გიოცნებიათ კაშკაშა ეიფელის ნახვაზე? იქნებ მდინარე სენას ნაპირებზე სეირნობა ან ლუვრის მსოფლიო შედევრების დათვალიერება გირჩევნიათ? ან, სულაც, იქნებ ზღვაზე დასვენებაა თქვენი მოგზაურობის ტიპი? ნებისმიერ შემთხვევაში დასავლეთ ევროპის უმნიშვნელოვანესი ქვეყანა საფრანგეთი არც ერთ იმედს გაგიცრუებთ. ფრანგული კაფეები, ცოცხალი ქუჩები, ისტორიული გარემო თუ უგემრიელესი სამზარეულო ყველა მოგზაურის ოცნებაა. პარიზი, ნიცა, ლიონი თუ ბორდო – მისი ქალაქები მნახველების გულში მუდამ განსაკუთრებულ ადგილს ინახავენ. ამ გზამკვლევში გაგაცნობთ მის ქალაქებს, ღირსშესანიშნაობებს, პოპულარულ კერძებსა და სანაპიროებს, ხოლო avia.ge-სთან ერთად მოგზაურობას მარტივად და იაფად დაგეგმავთ.
საფრანგეთი – გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის
რომელი ქალაქები მოვინახულოთ საფრანგეთში?
საფრანგეთის ქალაქები ტურისტებისთვის მრავალფეროვან ატმოსფეროს ამზადებენ – მათი ცოცხალი ქუჩები, ისტორიული ღირსშესანიშნაობები, ბრწყინვალე არქიტექტურა თუ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროები თავბრუდამხვევ მოგზაურობას მოგიწყობთ. საფრანგეთის დედაქალაქი პარიზისკენ აიღებთ გეზს, თუ სამხრეთში მდებარე ქალაქებისკენ – ყველა მათგანი თავისებურად გამორჩეული და მომნუსხველია.
პარიზი
საფრანგეთზე ლაპარაკი მისი დედაქალაქით – სიყვარულის ქალაქად წოდებული პარიზით უნდა დავიწყოთ. გარდა ისეთი ცნობილი ღირსშესანიშნაობებისა, როგორებიცაა ეიფელის კოშკი, ლუვრის მუზეუმი და პარიზის ტაძრები, შეგიძლიათ ეწვიოთ ულამაზეს კაფეებსა და საშოპინგო ცენტრებს, სადაც ნამდვილ ფრანგულ სულს შეიგრძნობთ.
მარსელი
მარსელი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. საფრანგეთის სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში ერთდროულად გამოგზაურებთ. ქალაქს 2600 წლიანი ისტორია აქვს, რაც მის კულტურულ და არქიტექტურულ სახესხვაობაშიც კარგად აისახება.
ბორდო
ბორდო საფრანგეთის სამხრეთში მდებარე კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის მქონე ქალაქია. იგი ეკონომიკური ფუნქციითაც დიდ როლს ასრულებს საფრანგეთში. გარდა ამ მიღწევებისა, ბორდოში დაგხვდებათ კულინარიული მრავალფეროვნება. ბორდოს ღვინო კი მსოფლიოში სახელგანთქმულია.
ტულუზა
ტულუზა საფრანგეთის სამხრეთში, მდინარე გარონას სანაპიროზე მდებარეობს. ქალაქი ცნობილია, როგორც ევროპული საჰაერო ინდუსტრიის ცენტრი. გარდა ამ უდიდესი ფუნქციური მნიშვნელობისა, იგი ისტორიულ და კულტურულ სახესხვაობებსაც ინახავს. აქ შეხვდებით მუზეუმებს, კულტურულ ცენტრებს, ულამაზეს ბუნებას, ფრანგულ ულამაზეს ქუჩებსა და კაფეებს.
ლიონი
პარიზიდან სწრაფმავალი მატარებლით სულ რაღაც 2 საათის სავალზე მდებარეობს ქალაქი ლიონი. იგი საფრანგეთის სიდიდით მესამე ქალაქია. ლიონს გასტრონომიის მსოფლიო დედაქალაქადაც მოიხსენიებენ. ქალაქში რენესანსის ზეიმს იხილავთ.
ნიცა
საფრანგეთის სამხრეთში მდებარე ამ უმშვენიერეს ქალაქში ყველანაირი ტიპის ღირსშესანიშნაობა დაგხვდებათ – ბუნებრივი სილამაზე, ფრანგული გარემო და ლამაზად გაშენებული ქუჩები. რაც ყველაზე მთავარია, ნიცაში უამრავი კულტურული და ისტორიული ძეგლია. ნიცა განსაკუთრებით არქიტექტურის მოყვარულებსა და განსხვავებული ტიპის შენობების მკვლევრებს მოეწონებათ. ქალაქში ნახავთ შუასაუკუნეების დროის ნაგებობებსა და ტაძრებს.
სტრასბურგი
სტრასბურგი აღმოსავლეთ საფრანგეთის უდიდესი ქალაქი და ელზასის ისტორიული ცენტრია. იგი მსოფლიო მნიშვნელობის ქალაქია, რადგან აქ ევროპარლამენტი, ევროსაბჭო და ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო მდებარეობს. სტრასბურგში მსოფლიო პოლიტიკური და სამართლებრივი საკითხები წყდება.
მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას



რა ვნახოთ საფრანგეთში?
საფრანგეთის ქალაქები მსოფლიო დონის შედევრებს დაგახვედრებენ. ქვეყანაში დაუვიწყარი თავგადასავალი გელით. დაბლა მისი ქალაქების ცნობილ ღირსშესანიშნაობებს შემოგთავაზებთ.
ეიფელის კოშკი
ეიფელის კოშკი პარიზის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. მისი მწვერვალიდან ქალაქის უმშვენიერესი ხედი იშლება, თუმცა გახსოვდეთ, რომ თუ ლიფტის ნაცვლად კიბეს აირჩევთ, მეორე სართულამდე 674 საფეხურის ავლა მოგიწევთ!
ლუვრის მუზეუმი
ლუვრის მუზეუმი მსოფლიო დონის ნახატებსა და ქანდაკებებს ინახავს. აქ იხილავთ, ისეთი ცნობილი ხელოვანების ნიმუშებს, როგორებიც არიან რაფაელი, ალბრეხტ დიურერი, ლეონარდო დავინჩი, ელ გრეკო და სხვა.
ორსეის მუზეუმი
პარიზის ორსეის მუზეუმი მე-19 და მე-20 საუკუნის ფრანგული ხელოვნების ნიმუშებს ინახავს. აქაური ფერწერული ტილოები, ავეჯი და სხვა ფუფუნების საგნები ნამდვილ ფრანგულ სულისკვეთებას გამოხატავს.
დისნეილენდი
არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხართ, დისნეილენდში ვიზიტი აუცილებლად უნდა დაგეგმოთ პარიზში ყოფნისას. აქაური ბავშვური, ლაღი ატმოსფერო ცხოვრების ხალისს შეგმატებთ. შეგიძლიათ, იმხიარულოთ ატრაქციონებზე ანდაც მულტფილმის პერსონაჟებთან ერთად ისეირნოთ.
შესართავების მუზეუმი
შესართავების მუზეუმი (Musée des Confluences) ლიონში უამრავ დისციპლინას აერთიანებს – ეთნოლოგია, პალეონტოლოგია, მინერალოგია, ზოოლოგია, ანთროპოლოგია და სხვა. იგი ფაქტობრივად სიცოცხლის წარმოშობასა და განვითარებაზე მოგიყვებათ. აქ უძველეს ეგვიპტურ მუმიებსაც კი ნახავთ.
ტრიუმფალური თაღი
ტრიუმფალური თაღი ბევრ წიგნსა თუ ფილმში გვხვდება. იგი ისტორიულ ადგილას დგას და გარდა კულტურული მნიშვნელობისა, არქიტექტურულადაც შეძლებს თქვენს გაოცებას.
სენ შაპელი
სენ შაპელი თავისი საოცარი აგებულებით, არქიტექტურული სტილითა და მყუდრო ატმოსფეროთი მოგხიბლავთ. ტაძრის ფერადი გრძელი მინები თვალწარმტაცი და მომნუსხველია.
ორანჟერის მუზეუმი
ორანჟერის მუზეუმი კლოდ მონეს გრანდიოზული ნახატითაა ცნობილი. იგი მთელ კედელზეა გაკრული და მუზეუმის ატმოსფეროს მრავალფეროვანსა და ზღაპრულს ქმნის. ორანჟერის მუზეუმი ლუვრთან და ორსეის მუზეუმთან ერთად ფრანგულ ტოპ 3 მუზეუმში შედის.
ვოლტერის შატო
ვოლტერის შატო არის ფრანგული განმანათლებლობის ეპოქის ზეიმი. აქ ვოლტერი თავისი ცხოვრების ბოლო 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. შატო ჟენევის მახლობლად, ქალაქ ფერნე-ვოლტერში მდებარეობს. აქ საშუალება გექნებათ დაათვალიეროთ ფილოსოფოსის ნამუშევრები, სკულპტურები, ხელოვნების ნამუშევრების კოლექციები.
ბრუს სამეფო მონასტერი
ბრუს სამეფო მონასტერი სამონასტრო შენობების ერთობლიობასა და სიყვარულის დასტურს წარმოადგენს. იგი ქალაქ ბურ-ან-ბრესში მდებარეობს და გოთური ეკლესიისა და სამი შიდა ეზო-გალერეისგან (კლუატრისგან) შედგება. აღმოაჩინეთ ულამაზესი გოთური არქიტექტურა და მოისმინეთ მარგარეტ ავსტრიელის ისტორია, რომელმაც ეს კომპლექსი მე-16 საუკუნის დასაწყისში ააგო, რათა დაედასტურებინა და თაობებისთვის შემოენახა თავისი გარდაცვლილი ქმრის სიყვარული.
დაჯავშნე საფრანგეთის ღირსშესანიშნაობების ბილეთები და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!
ფრენები საფრანგეთში
რა ვჭამოთ საფრანგეთში?
საფრანგეთის ქალაქები მსოფლიო კულინარიულ შედევრებს დაგახვედრებთ. აქაურ ტკბილეულსა თუ საფირმო კერძებზე ვინ იტყვის უარს?! საფრანგეთის ცნობილი კაფეები და რესტორნები ყველა სტუმარს მასზე მორგებულ მენიუს შესთავაზებენ. დაბლა რამდენიმე პოპულარულ კერძს გაგიზიარებთ.
რატატუი
რატატუის მრავალი ვარიაცია არსებობს, მათ შორის ერთ-ერთი ქალაქ ნიცაში შეგიძლიათ ნახოთ. ნიცური რატატუი ზეითუნის ზეთში ნელ ცეცხლზე ჩაშუშული ბოსტნეულია – ბადრიჯანი, ყაბაყი, ტკბილი წიწაკა, პომიდორი და ხახვი, პროვანსული მწვანილით. ეს კერძი ადგილობრივების საყვარელი მთავარი კერძია.
ყველი
საფრანგეთში ყველის ასობით სახეობა მზადდება და მისი მომზადების ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცემა – ამიტომაც მოიხსენიებენ ქვეყანას ყველის ერთ-ერთ მთავარ სამშობლოდ. შეგიძლიათ გასინჯოთ როგორც ობიანი ყველი, ისე – ემენტალი ან კრემიანი კამამბერი. თქვენს გემოვნებაზე მორგებული ყველის პოვნა პარიზში ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. ყველთან კი აუცილებლად მიირთვით ფრანგული ღვინო, რომელიც ასევე მსოფლიოშია სახელგანთქმული.
კასულე (Cassoulet)
ეს ტულუზას საფირმო კერძია. კასულე ნელ ცეცხლზე ჩაშუშული თეთრი ლობიოს, სოსისის, იხვის ან ღორის ხორცის კერძია. ტულუზაში მოგზაურობისას ეს კერძი აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ.
ლოკოკინები
თუ უჩვეულო კერძების მოყვარული ხართ, საფრანგეთი არც ამაზე დაგწყვეტთ გულს. საფრანგეთში მოგზაურობისას საშუალება გექნებათ დააგემოვნოთ მსოფლიოს ერთ-ერთი დელიკატესი, ლოკოკინები. სხვადასხვა რესტორანში მას სხვადასხვაგვარად ამზადებენ. იგი პარიზული მენიუს განუყოფელი ნაწილია და ტურისტების უმრავლესობა მის გასინჯვაზე უარს არ ამბობს და სასიამოვნოდ გაოცებულებიც რჩებიან.
ტკბილეული
საფრანგეთი სახელგანთქმულია ტკბილეულის მრავალფეროვნებით. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი კრუასანები, მაკარუნები თუ შოკოლადის ფუნთუშები. პარიზულ ლამაზ შეფუთვებში მოთავსებული ეს დესერტები სასაჩუქრედაც კი იდეალურია. ტკბილეული შეგიძლიათ შეიძნოთ ნებისმიერ საცხობში, რომლებიც მრავლადაა ქალაქებში და მათი პოვნა ნებისმიერ ქუჩაზე არ გაგიჭირდებათ.
გრატონები (Grattons Lyonnais)
გრატონები ლიონური წასახემსებელია – ღორის ქონისა და კანის ხრაშუნა, ოქროსფრად შემწვარი ნაჭრები. მათ ლიონის ტრადიციულ ბისტროებში, ე.წ. „ბუშონებში“, აპერიტივთან ერთად მიირთმევენ. ხორცის მოყვარულებს მისი მარილიანი, ხრაშუნა გემო აუცილებლად მოეწონებათ.
ახლოდან დანახული საფრანგეთი





სად ვიშოპინგოთ საფრანგეთში?
მსოფლიოს ამ დაწინაურებულ ქვეყანაში შოპინგი ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. საფრანგეთის ქუჩებში პარკებით დახუნძლულებმა შეგიძლიათ ისეირნოთ. შოპინგზე რჩევებს ამ სექციაში მოგცემთ.
ბაზრობები
Marché aux Puces Saint-Ouen Paris – მსოფლიოში ყველაზე დიდი მეორადი ნივთების ბაზრობა პარიზის გარეუბანში შაბათიდან ორშაბათის ჩათვლით მუშაობს. იგი შესანიშნავი ადგილია ულამაზესი კულინარიული ნივთების მოსაძებნად, ვერცხლისფერი ლოკოკინების საჭმელად განკუთვნილი მაშებიდან (ნიჟარის დამჭერი) და ანტიკვარული თეთრეულიდან დაწყებული, მბზინავი სპილენძის ქვაბებითა და მბზინავი ჭურჭლით დამთავრებული.
Les Halles de Lyon Paul Bocuse – გასტრონომიის ქალაქ ლიონის ყველაზე ცნობილი დახურული ბაზარი, რომელსაც სახელი ლეგენდარული შეფ-მზარეულის, პოლ ბოკიუზის პატივსაცემად ეწოდა. აქ ნახავთ ყველს, ხორცეულს, ზღვის პროდუქტებს, ტკბილეულს, შოკოლადს, პურსა და ღვინოს, ხოლო ბაზრის პატარა რესტორნებში ადგილობრივ კერძებსაც დააგემოვნებთ.
St Antoine Market – უზარმაზარი ღია ცის ქვეშ მდებარე საკვების ბაზარი სონის ნაპირებზე, ლიონში, სადაც რეგიონალური საკვებისა და იმპორტირებული პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს ნახავთ. აქ ასევე გავრცელებულია ცხელი კერძები, როგორიცაა პიცა და შამფურზე შემწვარი ქათმები.
Les Puces du Canal – პოპულარული ბაზარია, სადაც ვაჭრები იკრიბებიან და სხვადასხვა სახის პროდუქტს გთავაზობენ. აქ ყველანაირი ნივთია, რისი წარმოდგენაც შეგიძლიათ. ამიტომ, საკუთარ თავს კარგ თავგადასავალს მოუწყობთ, ლიონში ყოფნისას ამ ბაზარში თუ გაისეირნებთ.
Marché aux Bouquinistes – ლიონის წიგნების ბაზრობა. აქ რამდენიმე ენაზე იპოვით წიგნებს, ყველანაირ ჟანრში. კითხვის მოყვარულთათვის სონის სანაპიროზე გაშლილ ამ ბაზრობაზე სეირნობა ნამდვილი ზღაპარია.
საუკეთესო ქალაქები საშოპინგოდ
პარიზი, ლიონი და კანი ცნობილი ქალაქებია საშოპინგოდ. აქ მოდის ინდუსტრიის ცნობილი ბრენდები და მაღალი კლასის მაღაზიები დაგხვდებათ. ქალაქებში ბიუჯეტურადაც შეძლებთ შოპინგს – აუთლეტ მაღაზიებსა და დიდ მოლებში. თანაც, ქალაქებში იმართება ბაზრობები, სადაც ადგილობრივ პროდუქტებს დააგემოვნებთ ან სუვენირებსა თუ სამახსოვრო ნივთებს შეიძენთ.
მოლები
Galeries Lafayette Haussmann – ეს ცნობილი უნივერმაღი ოსმანის ბულვარზე, პარიზის მე-9 ოლქში მდებარეობს. ცენტრი ყოველწლიურად 37 მილიონ ვიზიტორს მასპინძლობს და 3500-ზე მეტ ბრენდს წარმოადგენს. შენობის 1912 წელს აგებული ბრწყინვალე არ-ნუვოს სტილის მინის გუმბათით აუცილებლად მოხიბლულები დარჩებით.
Westfield Les 4 Temps – პარიზის ბიზნესუბან ლა დეფანსში მდებარე ამ მოლში 200-ზე მეტი მაღაზია და ათობით რესტორანი და კაფეა. მბზინავი მინის კომპლექსი ოთხ სართულზეა განლაგებული და შოპინგის მოყვარულებისთვის საუკეთესო სავაჭრო ადგილს წარმოადგენს.
Confluence – ლიონის ერთ-ერთი ყველაზე ახალი საშოპინგო ცენტრი. იგი თანამედროვე მაღაზიებს, ულამაზეს ტერასას და რამდენიმე შთამბეჭდავ რესტორანს აერთიანებს. მაღაზიები მოდურ ნივთებსა და აქსესუარებს სთავაზობს კლიენტებს.
Westfield La Part-Dieu – ლიონში მდებარე საკმაოდ დიდი სავაჭრო ცენტრი, რომელიც 250-ზე მეტ მაღაზიას იტევს, მათ შორის მოდის, ელექტრონიკის, სახლის დეკორისა და სხვა.
რა ვიყიდოთ საფრანგეთში?
- ტკბილეული – ფრანგული პურ-ფუნთუშეული არა მხოლოდ კერძების ვარიანტებს, არამედ კარგ საჩუქრებსაც წარმოადგენს.
- პორტრეტი ტერტრის მოედნიდან – მონმარტრზე ვიზიტის დასამახსოვრებლად ფანტასტიკური საშუალებაა. აქ დაგხვდებათ მრავალი მხატვარი, რომლებიც ნახშირით ან ფუნჯით ხელში მუშაობენ.
- ქსოვილები – ლამაზი, რბილი და დახვეწილი ქსოვილები პოპულარული შენაძენია საფრანგეთში.
- სუნამოები – საფრანგეთი სახელგანთქმულია სუნამოებით. სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი სუნამოების კულტურას.
- ანტიკვარული ნივთები – საფრანგეთის ბევრ ქალაქში სპეციალურ ბაზრობებს ნახავთ, სადაც სამახსოვრო ნივთების შეძენას შეძლებთ
- საფოსტო ბარათები – საფრანგეთის მუზეუმებში კი არ დაგავიწყდეთ საფოსტო ბარათების შეძენა ცნობილი ღირსშესანიშნაობების ფოტოებით
- წიგნები – ფრანგულ ქუჩებში ხშირად შეხვდებით გარეთ გამოფენილ წიგნებს და ცნობილ მაღაზიებს. ორიგინალური საჩუქრების მოყვარულებმა სწორედ მათ უნდა მიაკითხოთ
გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი საფრანგეთში? მაშინ დაჯავშნე თბილისი პარიზის ავიაბილეთები ახლავე!
როდის არის საუკეთესო დრო საფრანგეთში სამოგზაუროდ?
ამინდების მხრივ გაზაფხულსა და შემოდგომაზე გირჩევთ საფრანგეთში მოგზაურობას. ადრეულ შემოდგომასა და გვიან გაზაფხულზე აქ სასიამოვნო, თბილი ამინდია და ტურისტულ სეზონთან შედარებით, ნაკლები ხალხი. გაზაფხულზე ფრანგული ბაღები ულამაზესად ყვავილობს და სენას ნაპირებზეც განსაკუთრებით სასიამოვნოა სეირნობა. ზაფხული კი მათთვისაა, ვისაც ფესტივალები, ღონისძიებები და სანაპიროებზე დასვენება უყვარს. სამხრეთ საფრანგეთი ზაფხულში განსაკუთრებულ პიკზეა. შემოდგომით ღვინის დღესასწაულები დაგხვდებათ ფრანგულ ქუჩებში. ზამთარში კი საშობაო ბაზრობები, ყინულის მოედნები და თოვლით მოპენტილი ადგილობრივი ქუჩები. არჩევანი თქვენზეა – საფრანგეთი თავს არც ერთ სეზონზე შეირცხვენს.
არ გადადო! დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება.
როგორ გადავაადგილდეთ საფრანგეთში?
საფრანგეთში გადაადგილებას მარტივად შეძლებთ როგორც ქალაქებს შორის, ასევე თავად ქალაქებშიც: მეტრო, ავტობუსი თუ ტრამვაი გამართულად მოგემსახურებათ. ფრანგულ ქალაქებს შორის სამოგზაუროდ კი გამოიყენეთ მატარებელი.
მატარებელი
თუ რამდენიმე ქალაქის ერთად მონახულებას გეგმავთ, შეგიძლიათ მატარებლით იმგზავროთ. სწრაფმავალი მატარებლები მთელს საფრანგეთს კომფორტულად და მარტივად მოგატარებენ.
ტაქსი
ტაქსით გადაადგილება საფრანგეთში პოპულარულია. პოპულარულ ტაქსის სერვისებსა და აპლიკაციებს შემოგთავაზებთ:
- G7
- Taxi Bleu
- Bolt
- Uber
საზოგადოებრივი ტრანსპორტი
საფრანგეთის ქალაქების უმეტესობაში დაგხვდებათ ტრამვაი, მეტრო და ავტობუსები. 26 წლამდე ადამიანებს სპეციალური ფასდაკლებაც კი აქვთ მათ ბილეთებზე. ბილეთების შეძენას შეძლებთ ავტობუსებშიც, ტრამვაის გაჩერებებზეც, სპეციალურ აპარატებშიც. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთჯერადი ბილეთის საშუალო ფასი 2-3 €-ს შეადგენს. ყველაზე იაფად შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური ბარათები, რომლებიც მრავალჯერადი გამოყენებისაა.
ფეხით
ფრანგული ფერადი ქუჩები, კაფეები, ღირსშესანიშნაობები, ბაღები და სანაპიროები ნამდვილად იმსახურებენ სრულფასოვნად დათვალიერებას. ამიტომ, არ დაიზაროთ ფეხით გადაადგილება საფრანგეთის ქალაქებში.
საუკეთესო სანაპიროები საფრანგეთში
საფრანგეთის სამხრეთში მდებარე ქალაქები პოპულარულია ხმელთაშუა ზღვის ულამაზესი სანაპიროებით. რამდენიმე ცნობილ სანაპირო ზოლს ჩვენც შემოგთავაზებთ.
სანტენერის სანაპირო
სანტენერის სანაპირო (Plage du Centenaire, Nice) – ნიცის საჯარო სანაპირო ცნობილ ინგლისელთა სანაპირო ბულვართან (Promenade des Anglais). ნიცის სანაპიროების უმეტესობის მსგავსად, აქაც კენჭოვანი ნაპირი და ლაჟვარდისფერი, სუფთა წყალი დაგხვდებათ. სანაპირო ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დამსვენებლებისთვისაც.
კატალანის სანაპირო
კატალანის სანაპირო (Plage des Catalans) – ეს მარსელის ცენტრში ყველაზე ადვილად მისადგომი სანაპიროა. ძველი პორტიდან სულ რაღაც რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს და იდეალური ადგილია მთელი დღის სეირნობის შემდეგ სწრაფად განსატვირთად. ცენტრთან სიახლოვის წყალობით პლაჟი ძალიან ცოცხალია. აქვე მდებარეობს კატალანის კლუბიც.
მარინიერის სანაპირო
მარინიერის სანაპირო (Plage des Marinieres, Villefranche-sur-Mer) – მონაკოსა და ნიცას შორის მოქცეული ულამაზესი ფრანგული სათევზაო სოფელი ვილფრანშ-სიურ-მერი იდეალური ადგილია სანაპიროზე გასასვლელად. მის ქვიშიან სანაპიროებზე შეგიძლიათ ულამაზესი პეიზაჟებით დატკბეთ.
კორბიერის სანაპირო
კორბიერის სანაპირო (Corbières beaches – l’Estaque) – მარსელში მდებარე ეს სანაპირო იდეალურია კომფორტულად დასვენებისთვის. აქ ნახავთ საშხაპეებს, ტანსაცმლის კარადებს, წყლის სპორტისთვისაც გექნებათ გასაქანი და წყალიც არაღრმა და სუფთაა.
მიდის ბულვარის სანაპიროები
მიდის ბულვარის სანაპიროები (Plages du Boulevard du Midi, Cannes) – კანის დასავლეთ ნაწილში, ლა ბოკას უბანში, ბულვარ დიუ მიდის გასწვრივ გადაჭიმული ქვიშიანი საჯარო სანაპიროები, მათ შორის BoccaCabana-ს სანაპირო ზონა. აქ დასვენება შედარებით მშვიდ, ოჯახურ გარემოში შეგიძლიათ – ცნობილი კრუაზეტის ფუფუნებისგან განსხვავებით.
პრადოს სანაპირო
პრადოს სანაპირო ( Prado beaches, Marseille) – თუ ქალაქის ცენტრიდან არც ისე შორს მდებარე კარგად მოწესრიგებული პლაჟები მოგწონთ, მარსელში პრადოს სანაპიროები უნდა ნახოთ. მას აქვს სათამაშო მოედნები, ფრენბურთის კორტები და სასეირნო ბილიკები. აქვე ნახავთ რესტორნებსა თუ სანაყინეებს.
კონცერტები და ფესტივალები საფრანგეთში
საფრანგეთის ფესტივალები, საზეიმო განწყობა და კულტურული ღონისძიებები თქვენს მოგზაურობას კიდევ უფრო დასამახსოვრებელს გახდის. ამისთვის შემოგთავაზებთ რამდენიმე პოპულარულ ფესტივალს, რომლებიც მის ქალაქებში იმართება.
მუსიკის ფესტივალი
მუსიკის ფესტივალი (Fête de la Musique) – ეს ფესტივალი ზაფხულის მზებუდობის დღეს მთელ ქვეყანას ერთ უზარმაზარ საკონცერტო დარბაზად აქცევს. ქუჩის კუთხეები, პარკები, კაფეები და აივნებიც კი იმპროვიზებულ სცენებად იქცევა, სადაც მუსიკოსები – როგორც პროფესიონალები, ასევე უბრალოდ მოყვარულები - უფასოდ გამოდიან.
კანის კინოფესტივალი
კანის კინოფესტივალი (Cannes Film Festival) – კანის კინოფესტივალი, რომელიც 1946 წელს დაარსდა, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ფილმის ფესტივალად იქცა. ყოველწლიურად მაისში იმართება და საერთაშორისო კინოს უმნიშვნელოვანეს პრემიერებს მასპინძლობს. მასში მთელი მსოფლიოდან ჩამოსული კინორეჟისორები, მსახიობები და კრიტიკოსები მონაწილეობენ.
ბასტილიის დღე
ბასტილიის დღე (Bastille Day (La Fête Nationale)) – საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული, რომელიც 1789 წელს ბასტილიის ციხის აღებას აღნიშნავს. სწორედ ბასტილიის აღებით დაიწყო საფრანგეთის დიდი რევოლუცია. ის თავისუფლებას, თანასწორობასა და ძმობას განასახიერებს, რაც საფრანგეთის რესპუბლიკის ძირითადი ღირებულებებია. დღეს ეს დღესასწაული სამხედრო აღლუმებით, ფეიერვერკებითა და წვეულებებით აღინიშნება, და მთელ ქვეყანაში სადღესასწაულო განწყობას ქმნის.
ნიცას კარნავალი
ნიცას კარნავალი (Nice Carnival) – ნიცის კარნავალი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე ცნობილი კარნავალია, რომელიც შუა საუკუნეებში იღებს სათავეს. იგი ხელოვნებისა და კულტურისა ზეიმად იქცა. კარნავალი ცნობილია თავისი დახვეწილი აღლუმებით, ექსტრავაგანტული პლატფორმებითა და მხიარული ატმოსფეროთი, რაც მთელი მსოფლიოდან იზიდავს დამსწრეებს.
მონმარტრის ფესტივალი
მონმარტრის ფესტივალი (Fête des Vendanges de Montmartre) –მონმარტრის ყურძნის მოსავლის ფესტივალი პარიზის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ უბანში ყურძნის ყოველწლიურ მოსავალს აღნიშნავს. ამ ფესტივალის ფესვები რეგიონის ისტორიული მეღვინეობის ტრადიციიდან იღებს სათავეს. მონმარტრი ოდესღაც ღვინის წარმოების ცენტრალური რეგიონი იყო და ეს ფესტივალი პატივს მიაგებს ამ მემკვიდრეობას და ამავდროულად თანამედროვე ადგილობრივ კულტურას წარმოადგენს.
გადაწყვიტე საფრანგეთში მოგზაურობა? მაშინ მიიღე საუკეთესო შეთავაზებები და დაჯავშნე იაფი ფრენები ნიცაში.
ხშირად დასმული კითხვები საფრანგეთზე
საფრანგეთის რომელ ქალაქებს უნდა ვესტუმროთ?
მოგზაურობა აუცილებლად უნდა დაიწყოთ პარიზით. შეგიძლიათ ესტუმროთ მარსელს, ნიცას, ბორდოს, ლილს, კანსა თუ ტულუზას.
რა უნდა წავიღოთ საფრანგეთში?
პირველ რიგში, ფრენისათვის საჭირო ნივთების წაღება არ დაგავიწყდეთ, იქნება ეს დოკუმენტები, პასპორტი თუ კომფორტული ბალიში. ასევე, შეამოწმეთ ყველა გაჯეტი და დამტენი. საფრანგეთში ბევრი სიარული მოგიწევთ, ამიტომ სპორტული ფეხსაცმელი და კომფორტული ტანსაცმელი აუცილებელია. საფრანგეთის სამხრეთ ქალაქებში შეგიძლიათ ბევრი იცურაოთ და მზეზე განიტვირთოთ, ამიტომ წაიღეთ საცურაო კოსტიუმები, მზის სათვალე და მზისგან დამცავი.
რით არის გამორჩეული საფრანგეთი?
საფრანგეთი დასავლეთ ევროპის ტოპ ქვეყანაა. იგი გამორჩეულია თავისი ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობებით, საოცარი ტაძრებით, კაფეებითა თუ სანაპირო ზოლით.
რამდენად ძვირია საფრანგეთი?
საფრანგეთის ტურისტულ ქალაქებში დარჩენა, განსაკუთრებით სეზონებზე, შედარებით ძვირი სიამოვნებაა, თუმცა თუ მოგზაურობას წინასწარ დაგეგმავთ, დასარჩენ ადგილებსაც და ფრენებსაც შედარებით ბიუჯეტურად შეიძენთ. დღიური ხარჯები კი მოგზაურობის ტიპზეა დამოკიდებული.
რამდენად უსაფრთხოა საფრანგეთში მოგზაურობა?
საფრანგეთის ტურისტულ ცენტრებში მოგზაურობა საკმაოდ უსაფრთხოა, თუმცა ფრთხილად უნდა იყოთ პირად ნივთებთან. ასევე გვიან გარეუბნებში სიარულს მოერიდეთ.
როდისაა საუკეთესო დრო საფრანგეთში სამოგზაუროდ?
გაზაფხული და შემოდგომა შედარებით ნეიტრალური და კომფორტული სეზონებია სამოგზაუროდ, თუმცა სანაპირო ზოლზე დასასვენებლად ზაფხულის თვეები ან გვიანი გაზაფხული აირჩიეთ.
რომელია საფრანგეთის 3 დიდი აეროპორტი?
- შარლ დე გოლის საერთაშორისო აეროპორტი პარიზში (CDG)
- პარიზის ორლის აეროპორტი (ORY)
- ნიცის კოტ-დ’აზურის აეროპორტი (NCE)
როგორ გავემგზავროთ საქართველოდან საფრანგეთში?
ფრენებს ნახავთ თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტიდან. ნახავთ როგორც პირდაპირ, ასევე გადაჯდომით ფრენებს.
რომელი ავიაკომპანიები დაფრინავენ საქართველოდან საფრანგეთში?
საქართველოდან საფრანგეთში პირდაპირ რეისებს ახორციელებენ: Georgian Airways (თბილისი – პარიზი, თბილისი – ნიცა), Transavia (თბილისი – პარიზის ორლის აეროპორტი) და Wizz Air (ქუთაისი – პარიზი (ბოვე), ქუთაისი – ლიონი). გადაჯდომით ფრენებს გთავაზობენ Turkish Airlines, Pegasus, LOT, Lufthansa, Aegean Airlines და სხვა ავიაკომპანიები.
როგორ შევიძინოთ საფრანგეთის ავიაბილეთები ყველაზე იაფად?
გირჩევთ, რომ ავიაბილეთები დაჯავშნოთ 1 ან 2 თვით ადრე. ასევე, უმჯობესია ფრენები შეიძინოთ კვირის დღეებში და არა შაბათ-კვირას. ყველაზე იაფი ფასის მისაღებად კი ეწვიეთ საძიებო პლატფორმა Avia.ge -ს.
დამატებითი რეკომენდაციები
გაეცანი მნიშვნელოვან ინფორმაციას საფრანგეთში მოგზაურობის წინ
























