგიძლიათ.
ელექტრო-სკუტერები და მოპედები
ელექტრო-სკუტერებითა და მოპედებით გადაადგილება რიგაში ჩვეულებრივი ამბავია. ასე ძალიან იაფად შეძლებთ მოგზაურობის დაგეგმვას.
- ელექტრო-სკუტერებით სამგზავროდ გამოიყენეთ: “Bolt” და “ATOM Mobility”
- მოპედებისთვის კი “Ride” and “Skok” (დაგჭირდებათ მართვის მოწმობა).
ველოსიპედი
რიგაში სპორტული ხალხი ცხოვრობს. აქაურებს სეირნობა განსაკუთრებულად უყვართ. შეგიძლიათ რიგაში მოგზაურობისას თქვენც იქირავოთ ველოსიპედი და გაისეირნოთ მდინარის სანაპიროზე, დატკბეთ რიგის ულამაზესი ბუნებითა და ღირსშესანიშნაობებით.
რომელია საუკეთესო პარკები რიგაში?
რიგა მრავალფეროვანი ქალაქია – ერთი მხრივ თუ თანამედროვე შენობებს, ფერად არქიტექტურას დაგახვედრებთ, მეორე მხრივ განტვირთვისა და დასვენებისთვის მყუდრო ატმოსფეროს დაგახვედრებთ ლამაზი მცენარეებით გაწყობილ ბაღებში.
ვერმანის პარკი
ვერმანის პარკი (Vērmane Garden) – რიგის ერთ-ერთი უძველესი საზოგადო პარკია. იგი ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ვერმანის პარკში კაფეებიც დაგხვდებათ და ნაყინის გასაყიდი სტენდებიც. აქ დასვენებასა და ქალაქური ცხოვრებისაგან განტვირთვასაც შეძლებთ.
ბიკერნიკის ტყე-პარკი
ბიკერნიკის ტყე-პარკი (Biķernieki) – იდეალური ადგილია სასეირნოდ. აქ ულამაზესი გამწვანებული არეალი, სასეირნო ბილიკები, მაღალი ხეები და ბიკერნიკის მემორიალი დაგხვდებათ. ეს უკანასკნელი ეძღვნება ჰოლოკოსტის ხსოვნას.
ვისტურსის პარკი
ვისტურსის პარკი (Viesturdārzs) – ქალაქის ერთ-ერთი უძველესი პარკი, სადაც 1873 წელს პირველი ლატვიური სიმღერის ფესტივალი გაიმართა. გარდა მშვენიერი ბაღებისა, ულამაზესი მცენარეებისა და ხეებისა, აქ სპორტული აქტივობებით გართობასაც შეძლებთ, მაგალითად ტენისის თამაშს.
რიგის ზოოპარკი
რიგის ზოოპარკი (Riga ZOO) – 1912 წელს გახსნილი ზოოპარკი ბალტიისპირეთის ერთ-ერთი უძველესია. აქ ასობით სახეობის ცხოველს ნახავთ – დიდი ძუძუმწოვრებიდან დაწყებული, ფრინველებით, ქვეწარმავლებითა და თევზებით დამთავრებული. ზოოპარკი მეჟაპარკის მწვანე უბანში მდებარეობს, ამიტომ ვიზიტი ტყე-პარკში სეირნობასაც შეგიძლიათ დაუკავშიროთ.
ბასტიონის გორაკი
ბასტიონის გორაკი (Bastion Hill) – რომანტიკული ადგილია ცენტრალურ რიგაში. ამ პარკში დაგხვდებათ ულამაზესი ატმოსფერო ზაფხულსა თუ ზამთარში. პარკი თავისუფლების მონუმენტთან ახლოს მდებარეობს.
კრონვალდის პარკი
კრონვალდის პარკი (Kronvalda parks) – მწვანე პარკი ქალაქის ცენტრში, რიგის არხის ნაპირზე. აქ მყუდრო ხეივნებს, პატარა ხიდებსა და წყალსატევებს ნახავთ, თბილ სეზონზე კი არხზე ნავით გასეირნებაც შეგიძლიათ. პარკი ძველ ქალაქთან ახლოს მდებარეობს, ამიტომ ღირსშესანიშნაობების დათვალიერების შემდეგ დასასვენებლად იდეალურია.
გადაწყვიტე მოიწყო საინტერესო მოგზაურობა რიგაში? მაშინ იაფი ფრენები რიგაში სწორედ შენთვისაა!
ხშირად დასმული კითხვები რიგაზე
რამდენი დღეა საკმარისი რიგის მოსანახულებლად?
3-4 დღე იდეალური დროა რიგაში სამოგზაუროდ, რათა მოასწროთ ყველაფრის დათვალიერება.
რა უნდა წავიღოთ რიგაში?
პირველ რიგში, არ დაგავიწყდეთ მოგზაურობისათვის აუცილებელი დოკუმენტების მომზადება, იქნება ეს პასპორტი თუ პირადობის მოწმობა. ასევე, წაიღეთ რაც შეიძლება კომფორტული და სეზონისთვის შესაფერისი ტანსაცმელი და შეამოწმეთ ყველა გაჯეტი და დამტენი. უმჯობესი იქნება, თუ წაიღებთ კომფორტულ ზურგჩანთას. ასევე, საჭიროებისამებრ, გირჩევთ წაიღოთ პორტატული დამტენი და ფოტოების გადაღების მოყვარულებს, არ დაგრჩეთ ფოტოაპარატიც. საღამოობით ნებისმიერ სეზონზე შედარებით ცივა, ამიტომ თბილი ტანსაცმელი ნებისმიერ სეზონზე უნდა წაიღოთ – ზაფხულშიც თან იქონიეთ გრძელმკლავიანი მაისური.
რით არის გამორჩეული რიგა?
თავისი მრავალფეროვანი არქიტექტურული სტილით აგებული შენობებით, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობით. ასევე, ქალაქი ცნობილია სპორტის სიყვარულით. ამიტომ, თუ თქვენც ქომაგი ხართ, რიგაში მოგზაურობა განსაკუთრებით მოგეწონებათ. შეგიძლიათ ბედიც გამოსცადოთ სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში.
რამდენად ძვირია რიგა?
რიგა დასავლეთ ევროპის ქალაქებთან შედარებით იაფი სამოგზაურო ადგილია. აქ კვებასაც და სასტუმროში დასვენებასაც იაფად შეძლებთ. დანარჩენი ხარჯები კი თქვენზეა დამოკიდებული, როგორ გაანაწილებთ ბიუჯეტს გართობასა და ღირსშესანიშნაობების დათვალიერებაზე. თუმცა, რიგის მუზეუმებში ვიზიტიც საკმაოდ იაფია.
რამდენად უსაფრთხოა რიგაში მოგზაურობა?
რიგა ზოგადად უსაფრთხო ქალაქად ითვლება, თუმცა, როგორც ნებისმიერ ტურისტულ ქალაქში, ხალხმრავალ ადგილებში – ძველ ქალაქში, ბაზარსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში – ფრთხილად იყავით ჯიბის ქურდებთან. თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ღამით კი აარიდეთ თავი ცუდად განათებულ, უკაცრიელ ქუჩებს და ისარგებლეთ ოფიციალური ტაქსით.
როდის არის საუკეთესო დრო რიგაში სამოგზაუროდ?
გირჩევთ, რომ ფრენები რიგაში შეიძინოთ გაზაფხულსა ან შემოდგომაზე, რადგან ამ დროს ხალხის ნაკადი ნაკლებია და უფრო თავისუფლად შეძლებთ მისი ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას.
რომელია რიგასთან ყველაზე ახლო აეროპორტი?
RIX – რიგის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარეობს.
როგორ გავემგზავროთ საქართველოდან რიგაში?
თბილისიდან რიგაში პირდაპირ ფრენას ავიაკომპანია airBaltic ასრულებს, ასევე ხელმისაწვდომია გადაჯდომით ფრენები ევროპისა და თურქეთის აეროპორტების გავლით. ქუთაისიდან და ბათუმიდან ფრენების არსებობა და სიხშირე სეზონზეა დამოკიდებული – აქტუალური რეისები და ფასები გადაამოწმეთ avia.ge-ზე.
რომელი ავიაკომპანიები დაფრინავენ საქართველოდან რიგაში?
თბილისიდან რიგაში პირდაპირ დაფრინავს airBaltic, გადაჯდომით კი – LOT, Lufthansa, Turkish Airlines და სხვა ავიაკომპანიები. ქუთაისიდან რეისებს სეზონურად Wizz Air-ის მარშრუტებიც სთავაზობს, ბათუმიდან კი ძირითადად გადაჯდომით შეძლებთ მგზავრობას. კონკრეტული თარიღებისთვის ყველა ვარიანტი avia.ge-ზე შეადარეთ.
როგორ შევიძინოთ რიგის იაფი ავიაბილეთები?
მოგზაურობის მაქსიმალურად ბიუჯეტურად დაგეგმვისათვის, პირველ რიგში აუცილებელია 1 ან 2 თვით ადრე შეიძინოთ ავიაბილეთები და დასვენება არ დაამთხვიოთ დიდ დღესასწაულებს. ასევე, საუკეთესო ფასების მისაღებად უნდა გამოიყენოთ ავიაბილეთების საძიებო სისტემა, როგორიცაა avia.ge
დამატებითი რეკომენდაციები
გაეცანი სხვა მნიშვნელოვან დეტალებს რიგაში მოგზაურობის წინ
















