პარიზი საფრანგეთის დედაქალაქი და მსოფლიო მნიშვნელობის ადგილია. მას რომანტიკით სავსე ქალაქსაც უწოდებენ. აქაურობა ოცნებების ახდენის, თავგადასავლებისა და დროში მოგზაურობისთვისაა. პარიზში შეძლებ მისი უმშვენიერესი ძეგლების დათვალიერებას, მდინარე სენას სანაპიროზე გასეირნებას და ულამაზეს პარკებში განტვირთვას. წარმოიდგინე, პარიზის საშოპინგო პარკებით აღჭურვილი როგორ უკვეთავ ფრანგულ ტკბილეულს ქალაქის ცნობილ კაფეებში. ერთი სიტყვით, პარიზი ისაა, რაც ყველა მოგზაურს სჭირდება. ამ ბლოგში კი მოგზაურობის დაგეგმვას ჩვენთან ერთად შეძლებ.
პარიზი – მარტივი გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის
სად დავრჩეთ პარიზში?
მოგზაურობის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაზა დასარჩენი ადგილის მოძებნაა. უბანი, რომელშიც რამდენიმე დღით იცხოვრებთ, თქვენზე მაქსიმალურად მორგებული, კომფორტული და ღირსშესანიშნაობებთან ახლოს უნდა იყოს. დაბლა რამდენიმე ცნობილ უბანს შემოგთავაზებთ პარიზში სასტუმროს მოსაძებნად.
მე-6 უბანი
მე-6 უბანი (6th Arrondissement) საუკეთესო არჩევანია, თუ ნამდვილ პარიზულ უბანში დარჩენა გინდათ, საშოპინგო ცენტრებთან და არტ-გალერეებთან ახლოს. აქ ყოველ დილას ნახავთ როგორ მირბიან ფრანგული ტკბილ-ფუნთუშეულით ხელში ადგილობრივები სამუშაოდ.
1-ლი უბანი
1-ლი უბანი (1st Arrondissement) ლუვრთან ახლოს, მდინარე სენას მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. აქედან პარიზულ ღირსშესანიშნაობებამდე სიარულს მარტივად შეძლებთ.
მონმარტი
მონმარტი (Montmartre) ფრანგული სულის მქონე უბანია. უბანში ნახავთ პარიზულ ბაზილიკებსა და ტაძრებს. მონმარტი ცნობილია თავისი ისტორიული შენობებით, მდიდრული არქიტექტურითა და ტურისტული ღირშესანიშნაობებით.
მე-5 უბანი
მე-5 უბანი (5th Arrondissement) ისტორიული უბანია, სადაც განთავსებულია ბევრი სკოლა, პანსიონი თუ უნივერსიტეტი. აქაურობა შუასაუკუნეების ისტორიული არქიტექტურული შენობებითაა დატვირთული.
ელიზეს მინდვრები
ელიზეს მინდვრები (Champs Elysées) პარიზის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უბანია. იგი ღირსშესანიშნაობების შუაგულში მდებარეობს. აქაური სასტუმროებიდან დაინახავთ ტრიუმფალური თაღის ხედს.
მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას



რა ვნახოთ პარიზში?
პარიზი იმაზე მეტ სანახაობას შემოგთავაზებთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ! აქაურობა ისტორიის, კულტურისა და ცივილიზაციების სამშობლოა. პარიზში შეგიძლიათ ეწვიოთ მსოფლიო დონის მუზეუმებს, არტ გალერეებსა თუ საოცარი არქიტექტურული სტილის შენობებს.
ეიფელის კოშკი
ეიფელის კოშკი პარიზის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. მისი მწვერვალიდან ქალაქის უმშვენიერესი ხედი იშლება, თუმცა გახსოვდეთ, რომ ასასვლელად 1600 საფეხურის ავლა მოგიწევთ!
ორსეის მუზეუმი
პარიზის ორსეის მუზეუმი მე-19 და მე-20 საუკუნის ფრანგულ ხელოვნების ნიმუშებს სტუმრობს. აქაური ფერწერული ტილოები, ავეჯი და სხვა ფუფუნების საგნები ნამდვილ ფრანგულ სულისკვეთებას გამოხატავს.
ტრიუმფალური თაღი
ტრიუმფალური თაღი ბევრი წიგნისა თუ ფილმის მთავარი სიუჟეტის მთავარი ობიექტია. იგი ისტორიულ ადგილას დგას და გარდა კულტურული მნიშვნელობისა, არქიტექტურულადაც შეძლებს თქვენს გაოცებას.
სენ შაპელი
სენ შაპელი თავისი საოცარი აგებულებით, არქიტექტურული სტილითა და მყუდრო ატმოსფეროთი მოგხიბლავთ. ტაძრის ფერადი გრძელი მინები თვალწარმტაცი და მომნუსხველია.
ოპერა გარნიე
ოპერა გარნიე მე-19 საუკუნის ისტორიული ძეგლია. აქაური გრანდიოზული დარბაზები, მდიდრული ატმოსფერო და ბრჭყვიალა განათებები ისტორიულ პარიზში გამოგზაურებთ.
ლუვრის მუზეუმი
ლუვრის მუზეუმი მსოფლიო დონის ნახატებსა და ქანდაკებებს ინახავს. აქ იხილავთ, ისეთი ცნობილი ხელოვანების ნიმუშებს, როგორებიც არიან რაფაელი, ალბრეხტ დიურერი, ლეონარდო დავინჩი, ელ გრეკო და სხვა.
ორანჟერის მუზეუმი
ორანჟერის მუზეუმი კლოდ მონეს გრანდიოზული ნახატითაა ცნობილი. იგი მთელ კედელზეა გაკრული და მუზეუმის ატმოსფეროს მრავალფეროვანსა და ზღაპრულს ქმნის. ორანჟერის მუზეუმი ლუვრთან და ორსეის მუზეუმთან ერთად ფრანგულ ტოპ 3 მუზეუმში შედის.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ მთელი მსოფლიოს ღირსშესანიშნაობაა. მისი გოთიკური სტილი, დიდებული ღვთისმშობლის ვარდი და ტაძარში გამეფებული ატმოსფერო დადებით შთაბეჭდილებას მოახდენს ტურისტებზე.
დისნეილენდი
არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხართ, დისნეილენდში ვიზიტი აუცილებლად უნდა დაგეგმოთ პარიზში ყოფნისას. აქაური ბავშვური, ლაღი ატმოსფერო ცხოვრების ხალისს შეგმატებთ. შეგიძლიათ, იმხიარულოთ ატრაქციონებზე ანდაც მულტფილმის პერსონაჟებთან ერთად ისეირნოთ.
ვერსალის სასახლე
ვერსალის სასახლე პარიზის ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, თუმცა გირჩევთ აქ ვიზიტი აუცილებლად დაგეგმოთ. მისი დარბაზის გრძელი მინები და სარკეები შეუდარებელ ატმოსფეროს ქმნის. აქაურობა ბევრი ისტორიული პროცესის მომსწრეა.
ფრენები პარიზში
სად ვჭამოთ პარიზში
პარიზი კულინარიული შესაძლებლობებითაც გაგაკვირვებთ. აქ ნახავთ მსოფლიო დონის რესტორნებსა და კაფეებს. პარიზული კულინარია სახელგანთქმულია და საკმაოდ სამართლიანადაც! ალბათ, ყველას გვსმენია ფრანგული უგემრიელესი ტკბილეულის შესახებ და არამარტო. პარიზში შეძლებთ თქვენს გემოვნებაზე მორგებული მენიუ შეადგინოთ და მრავალფეროვანი უცხო გემოებით დატკბეთ აქ ყოფნის განმავლობაში.
ყველაზე ცნობილი რესტორნები
“SPHERE” / “სფერო” ერთ-ერთი ცნობილი რესტორანია პარიზში. მას კულინარიის უმაღლესი ჯილდო, მიშელინის ვარსკვლავი აქვს მინიჭებული გარდა დაუვიწყარი კერძებისა, აქაური მდიდრული ატმოსფერო პარიზულ თავგადასავლებში ჩაგკარგავთ. რესტორანი ცნობილია თავისი საფორმო კერძებით, პარიზული კულინარიის შედევრებითა და მაღალი კლასის მომსახურებით.
კაფეები
პარიზი კაფეების ქალაქია. აქ შეგიძლიათ ღია კაფეებში დასხდეთ და ფრანგულ ცხოვრებას თვალი ადევნოთ. დარწმუნებული ვარ, ბევრი გსმენიათ Café de Flore – ის შესახებ. იგი ფრანგული კაფეების სახეა. კაფე დე ფლორი არაერთი ფილმის ცნობილ კადრშია მოხვედრილი.
Café Les Deux Magots – ეს კაფეც არანაკლებ ცნობილია. იგი სახელგანთქმული იყო იმით, რომ მას სტუმრობდნენ დიდი ელიტარული ფიგურები, მაგალითად კამიუ, ბერნოლდ ბრეხტი, ჰემინგუეი, სარტრი, ჯოისი და სხვა.
Procope – ეს კაფე კი თავისი მდიდრული ატმოსფეროთია ცნობილი. მისი ტერასა სხვა კაფეებისაგან განსხვავებით, უფრო მყუდრო მხარესაა მოწყობილი.
სად ვჭამოთ ყველაზე გემრიელი კრუასანი პარიზში?
პარიზი კრუასანებისა და შოკოლადის კრემის ფუნთუშეულის ქალაქია. Boulangerie Utopie / “უტოპიური საცხობი” ამ მოსაზრების დადასტურებაში დაგეხმარებათ. აქაური კრუასანის ფხვიერი მასა და ნაზი გემო ოცნებების სამყაროში მართლაც გადაგისვრით.
Mamiche / “მიმიშ” – ამ საცხობში კრუასანის გარდა სხვა ტკბილეულიცა და მათ შორის სენდვიჩებიც დაგხვდებათ. თუმცა საცხობის რიგში მდგარი ადამიანების უმრავლესობა ღვთაებრივი კრუასანის მოლოდინშია.
The French Bastards / “ფრანგი ბასტარდები” – ამ საცხობში კრუასანებს ძირითადად კლასიკური მეთოდით ამზადებენ. ნამდვილი პარიზული კრუასანისა და შოკოლადის ფუნთუშის დაგემოვნება თუ გსურთ, აუცილებლად მიაკითხეთ მათ.
პარიზის ბარები
პარიზის ბარების კულტურაც საკმაოდ ცნობილია. თუ პარიზულად გართობა გსურთ, აქაური ღამის ცხოვრება აუცილებლად უნდა გამოსცადოთ. მაგალითად, როგორ შეიძლება გამოტოვოთ ეს ბარი Harry’s New York Bar / “ნიუ იორკის ბარი”, სადაც ჰემინგუეი და ფიცჯერალდი დადიოდნენ ხოლმე. აქაური ბარებიც კი კულტურული მნიშვნელობის მატარებელია. თუმცა, ფრანგული სასმელი აუცილებლად მარტივად შეგიყოლიებთ.
პარიზის რესტორნები საუკეთესო ხედით
პარიზი ცნობილია თავისი სარესტორნო კულტურით. რესტორნის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი კი სივრცე და ხედია. “Le Tout-paris” / “მთლიანი პარიზი” – ამ რესტორანში შეძლებთ დააგემოვნოთ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კერძები თუ კოქტეილები, თანაც პარიზის საოცარი ხედებით დატკბეთ. აქედან მთელი ქალაქი ხელისგულზე გადაგეშლებათ.
იცოდით, რომ თავად ეიფელის კოშკშიცაა რესტორანი მოწყობილი? აქ ნამდვილი ფრანგული მენიუს დაგემოვნების საშუალება გექნებათ, თანაც ქალაქს კოშკის მაღალი მწვერვალიდან გადმოხედავთ. ეიფელის რესტორანში ვახშამი საუკეთესო არჩევანი იქნება რომანტიკული საღამოს ან რამე დღესასწაულის აღსანიშნავად.
საცხობები
პარიზში აუცილებლად უნდა ეწვიოთ მის საცხობებს. პარიზი ცომეულითა და საოცარი ტკბილეულითაა ცნობილი. აქ კულინარია სახელოვნებო მწვერვალზეა აყვანილი.
Lacroix Patissier / “ლაკრუა პატისიე” პარიზის ცნობილი საცხობია. აქ ფრანგული ტკბილეულის დაგემოვნებას ღვთისმშობლის ტაძრის ხედის ფონზე შეძლებთ.
Laduree / “ლადუღე” ეს ცნობილი საკონდიტროა პარიზში. აქ უამრავი ფრანგული ცომეულის დაგემოვნების საშუალება გექნებათ.
Au Petit Versailles Du Marais / “პატარა ვერსალი” – ამ საცხობში შესვლისას თვალებს ვერ დაუჯერებთ. იგი ფაქტობრივად მუზეუმია, რომელიც ტკბილეულის უდიდეს კოლექციას გადაუშლის თვალწინ მნახველებს.
პარიზის ბაზრობები
პარიზი ცნობილია თავისი ბაზრობებით. ალბათ ბევრჯერ გინახავთ ფილმებში, როგორ დააქვთ პარიზელებს უდიდესი პარკები, პროდუქტებით სავსე. ამ გამოცდილების მიღებას თქვენც შეძლებთ, მაგალითისთვის ეწვიეთ ბასტილიის ბაზარი / Bastille Market -ს. აქ ნახავთ როგორც ხილსა თუ ბოსტნეულს, ასევე ფრანგულ ცომეულსა და “სთრით ფუდს”.
ახლოდან დანახული პარიზი





სად ვიშოპინგოთ პარიზში?
პარიზის ცნობილ ქუჩებსა და საშოპინგო ცენტრებში ყველანაირი ტიპის საჩუქრებითა და სუვენირებით შეძლებთ აღჭურვას. აქ იპოვით ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა დიორი ან ლუი ვიტონი. პარიზიდან საშოპინგო ჩანთებით ხელდამშვენებული დაბრუნებას უპრობლემოდ შეძლებთ.
პარიზის ლაფაიეტის გალერეა
Galeries Lafayette – ამ შოპინგ ცენტრში მარტივად ნახავთ ქალის, მამაკაცისა თუ ბავშვების სექციას. რაც მთავარია, ცენტრის არქიტექტურა ცალკე მიიქცევს თქვენს ყურადღებას. მისი შუშის გუმბათი მთელს შენობას საუცხოო ელფერს სძენს. ცენტრში ნახავთ რესტორნებსა და მოსასვენებელ სივრცეებსაც.
ლე მარე
Le Marais – ლე მარე პარიზის ისტორიული უბანია, სადაც უამრავი მაღაზიაა თავმყორილი. აქ ნახავთ როგორც ბიუჯეტურ, ისე მაღალი მოდის მაღაზიებს. გზად შეგხვდებათ არაერთი ვინტაჟური თუ აუთლეტ მაღაზია. არც სუვენირების შეძენა გაგიჭირდებათ ამ უბანში. ლე მარე ნამდვილად საინტერესო საშოპინგო თავგადასავალს გპირდებათ.
ოპერის, წმინდა ლაზარეს უბანი
Shopping centre “Saint-Lazare” – ამ უბანში მთლიან ჩაყოლებაზე ნახავთ სხვადასხვა ტიპის მაღაზიებს. აქ ყველაფრის შეძენას შეძლებთ თქვენი სურვილისამებრ. ფაქტობრივად, ეს უბანი უდიდესი საშოპინგო ცენტრია პარიზელებისათვის.
გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი პარიზში? მაშინ დაჯავშნე თბილისი პარიზის ავიაბილეთები დღესვე!
როდის არის საუკეთესო დრო პარიზში სამოგზაუროდ?
გაზაფხულისა და შემოდგომის თვეები საუკეთესოა პარიზში სამოგზაუროდ. ამ დროს, როგორც წესი, შედარებით ნაკლები ტურისტი სტუმრობს ქალაქს და ამინდებიც საკმაოდ თბილია. ეს კი კომფორტულად დასვენების საშუალებას მოგცემთ. თუმცა, ზამთარში მოგზაურობასაც თავისი ხიბლი აქვს, ამინდები როგორც წესი ძალიან ცუდი არ არის პარიზში ამ დროს და თოვლის ფანტელებით დაფარული მდინარე სენას სანაპირო ზოლი საუცხოო სანახავია. ზაფხულში კი მართალია ცხელა, თუმცა ტურისტებით მოჭედილ ბაზრობებზე სიარულსა და პარიზის ღირსშესანიშნაობების პიკის დროს მონახულებასაც განსაკუთრებული შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლია.
არ გადადო! დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება.
როგორ გადავაადგილდეთ პარიზში?
პარიზის სატრანსპორტო სისტემა საკმაოდ გამართული და კეთილმოწყობილია. ერთი პუნქტიდან მეორემდე მისვლას ძალიან მარტივად შეძლებთ. აქ შეგიძლიათ გადაადგილდეთ მეტროთი, ავტობუსებით ან სულაც ტაქსითი.
ტაქსი
სხვა ევროპულ ქალაქებთან შედარებით, პარიზში ტაქსითი მგზავრობა არც თუ ისე ძვირი დაგიჯდებათ. პიკის საათებშიც კი, 4-8 ევროს ფარგლებში შეძლებთ მგზავრობას. ტაქსი ყველაზე კომფორტული და მარტივი გადასაადგილებელი ტრანსპორტია, განსაკუთრებით მაშინ, თუ შორ დისტანციაზე აპირებთ მგზავრობას.
მეტრო
პარიზის მეტრო 14 ხაზისაგან შედგება. იგი დილის 5:30 საათიდან ღამის 1 საათამდე მოგემსახურებათ. 3 დღიანი მეტროს ულიმიტო ბარათი 30 ევრომდე დაგიჯდებათ. პარიზის მეტროსადგურები ყოველდღიურად უამრავ ადამიანს სტუმრობს. ძირითადად, ვაგონები სულ სავსეა ხალხით, თუმცა ყველაზე სწრაფი გადაადგილების საშუალება სწორედ მეტროა. მეტროს ცნობადობა სწორედ პარიზიდან გაიზარდა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში. მეტროს აბონიმენტების შეძენას ასევე შეძლებთ მეტროსადგურებსა თუ ჯიხურებში.
ტრამვაი
პარიზის ტრამვაის 13 ხაზი აქვს და დაახლოებით 100 კილომეტრიან მარშრუტს ფარავს. იმის მიუხედავად, რომ ტრამვაის ხაზები მე-19 საუკუნეშია კონსტრუირებული, ტრამვაი პარიზში გადაადგილების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშუალებაა.
ავტობუსი
ავტობუსებით გადაადგილება პარიზში ძალიან მარტივია. ავტობუსები დილის 5:30 დან ღამის 8:30 მდე მოგემსახურებათ. თუმცა, არსებობს ღამის ავტობუსებიც, რომლებიც ღამე ქალაქში გადაადგილებაში დაგეხმარებათ. მთავარია, არ დაგავიწყდეთ აბონიმენტების შეძენა, ამას კი ნებისმიერ ჯიხურსა თუ მეტროსადგურში შეძლებთ. შეგიძლიათ თავად ავტობუსშივე შეიძინოთ ერთჯერადი ბილეთი 20 ცენტად. ასევე, ჯარიმის თავიდან ასაცილებლად, აუცილებლად დააფიქსირეთ თქვენი ბილეთი მძღოლის გვერდით განთავსებულ აპარატებში.
ფეხით
ფეხით სეირნობა პარიზში გავრცელებული პრაქტიკაა. მდინარე სენას სანაპიროებზე უამრავ ადამიანს შეხვდებით დღის სხვადასხვა დროს, რომლებიც უბრალოდ პარიზული ხედებით ტკბებიან. ფეხით სეირნობით განსაკუთრებით დატკბებით თბილ ამინდებში, წვიმიან ამინდებში კი პარიზელივით შეგიძლიათ ფერადი ქოლგები დაიჭიროთ და აღმოაჩინოთ ქალაქი ადგილობრივივით.
რომელია საუკეთესო პარკები პარიზში?
სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად, პარიზი ცნობილია თავისი პარკებით. აქ უამრავი ადამიანი იკრიბება დასასვენებლად, სათამაშოდ თუ განსატვირთად. პარიზის პარკები ერთ-ერთი ყველაზე ტურისტული ადგილია. რამდენიმე ცნობილ პარკს ჩვენც შემოგთავაზებთ ამ სექციაში.
ლუქსემბურგის ბაღი
Jardin du Luxembourg – ამ პარკში გაზაფხულობით ტურისტებთან ერთად ადგილობრივებიც ხშირად იკრიბებიან. ლუქსემბურგის სასახლის გარშემო გაშენებული ეს პარკი უამრავ მცენარეს, გამწვანებულ სივრცეებსა თუ რეკრეაციულ ზონას იტევს. არ დაგავიწყდეთ, სპეციალურად მოწყობილი ბოულინგისა და ჭადრაკის ზონების ნახვაც.
რენე დუმონის პარკი
Le parc René-Dumont – ეს მშვიდი ადგილი ტურისტებისთვის საკმაოდ მარტივი მისაგნებია. მწვანე საფარში ჩაძირული მოსასვენებელი სივრცეები, წყნარი ატმოსფერო და საფეხმავლო ბილიკებზე მოსეირნე პარიზელები ნამდვილად კარგი დასაკვირვებელია. პარკში ნახავთ რამდენიმე ხელოვნურ ტბასაც.
მარსის ველი
Champ de Mars – მარსის ღვთაების სახელზეა გაშენებული. იგი ეიფელსა და პარიზის სამხედრო სკოლას შორისაა გაშენებული. მარსის პარკი ცნობილი ტურისტული პარკია. აქ ხშირად დასეირნობენ პარიზულ ეიფორიაში მყოფი დამსვენებლები.
ბუტ-შომონის პარკი
Parc des Buttes-Chaumont – ეს პარკი ცნობილია თავისი ხელოვნური ტბებით, მცენარეული საფარითა და ფრანგული ატმოსფეროთი. აქ ნახავთ ჩანჩქერსაც და პარიზის ლამაზი ხედებითაც დატკბებით.
პარკი მონსო
Công viên Monceau – ეს ისტორიული პარკი ლუი მე-16-ის შთამომავლების მიერაა მოწყობილი. დღემდე იგი კულტურულ მნიშვნელობას ინარჩუნებს ადგილობრივებისთვის. პარკი ბევრ ისტორიულ შენობას და მონუმენტს იტევს.
ბაგატელის პარკი
Parc Bagatelle – ამ პარკში ნახავთ როგორც მცენარეთა და ყვავილთა მრავალფეროვნებას, ასევე ისტორიულ შენობებს. პარკი მთლიანად მწვანე ფერშია ჩაფლული და საოცრად მყუდრო ატმოსფეროს ქმნის გადაღლილი დამსვენებლებისთვის. განსაკუთრებით დღის პირველ მონაკვეთში გირჩევდით აქ სტუმრობას.
გადაწყვიტე პარიზში მოგზაურობა? მაშინ მიიღე საუკეთესო შეთავაზება პარიზის ავიაბილეთებზე.
ხშირად დასმული კითხვები პარიზზე
რამდენი დღეა საკმარისი პარიზის მოსანახულებლად?
მინიმუმ 4-5 დღე მაინც გათვალეთ პარიზში სამოგზაუროდ, რათა მოასწროთ ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობების დათვალიერება და ფრანგულ კულტურაზე სრულფასოვნად დაკვირვება.
რა უნდა წავიღოთ პარიზში?
პირველ რიგში, არ დაგავიწყდეთ მოგზაურობისათვის აუცილებელი დოკუმენტებისა და საბუთების გამზადება. ასევე, შეამოწმეთ ყველა საჭირო დამტენი და გაჯეტი. ფოტოების გადაღება თუ გიყვართ, მოამზადეთ ფოტოაპარატიც. ნებისმიერ სეზონზე პარიზში გამოგადგებათ შარფი, რადგან საღამოობით ხშირად ნიავია, მითუმეტეს ეიფელზე თუ აპირებთ ღამით ასვლას. ტანსაცმელი კი დაკვირვებით აარჩიეთ – კომფორტული ფეხსაცმელი და სეზონისათვის შესაფერისი ტანსაცმელი კომფორტული დასვენების საწინდარია.
რით არის გამორჩეული პარიზი?
პარიზი განსაკუთრებულია თავისი მუზეუმებით, არქიტექტურული შენობებითა და კულტურით. აქ მოგზაურობა ფაქტობრივად სხვადასხვა ეპოქაში ერთდროულად გამოგზაურებთ.
რამდენად ძვირია პარიზი?
პარიზი სხვა ევროპულ ქალაქებთან შედარებით ძვირი ქალაქია. დაახლოებით 200 ევრო უნდა გათვალოთ ყოველდღიური ხარჯებისათვის.
რამდენად უსაფრთხოა პარიზში მოგზაურობა?
პარიზის ცენტრში მოგზაურობა საკმაოდ უსაფრთხოა. გაითალისწინეთ, რომ ღამით და გარეუბნებში მარტო სეირნობას მოერიდეთ.
როდის არის საუკეთესო დრო პარიზში სამოგზაუროდ?
პარიზში მოგზაურობა ნებისმიერ სეზონზე დაუვიწყარ თავგადასავალს გპირდებათ, თუმცა ალბათ საუკეთესო დრო ადრეული გაზაფხული ან შემოდგომაა. აპრილსა და მაისის დასაწყისში ან თუნდაც სექტემბერში თბილი და სასიამოვნო ამინდები დაგხვდებათ, რაც თქვენს მოგზაურობას უფრო კომფორტულს გახდის.
რომელია პარიზთან ყველაზე ახლო აეროპორტი?
ORLY – პარიზის ორლის აეროპორტი ქალაქთან ყველაზე ახლოს, 14 კილომეტრში მდებარეობს.
როგორ გავემგზავროთ საქართველოდან პარიზში?
პარიზში გამგზავრებას შეძლებთ როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის აეროპორტებიდან. შეგიძლიათ ნახოთ პირდაპირი ან გადაჯდომით ავიარეისები.
რომელი ავიაკომპანიები დაფრინავენ საქართველოდან პარიზში?
საქართველოდან პარიზში შეგიძლიათ გაემგზავროთ შემდეგი ავიაკომპანიების რეისებით: Air France, Transavia, Wizz Air, Georgian Airways.
როგორ შევიძინოთ პარიზის იაფი ავიაბილეთები?
მოგზაურობის მაქსიმალურად ბიუჯეტურად დაგეგმვისათვის, პირველ რიგში აუცილებელია 1 ან 2 თვით ადრე შეიძინოთ იაფი ავიაბილეთები პარიზში და დასვენება არ დაამთხვიოთ დიდ დღესასწაულებს. საუკეთესო ფასების მისაღებად უნდა გამოიყენოთ ავიაბილეთების საძიებო სისტემა Avia.ge
დამატებითი რეკომენდაციები
გაეცანი სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას პარიზში მოგზაურობის შესახებ