ცენტრალური ევროპის დიდებული ქვეყანა გერმანია მოგზაურებისთვის საოცნებო ადგილია. ბრანდენბურგის კარიბჭე თუ კიოლნის საკათედრო ტაძარი, მსოფლიო დონის მუზეუმები, ზღაპრული სასახლეები და არქიტექტურული ძეგლები – აქაურობა საოცარ თავგადასავალს გიმზადებთ. ბერლინი, მიუნხენი, ჰამბურგი, ფრანკფურტი, შტუტგარტი, დიუსელდორფი თუ დორტმუნდი – არჩევანი თქვენზეა. ამ გზამკვლევში მოგიყვებით გერმანიის ღირსშესანიშნაობებზე, ფესტივალებზე, საშოპინგო ადგილებსა და ცნობილ კერძებზე, ხოლო avia.ge-სთან ერთად მოგზაურობას მარტივად და იაფად დაგეგმავთ.
გერმანია – გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის
რომელი ქალაქები მოვინახულოთ გერმანიაში?
გერმანია ცნობილი ქალაქების მთელ სიას შემოგთავაზებთ. მისი ყველა ქალაქი თავისებურად გამორჩეული და საინტერესოა. ყველაზე პოპულარულ ქალაქებს ქვემოთ გაგაცნობთ.
ბერლინი
გერმანიაზე ლაპარაკი ცხადია მისი მაგიური დედაქალაქით უნდა დავიწყოთ. ბერლინის კედელი, ბრანდენბურგის კარიბჭე, დედაქალაქის ულამაზესი კათედრალი, მდინარის სანაპირო ზოლი თუ გართობის უამრავი შესაძლებლობა – ბერლინი ერთი ნახვით შეყვარების ქალაქია.
მიუნხენი
მიუნხენი გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი და მსოფლიოში ცნობილი ქალაქია. აქ დაგხვდებათ ულამაზესი ბაღები, გერმანიის მუზეუმი, სამეფო სასახლეები და რეზიდენციები.
შტუტგარტი
შტუტგარტი ქვეყნის ინდუსტრიული და ტექნოლოგიურად განვითარებული მხარეა. აქ გერმანიის მანქანების ცნობილი მუზეუმები დაგხვდებათ.
ფრანკფურტი
ფრანკფურტი ცნობილია თავისი მაღალი შენობებით, მდიდრული სასტუმროებით, ულამაზესი მწვანე სივრცეებითა და კომერციულად მნიშვნელოვანი უბნებით.
ლაიფციგი
ლაიფციგი კლასიკური მუსიკის, ისტორიული და კულტურული მრავალფეროვნებისა და კონცერტების სამშობლოა. აქ მსოფლიო დონის მუზეუმებს ნახავთ.
ნიურნბერგი
ნიურნბერგმა დიდი როლი შეასრულა მე-20 საუკუნეში. სწორედ აქ გაიმართა ნაცისტური გერმანიის მესვეურების სასამართლო პროცესი. ქალაქში ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს დაათვალიერებთ.
დორტმუნდი
დორტმუნდი ერთი მხრივ ფეხბურთისა და ლუდის, მეორე მხრივ კი კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ქალაქია. აქ ნახავთ მეორე მსოფლიო ომის მუზეუმებს, კულტურულ ძეგლებს, უზარმაზარ სტადიონსა და გოთიკური და ბაროკოს ტიპის არქიტექტურის ტაძრებს.
დიუსელდორფი
დიუსელდორფი რაინის მხარის სიდიდით მეორე ქალაქია. აქაურობა განსაკუთრებით ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს მოეწონებათ. თუმცა ქალაქში მუზეუმები, გალერეები, ტაძრები და ბაზილიკები დაგხვდებათ სხვადასხვა ეპოქებიდან.
ჰამბურგი
ჰამბურგი გერმანიის სიდიდით მეორე ქალაქია. აქ ჯგუფმა ბიტლზმა პირველი კონცერტები გამართა. ჰამბურგის პორტი კი მსოფლიო ვაჭრობაში დიდ როლს ასრულებდა სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში.
ჰანოვერი
ჰანოვერი სიმშვიდის მოყვარულთათვისაც კარგი არჩევანი იქნება. ქალაქის გამწვანება მთელი ევროპის მასშტაბით სახელგანთქმულია. აქაური უდიდესი ბაღები და პარკები კი მუდამ ხალხითაა სავსე.
კიოლნი
კიოლნი საუნივერსიტეტო ქალაქია, რაც მის მოწყობასა და ადგილობრივების ცხოვრებაზე კარგად აისახება. ქალაქის ყველაზე დიდი ღირსება მისი რომანული სტილის ეკლესიები და არქიტექტურული მნიშვნელობის ნაგებობებია.
მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას



რა ვნახოთ გერმანიაში?
გერმანიის ქალაქები მსოფლიო მნიშვნელობის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას ინახავს. ქვეყანა სავსეა მუზეუმებით, გალერეებითა თუ ციხე-კოშკებით.
ბრანდენბურგის კარიბჭე
ბრანდენბურგის კარიბჭე ბერლინის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. იგი პრუსიის მეფის ფრიდრიხ ვილჰელმ მეორის დროს აიგო და დღეს სიმბოლურად მშვიდობასა და გერმანიის ერთობას გამოხატავს. იგი წარმოადგენს ნეოკლასიკურ მონუმენტს. გარდა ისტორიული ღირებულებისა, იგი არქიტექტურული თვალსაზრისითაც თვალწარმტაცია. ბრანდენბურგის კარიბჭე აუცილებლად დიდხანს გემახსოვრებათ.
ბერლინის საკათედრო ტაძარი
ბერლინის საკათედრო ტაძარი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ღირსშესანიშნაობაა. გარდა საოცარი არქიტექტურული თავისებურებებისა, იგი თავისი ისტორიითაც გაგაკვირვებთ. გერმანული კულტურისა და არქიტექტურის უკეთ შესასწავლად, აუცილებლად გირჩევთ მის მონახულებას.
ნიმფებურგის სასახლე
ნიმფებურგის სასახლე საუკუნეებს ითვლის, რაც მის არქიტექტურულ სტილზეც კარგად აისახება. გაგაოცებთ როგორც მისი ინტერიერი, ასევე ექსტერიერი. სასახლე ბაროკოს სტილშია აგებული და მისი ყველა დეტალი გამოირჩევა გრანდიოზულობითა და მასიური ელემენტებით. აუცილებლად დაათვალიერეთ სასახლის გარშემო მოწყობილი მდიდრული ბაღებიც.
ბავარიის ეროვნული მუზეუმი
ბავარიის ეროვნული მუზეუმი მიუნხენში დეკორაციული ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმია ევროპაში. აქ მთელი ევროპიდან დაგხვდებათ სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშები.
წმინდა ლამბერტის ბაზილიკა
დიუსელდორფში მდებარე ეს ბაზილიკა შუასაუკუნეების ისტორიული ძეგლია. ეს კათოლიკური ტაძარი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ძველი შენობაა. ბაზილიკის შიგნით არსებული ჰარმონიული გარემო და ულამაზესი არქიტექტურა არცერთ მნახველს არ დატოვებს გულგრილს.
ბერლინის კედელი
ბერლინის კედელი არა მხოლოდ გერმანიის, არამედ მთელი მსოფლიოს ისტორიის სიმბოლური ძეგლია. იგი ცივი ომის მთავარ შემორჩენილ ნაგებობად იქცა. ბერლინის კედელი წარმოადგენდა გამყოფ ზოლს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ერთგვარ პოლიტიკურ გამყოფს დასავლური და აღმოსავლური პოლიტიკური სექტორებისა. მისი დანგრევა კი ცივი ომის სიმბოლურ დასასრულად იქცა. დღეს მისი შემორჩენილი ნაწილი მოსახლეობას მძიმე წარსულს ახსენებს, თუმცა როგორც ხელოვნების ნიმუში და ისტორიული პერიოდის შემახსენებელი ძეგლი, ძალიან დიდი ფუნქციის მატარებელია.
ნოიშვანშტაინის სამეფო სასახლე
ნოიშვანშტაინის სამეფო სასახლე ბავარიაში, ქალაქ ფიუსენთან (შვანგაუ) მდებარეობს, მიუნხენიდან დაახლოებით 2 საათის სავალზე. იგი სამეფო რეზიდენციისთვის შენდებოდა მე-19 საუკუნეში, თუმცა მეფის სიკვდილის შემდეგ მისი მშენებლობა არ დასრულებულა და საზოგადოებისთვის გაიხსნა მალევე. ყოველ წელს მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს მას. შენობა მდებარეობს კლდოვან ტერიტორიაზე და მართლაც მაგიურ ადგილს წააგავს.
გერმანიის მუზეუმი
მიუნხენში მოგზაურობა საშუალებას მოგცემთ დააკვირდეთ თუ რა არის გერმანიის წინსვლის საიდუმლო. გერმანიის მუზეუმი ტექნოლოგიურ სიახლეებს გაგაცნობთ გერმანიაში. მუზეუმის კოლექცია ფრთხილადაა შერჩეული და ტექნოლოგიური ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშებს მოიცავს. აქ ვიზიტი მე-20 საუკუნის აღმოჩენების შესწავლის საშუალებას მოგცემთ.
კიოლნის საკათედრო ტაძარი
კიოლნში ყოფნის დროს კი აუცილებლად ეწვიეთ მის საკათედრო ტაძარს. იგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შენობაა გერმანიაში. ტაძარი თავს იწონებს თავისი არქიტექტურული სტილით – ეს გოთიკური ნაგებობა 1880–1884 წლებში მსოფლიოს უმაღლეს შენობადაც ითვლებოდა.
ნიურნბერგის სასამართლო პროცესის მემორიალი
ნიურნბერგში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, 1945–1946 წლებში, ნაცისტური გერმანიის მთავარი დამნაშავეები გასამართლდნენ. ამ მოვლენის სამახსოვროდ დღემდე შემორჩენილია სასამართლოს მემორიალი. აქ ვიზიტისას თქვენ წინაშე მეოცე საუკუნის უმძიმესი და უმნიშვნელოვანესი კადრები გაცოცხლდება.
დაჯავშნე გერმანიის ღირსშესანიშნაობების ბილეთები და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!
ფრენები გერმანიაში
რა ვჭამოთ გერმანიაში?
გერმანია კულინარიის მოყვარულებს ნამდვილად არ გაგიცრუებთ იმედებს. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც ადგილობრივი, ასევე მსოფლიო დონის სამზარეულო. ქვეყანაში პოპულარულია სწრაფი კვებაც, სადაც იაფად შეძლებთ ისადილოთ.
კარივურსტი
ეს კერძი (Currywurst) გერმანიის ერთგვარი კულინარიული სიმბოლოა. გარდა გემოვნური მახასიათებლებისა, მისი ისტორიაც მნიშვნელოვანია. ომის შემდგომი ბერლინელებისთვის ეს კერძი გახდა სწორედ ყოველდღიური მოხმარების საკვები – იგი წარმოადგენს დაჭრილ შემწვარ სოსისს, რომელსაც კარის ფხვნილით შეზავებულ კეტჩუპს ასხამენ და, როგორც წესი, კარტოფილის ფრისთან ან ფუნთუშასთან ერთად მიირთმევენ. როგორც გერმანელები აღნიშნავენ, რეცეპტი საიდუმლო ინგრედიენტებსაც შეიცავს.
შავი ტყის ნამცხვარი
ეს ნამცხვარი (Black Forest Gateau) გახლავთ შოკოლადისა და ალუბლის კომბინაცია. რამდენიმე ფენა შოკოლადის, კრემისა და ალუბლების მონაცვლეობა ნამდვილ გემოვნულ სასწაულს ქმნის. გერმანიაში ყოფნისას არ დაგავიწყდეთ მისი გასინჯვა. იმ შემთხვევაშიც კი თუ ტკბილეული დიდად არ გიყვართ, მაინც კმაყოფილი დარჩებით.
ლებერკეზევეგლა
ეს ბავარიული სენდვიჩია (Leberkäsweggla): ფუნთუშაში ჩადებული ლებერკეზეს – ცხობით მომზადებული ნაზი ხორცის რულეტის – სქელი ნაჭერი, როგორც წესი, მდოგვით. სახელის მიუხედავად, ბავარიულ ლებერკეზეში ღვიძლი და ყველი, ჩვეულებრივ, არ არის. იგი განსაკუთრებით პოპულარულია სამხრეთ გერმანიასა და ავსტრიაში – საუზმედ თუ სწრაფ წასახემსებლად.
თევზის სენდვიჩი
თევზის სენდვიჩი (Fischbrötchen) განსაკუთრებით ჩრდილოეთ გერმანიის საპორტო ქალაქებშია პოპულარული, მათ შორის ჰამბურგში, სადაც ის ერთ-ერთ მთავარ სასუსნავად ითვლება. ფუნთუშაში დებენ მარინადიან ქაშაყს (მაგ. Bismarckhering), შებოლილ ან შემწვარ თევზს ან კრევეტებს და ამატებენ ხახვს, მწნილს ან სოუსს.
ზაუერბრატენი
ეს (Sauerbraten) ტრადიციული გერმანული კერძია. იგი წარმოადგენს სხვადასხვა სოუსებში მომზადებულ, კარგად დამარინადებულ ხორცს. იგი გერმანულ სტილში სერვირდება და მისი გასინჯვა ფაქტობრივად კულტურული გამოცდილების მიღების ტოლფასია.
ბრეტზელები
გერმანიის ქალაქები ცომ-ფუნთუშეულის მრავალფეროვნებითაც გაგაკვირვებთ. ბრეთზელები (pretzels) გერმანული მარილიანი პურია. ისინი შეგიძლიათ საცხობებსა თუ მაღაზიებში შეიძინოთ და სეირნობისას თან მიირთვათ. ან გერმანულ ტრადიციულ საჭმელს მიატანოთ.
შემწვარი იხვი
შემწვარი იხვი ევროპის ერთ-ერთი დამახასიათებელი კერძია. მას განსაკუთრებით დღესასწაულებზე ამზადებენ, თუმცა ბერლინში ყოფნის დროს ნებისმიერ სეზონზე შეძლებთ მის პოვნას. თუ ხორცის მოყვარული ხართ, აუცილებლად გირჩევთ ამ კერძის დაგემოვნებას.
ნიურნბერგული სოსისები ფუნთუშაში
ეს კერძი (Drei im Weggla – ფრანკონიულ დიალექტზე „სამი ფუნთუშაში“) ნიურნბერგის სწრაფი კვების კლასიკაა: ფუნთუშაში სამი პატარა შემწვარი ნიურნბერგული სოსისი (Nürnberger Rostbratwurst), რომელსაც, როგორც წესი, მდოგვით მიირთმევენ. მას ნიურნბერგის ქუჩის ჯიხურებსა და ბაზრობებზე ყველგან შეხვდებით – მარტივი და უგემრიელესი არჩევანია სეირნობისას.
შნიცელი
გერმანიაში ყოფნისას არ დაგავიწყდეთ შნიცელის გასინჯვა. ეს არის თხლად დაბრტყელებული ხორცი (როგორც წესი, ღორის ან ხბოს), რომელსაც პურის ფქვილში ამოავლებენ და შეწვავენ. ხშირად ლიმონთან, კარტოფილის სალათთან ან კარტოფილის ფრისთან ერთად მიირთმევენ. მისი გემო აუცილებლად გაგაოცებთ, თუ ხორციანი კერძები გიყვართ.
კლოპსე
კლოპსე (Königsberger Klopse) ხორცის ბურთულებია, რომელიც კრემიან სოუსთან ერთად მზადდება. თუ ხორცის მოყვარული ხართ, აუცილებლად დააგემოვნეთ ეს კერძი.
ახლოდან დანახული გერმანია





სად ვიშოპინგოთ გერმანიაში?
გერმანიაში შოპინგსაც იდეალურად შეძლებთ. აქ ნახავთ როგორც თანამედროვე შოპინგ-ცენტრებსა და მაღალი კლასის მაღაზიებს, ასევე ვინტაჟურ მაღაზიებსა და ფლი-მარკეტებს.
სად არის დიდი სავაჭრო ცენტრები?
დიდ ქალაქებში თანამედროვე სავაჭრო ცენტრებს მარტივად იპოვით. ბერლინში ეწვიეთ Mall of Berlin-ს (ლაიფციგის მოედანთან) და ცნობილ უნივერმაღ KaDeWe-ს, ჰამბურგში – Europa Passage-ს, მიუნხენში – Olympia-Einkaufszentrum-ს (OEZ), ხოლო ფრანკფურტში – Zeil-ზე მდებარე MyZeil-ს.
ყველაზე იაფი ქალაქები საშოპინგოდ
ბერლინი იდეალურია ბიუჯეტურად საშოპინგოდ. აქ შეძლებთ საკმაოდ იაფად შეიძინოთ ადგილობრივი პროდუქცია, სუვენირები, ტანსაცმელი თუ აქსესუარები ფლი-მარკეტებსა და ვინტაჟურ მაღაზიებში. მიუნხენში შედარებით უფრო მაღალი კლასის ბრენდებს ნახავთ, ხოლო ჰამბურგი იდეალური ნაზავია ბიუჯეტური და მაღალი დონის შოპინგის.
ყველაზე ცნობილი ქუჩები საშოპინგოდ
- ბერლინში: Kurfürstendamm (Ku’damm) – ცნობილი ბულვარი უამრავი მაღაზიით, კაფე-რესტორნითა და გასართობი ადგილით.
- ჰამბურგში: Mönckebergstraße („Mö“) – ქუჩა მთავარ რკინიგზის სადგურსა და რატუშას შორის, დიდი უნივერმაღებითა და ბრენდების მაღაზიებით.
- დიუსელდორფში: Königsallee – არხის გასწვრივ გაშენებული ბულვარი მდიდრული მაღაზიებითა და ბუტიკებით.
- ფრანკფურტში: Zeil – ქალაქის მთავარი სავაჭრო ქუჩა, სადაც ადგილობრივ მაღაზიებსაც და საერთაშორისო ბრენდებსაც ნახავთ.
- მიუნხენში: Kaufingerstraße და Neuhauser Straße – ფეხით მოსიარულეთა ქუჩები მარიენპლაცთან, ტანსაცმლის, წიგნებისა და აქსესუარების მაღაზიებით. დამღლელი დღის შემდეგ აქვე შეგიძლიათ ტრადიციული კერძებიც დააგემოვნოთ.
- კიოლნში: Schildergasse – გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი სავაჭრო ქუჩა.
საშობაო ბაზრობები
ნოემბრის ბოლოდან შობამდე გერმანიის თითქმის ყველა ქალაქში საშობაო ბაზრობები (Weihnachtsmarkt) იმართება. აქ შეიძენთ ხის სათამაშოებს, სანთლებს, საშობაო მორთულობასა და ადგილობრივ ტკბილეულს – მაგალითად, ნიურნბერგულ ლებკუხენს ან დრეზდენულ შტოლენს. ყველაზე ცნობილია ნიურნბერგის Christkindlesmarkt და დრეზდენის Striezelmarkt, რომელიც გერმანიის უძველეს საშობაო ბაზრობებს შორისაა.
გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი გერმანიაში? მაშინ დაჯავშნე თბილისი ბერლინის ავიაბილეთები ახლავე!
როდის არის საუკეთესო დრო გერმანიაში სამოგზაუროდ?
გაზაფხული-ზაფხულის თვეები ამინდის მხრივ იდეალურია გერმანიაში სამოგზაუროდ. ამ დროს შეძლებთ უპრობლემოდ სეირნობას მის ქალაქებში, ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას, და ღია სივრცეებში ყოფნას. ზაფხულში შეძლებთ ბევრ ფესტივალს დაესწროთ და ქვეყნის ბუნებასა თუ მის პორტებში ბევრი ისეირნოთ. წელიწადის ნებისმიერ სეზონზე გერმანიის სხვადასხვა ქალაქში თქვენს გემოზე დასვენებას უპრობლემოდ შეძლებთ. შემოდგომა მუზეუმებისა და კულტურული ღონისძიებებისთვის კარგი სეზონია. ხოლო ზამთარში აქ საშობაო ბაზრები და ულამაზესად მორთული ქუჩები დაგხვდებათ. არჩევანი თქვენზეა, გერმანია ნებისმიერ დროს საუკეთესო მასპინძლობას გაგიწევთ.
არ გადადო! დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება.
როგორ გადავაადგილდეთ გერმანიაში?
გერმანიაში გადაადგილებას ძალიან მარტივად შეძლებთ. აქ შეგიძლიათ უბრალოდ ფეხით ისეირნოთ და ქალაქების ხედებით დატკბეთ, ან გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც საკმაოდ გამართული სისტემით ფუნქციონირებს.
ტრამვაი
გერმანიის ბევრ ქალაქში გადაადგილების მოსახერხებელი საშუალებაა ტრამვაი (Straßenbahn). გერმანიაში ტრამვაი XIX საუკუნიდან მოძრაობს – მსოფლიოში პირველი ელექტრო ტრამვაი 1881 წელს ბერლინთან, ლიხტერფელდეში ამოქმედდა. ერთჯერადი ბილეთი ქალაქის მიხედვით დაახლოებით 3–4 ევრო ღირს და, როგორც წესი, ავტობუსსა და მეტროშიც მოქმედებს.
მატარებელი
გერმანიის მატარებლები Deutsche Bahn ქალაქებს შორის მარტივად და სწრაფად გადაადგილების საშუალებას მოგცემთ. მატარებლების სისტემა ძალიან გამართულია გერმანიაში. 6 წლამდე ბავშვები უფასოდ მგზავრობენ, 6–14 წლის ბავშვები კი – მაშინაც, თუ მშობელთან ან ბებია-ბაბუასთან ერთად მოგზაურობენ და ბილეთში არიან დამატებულები.
ფეხით
გერმანია ნამდვილად არის ის ქვეყანა, სადაც ფეხით სეირნობისას ტკბობა შეგიძლიათ. გირჩევთ, მოგზაურობის დრო მაქსიმალურად გამოიყენოთ და ქვეყნის ისტორიულ ქუჩებში რაც შეიძლება მეტი იაროთ. თანაც, აქაურ პარკებსა და ბაღებსაც მეტად მოინახულებთ ფეხით სეირნობისას.
მეტრო
მეტრო გერმანიაში სწრაფი საშუალებაა გადაადგილებისათვის. იგი ორ ნაწილად S-bahn და U-bahn სისტემებად იყოფა. U-bahn ძირითადად მიწის ქვეშ დადის, ხოლო S-bahn მიწის ზემოთაც მოძრაობს. ბილეთი იგივეა, რაც ტრამვაისა და ავტობუსისთვის – ერთჯერადი დაახლოებით 3–4 ევრო ღირს, რამდენიმე დღით ჩასვლისას კი დღიური ბილეთი უფრო ხელსაყრელია.
ფლიქსბასი
ფლიქსბასი FlixBus – გერმანიის ქალაქებს შორის გადაადგილების ბიუჯეტური საშუალებაა, მატარებელთან შედარებით. ფლიქსბასი მთელი ევროპის მასშტაბით მოქმედი ავტობუსების სისტემაა. სხვა ქვეყანაში მგზავრობასაც უპრობლემოდ შეძლებთ ფლიქსბასით გერმანიის სხვადასხვა ქალაქიდან.
კონცერტები და ფესტივალები გერმანიაში
გერმანია კონცერტების, ფესტივალებისა და სხვადასხვა კულტურული დღესასწაულების მთელ სიას შემოგთავაზებთ. მის ქალაქებს მხიარულება და საინტერესო ტურისტული ღონისძიება არ აკლიათ.
ოქტომბერფესტი
ოქტომბერფესტი (Oktoberfest) – უდიდესი ფესტივალია მიუნხენში. დაახლოებით 2,5-კვირიანი ზეიმი სექტემბრის მეორე ნახევარში იწყება, ოქტომბრის პირველ დღეებში სრულდება და მნახველებს სთავაზობს ბავარიული ლუდისა და საჭმლის მთელ ასორტიმენტს ლაივ ბენდების მუსიკის თანხლებით.
ბერლინალი
ბერლინალი (Berlinale) – კინოს ფესტივალი ბერლინში. იგი თებერვალში ეწყობა და კანისა და ვენეციის ფესტივალებთან ერთად მსოფლიოს უმსხვილეს კინოფესტივალებს შორისაა. კინოსა და ხელოვნების მოყვარულებმა ეს ფესტივალი არ უნდა გამოტოვოთ.
მიუნხენის ოპერის ფესტივალი
მიუნხენის ოპერის ფესტივალი (Munich Opera Festival) – დაუვიწყარ გამოცდილებას პირდება ადამიანებს, ვინც კონცერტებით, ბალეტითა და მუსიკითაა გატაცებული. იგი ივლისში იმართება და მსოფლიო დონის პერფორმანსებს სთავაზობს მნახველს.
როკის ფესტივალი
როკის ფესტივალი (Rock im Park) – როკის დიდი დღესასწაულია ნიურნბერგში. იგი ყოველწლიურად ივნისში, 3 დღის განმავლობაში იმართება. აქ მოისმენთ როკ-მუსიკას ლაივში და იმხიარულებთ საყვარელ ადამიანებთან და ბავარიულ ლუდთან ერთად.
კიოლნის კარნავალი
კიოლნის კარნავალი (Karneval, Cologne) – გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი ქუჩის დღესასწაულია. კარნავალის სეზონი 11 ნოემბერს იხსნება, მთავარი დღეები კი თებერვალში ან მარტის დასაწყისში იმართება. აქ ადამიანები მარშებს აწყობენ და სხვადასხვა კოსტიუმებში არიან გამოწყობილები. კიოლნის კარნავალის დროს იმართება პარადები და დიდი მსვლელობები.
შტუტგარტის ლუდის ფესტივალი
შტუტგარტის ლუდის ფესტივალი (Cannstatter Volksfest, Stuttgart) – მსოფლიოს მეორე უდიდესი ლუდის დღესასწაულია. იგი სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის დასაწყისში მიმდინარეობს. ფესტივალზე ადამიანები სინჯავენ სხვადასხვა ტიპის ლუდს, ეწყობა ღონისძიებები და მუშაობს ატრაქციონები.
გადაწყვიტე გერმანიაში მოგზაურობა? მაშინ მიიღე საუკეთესო შეთავაზებები და დაჯავშნე იაფი ფრენები ბერლინში.
ხშირად დასმული კითხვები გერმანიაზე
გერმანიის რომელ ქალაქებს უნდა ვესტუმროთ?
ცხადია, უნდა დაიწყოთ ბერლინით. ასევე, რეკომენდაციას გავუწევდით დორტმუნდში, ჰამბურგში, მიუნხენში, კიოლნსა და ფრანკფურტში მოგზაურობას.
რა უნდა წავიღოთ გერმანიაში?
პირველ რიგში, ფრენისათვის საჭირო ნივთების წაღება არ დაგავიწყდეთ, იქნება ეს დოკუმენტები, პასპორტი თუ კომფორტული ბალიში. ასევე, შეამოწმეთ ყველა გაჯეტი და დამტენი. გერმანიაში ბევრი სიარული მოგიწევთ, ამიტომ სპორტული ფეხსაცმელი და კომფორტული ტანსაცმელი აუცილებელია. გერმანიის ბარებში სტუმრობას თუ აპირებთ, ასევე გირჩევთ შესაბამისი ტანსაცმელიც წაიღოთ. მის ქალაქებში ხშირად წვიმს, ამიტომ საწვიმარი ან ქოლგაც არ დაგავიწყდეთ.
რით არის გამორჩეული გერმანია?
გერმანია ცნობილია თავისი კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებით. მისი ქალაქები იდეალურია გართობისა და დასვენებისთვისაც. ამასთან, ქვეყანას ულამაზესი ბუნებაც აქვს.
რამდენად ძვირია გერმანია?
გერმანიაში ფასები დასავლეთ ევროპის საშუალო დონისაა – აღმოსავლეთ ევროპაზე ძვირი, თუმცა შვეიცარიასა თუ სკანდინავიაზე იაფი. ბიუჯეტის დაზოგვა მაინც შესაძლებელია: აქ ნახავთ ბევრ სწრაფი კვების ობიექტს, სადაც კვება შედარებით იაფი დაგიჯდებათ და რესტორნებსა და კაფე-ბარებშიც მისაღები ფასები დაგხვდებათ. ამასთან, ღირსშესანიშნაობების მთელი რიგი ღია სივრცეში მდებარეობს და მათი მონახულება უფასოა. ამიტომ, გერმანიის ქალაქებს საკმაოდ ბიუჯეტურად ეწვევით, განსაკუთრებით არატურისტულ სეზონებზე.
რამდენად უსაფრთხოა გერმანიაში მოგზაურობა?
გერმანია უსაფრთხო ადგილია ტურისტებისთვის, თუმცა აუცილებლად უნდა მოუფრთხილდეთ პირად ნივთებს და ბნელ უბნებში გვიან სიარულს მოერიდოთ.
როდისაა საუკეთესო დრო გერმანიაში სამოგზაუროდ?
გერმანიაში ვიზიტისთვის უმჯობესია მაისიდან სექტემბრამდე დრო შეარჩიოთ, რადგან ამ დროს ქვეყანაში კარგი ტემპერატურაა.
რომელია გერმანიის ქალაქებთან ყველაზე ახლო აეროპორტები?
- ბერლინი – ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტი (BER)
- ჰამბურგი – ჰამბურგის აეროპორტი (HAM)
- მიუნხენი – მიუნხენის ფრანც იოზეფ შტრაუსის აეროპორტი (MUC)
- კიოლნი – კიოლნის ბონის აეროპორტი (CGN)
- ფრანკფურტი – ფრანკფურტი მაინის საერთაშორისო აეროპორტი (FRA)
- შტუტგარტი – შტუტგარტის აეროპორტი (STR)
- დორტმუნდი – დორტმუნდის აეროპორტი (DTM)
- დიუსელდორფი – დიუსელდორფის საერთაშორისო აეროპორტი (DUS)
- ჰანოვერი – ჰანოვერის აეროპორტი (HAJ)
- ლაიფციგი – ლაიფციგ/ჰალეს აეროპორტი (LEJ)
- ნიურნბერგი – ნიურნბერგის აეროპორტი (NUE)
როგორ გავემგზავროთ საქართველოდან გერმანიაში?
საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ნახავთ როგორც პირდაპირ, ასევე გადაჯდომით ფრენებს. გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში ფრენები ძირითადად თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებიდან ხორციელდება, ბათუმიდან კი – უმეტესად გადაჯდომით.
რომელი ავიაკომპანიები დაფრინავენ საქართველოდან გერმანიაში?
საქართველოდან გერმანიაში პირდაპირ ავიარეისებს ახორციელებენ Lufthansa (თბილისი–მიუნხენი) და Wizz Air (ქუთაისიდან გერმანიის რამდენიმე ქალაქში, მაგ. დორტმუნდსა და მემინგენში), სეზონურად – სხვა ავიაკომპანიებიც. გადაჯდომით დაფრინავენ Turkish Airlines, Pegasus, AJet, LOT, Aegean Airlines, Austrian Airlines და სხვები. მიმდინარე მარშრუტები და ფასები გადაამოწმეთ avia.ge-ზე.
როგორ შევიძინოთ გერმანიის ავიაბილეთები ყველაზე იაფად?
გირჩევთ, რომ ავიაბილეთები დაჯავშნოთ 1 ან 2 თვით ადრე. ასევე, უმჯობესია ფრენები შეიძინოთ კვირის დღეებში და არა შაბათ-კვირას. ყველაზე იაფი ფასის მისაღებად კი ეწვიეთ საძიებო პლატფორმა Avia.ge-ს.
დამატებითი რეკომენდაციები
გაეცანი მნიშვნელოვან ინფორმაციას გერმანიაში მოგზაურობის წინ



























