როგორც უკვე ცნობილია, ქართული ავიაკომპანია Geosky-ის სამგზავრო მიმართულება Georgian Wings -ი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით და უკან, რეგულარული რეისების შესრულებას 28 ივლისიდან გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიამ 12 ივლისს გაავრცელა. ავიაბილებეთის გაყიდვები 12 ივლისიდან დაიწყო და მსურველებს მისი შეძენა კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეც უკვე შეუძლიათ.
თბილისი – ბათუმის რეისზე ბილეთის შეძენა 150 ლარიდან იქნება შესაძლებელი და იგი სხვადასხვა მოთხოვნის მიხედვით შეიცვლება, როგორიცაა ბარგის დამატება, ცხოველის გადაყვანა და სხვა. ფრენის ხანგრძლივობა კი 1 საათი იქნება. რაც შეეხება რეისების სიხშირეს, ჯეორჯიან ვინგსი კვირაში 12 ფრენას შეასრულებს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მგზავრებს პირდაპირ რეგულარულ ფრენებს მხოლოდ ავიაკომპანია Georgian Wings -ი სთავაზობს.
“იქნება როგორც დილის, ისე საღამოს ფრენები, კონკრეტულად, დილის ფრენა შესრულდება 09:00 საათზე, ხოლო საღამოს ფრენა კი – 20:00-21:00 საათზე. აღნიშნული დროები სრულად ბაზრის მოთხოვნაზეა მორგებული – მსურველებს დასავლეთ საქართველოში წასვლა დილით შეეძლებათ, საღამოს კი უკან დაბრუნების შესაძლებლობა ექნებათ. ცხადია, ახალი წამოწყება ძალიან მომგებიანია ტურიზმისთვისაც”, – განაცხადა GeoSkys-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა.