დიდებული და ულამაზესი სტამბოლი ყოველთვის ახერხებს სტუმრების მოხიბვლასა და გაოცებას თავისი ენერგიული და სიცოცხლით სავსე ცხოვრების სტილით, გამორჩეული არქიტექტურით, კულტურით, უგემრიელესი კერძებით და სხვა. ეს ის ქალაქია, რომლის ერთხელ მონახულების შემდეგ წარმოუდგენელია უკან დაბრუნების სურვილი არ გაგიჩნდეთ.

სტამბოლის განსაკუთრებულობა ბოლომდე რომ შეიცნოთ და ამ ქალაქში დაუვიწყარი დღეები გაატაროთ, მნიშვნელოვანია რა უნდა მოინახულოთ და რა უნდა გააკეთოთ თქვენი ვიზიტის განმავლობაში. ამ სტატიაში სწორედ იმ ადგილებსა და აქტივობებს გაგაცნობთ, რაც სტამბოლში მოგზაურობისას არ უნდა გამოტოვოთ.

აია სოფია

მე-6 საუკუნეში აგებული ტაძარი სტამბოლის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. მისი საუცხოო არქიტექტურა, ულამაზესი ორნამენტები და მოზაიკები, მოხატული კედლები აია სოფიას ნამდვილ არქიტექტურულ შედევრად აქცევს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სწორედ ამიტომ, სტამბოლში მოგზაურობა მისი მონახულების გარეშე წარმოუდგენელია.

თოფქაფის სასახლე

სასახლე, რომელიც ოსმალეთის იმპერიის ადმინისტრაციულ ძეგლს წარმოადგენდა 1465-1813 წლებში, სტამბოლის აუცილებლად სანახავ ადგილებს შორის მოწინავე ადგილს იკავებს. უმშვენიერეს სასახლესთან ერთად აქ ნახავთ გასაოცარ ბაღებს შადრევნებითა და ყვავილებით. შეხვდებით ისტორიული მნიშვნელობის ნივთებს, როგორებიცაა იარაღები, აბჯრები, ჭურჭელი, ძვირფასი ქვები, ტანსაცმელი, უძველესი ხანის საათები და ა.შ. თოფქაფის სასახლე ნამდვილი ისტორიული და კულტურული საგანძურია, ამიტომ მის ნახვას აუცილებლად გირჩევთ.

სულთან აჰმედის მეჩეთი

სულთან აჰმედის მეჩეთი, რომელსაც, ასევე, „ლურჯ მეჩეთს“ უწოდებენ სტამბოლის ნამდვილი მშვენებაა. მეჩეთის შიდა კედლები მორთულია ხელით მოხატული 20, 000 -მდე ლურჯი კრამიტით. სწორედ ამ სილამაზის სანახავად სტუმრობს უამრავი ტურისტი სულთან აჰმედის მეჩეთს. გაითვალისწინეთ, რომ მეჩეტი ჩვეულებრივად ფუნქციონირებს, ამიტომ ლოცვის დროს შესვლა არ შეიძლება.

ტიტების ფესტივალი

სტამბოლში ყოველწლიურად, აპრილის თვეში, ტიტების ფესტივალი ტარდება. ეს ნამდვილი ზღაპრული სანახაობაა, რომელსაც უამრავი ადამიანი სტუმრობს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. ამ დროს ქალაქი სხვადასხვა ფერის, ულამაზესი ტიტებით ივსება. მეყვავილეები საოცარ კომპოზიციებს აგებენ პარკებში, მოედნებზე, სანაპიროებზე და სხვადასხვა ტურისტულ ადგილებში. განსაკუთრებით პოპულარულია Yildiz -ის და Emigran -ის პარკები, ასევე, ქალაქის მთავარი მოედანი. თუ ყვავილები და ფესტივალები გიტაცებთ, სტამბოლის ტიტების ფესტივალს ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა დაესწროთ.

სტამბოლის დიდი ბაზარი Grand Bazaar

დიახ, სტამბოლში ბაზარიც კი ღირსშესანიშნაობად და ტურისტულ ადგილად ითვლება. მიუხედავად იმისა, შეიძენთ თუ არა რამეს, სტამბოლის ბაზარი მოსანახულებლად ნამდვილად ღირს. Grand Bazaar უძველესი და უდიდესი დაფარული ბაზარია მსოფლიოში. აქ თქვენს ყურადღებას მიიპყრობს სპილენძისა და ფერწერული თიხის ულამაზესი ნაკეთობები, მოზაიკური ხალიჩები, ბიზანტიური სტილის სამკაულები და ჭურჭელი, სანათები, თეთრეული და სხვა თვალწარმტაცი ნივთები.

სანელებლების ბაზარი

Grand Bazaar -თან ახლოს მდებარეობს შედარებით პატარა სანელებლების ბაზარი, რომელსაც ეგვიპტურ ბაზარსაც უწოდებენ. მე-16 საუკუნეში აშენებული ბაზარი სავსეა დახლებით, რომელბზეც შეხვდებით მრავალი სახეობის სანელებლებს, ტკბილეულს, ჩაის, ჩირს და სუვენირებს. დახლებზე განლაგებული ეს პროდუქცია ულამაზეს სანახაობს ქმნის, ამიტომ საყიდლებთან ერთად, თქვენ ბაზრის დათვალიერებითაც გაერთობით.

ბოსფორის კრუიზი

ბოსფორზე კრუიზით გასეირნება და სტამბოლის ულამაზესი ხედებით დატკბობა თქვენს მოგზაურობას სრულყოფილს გახდის. ეს იქნება მოგონება და შთაბეჭდილება, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ. ამიტომ, ნუ იტყვით უარს ბოსფორის ტურზე.

სტამბოლის ყველაზე ცნობილი ქუჩა

ულამაზესი ისტიკლალის ქუჩა „Istiklal” , რომელსაც საკმაოდ ხშირად ვხედავთ ფოტოებზე, სტამბოლის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ქუჩაა. თაქსიმის მოედანზე მდებარე „დამოუკიდებლობის გამზირი“ (სწორედ ასე ითარგმნება ქუჩის სახელწოდება) 1.5 კმ სიგრძის საქვეითო ქუჩაა, სადაც შეხვდებით უამრავ მაღაზიას, რესტორნებსა და კაფე-ბარებს. ისტიკლალის ქუჩაზე ნახავთ ტრამვაის, რომელიც ამ ქუჩის მთავარი სანახაობაა.

მადამ ტუსოს მუზეუმი

ისტიკლალზე გასეირნების შემდეგ შეგიძლიათ მადამ ტუსოს ცვილის მუზეუმს ესტუმროთ. მუზეუმში შეხვდებით ცნობილი ადამიანების ცვილის ფიგურებს. მსახიობები, მომღერლები, სპორტსმენები, ისტორიული პირები, ფილმებისა და ანიმაციების პერსონაჟები მადამ ტუსოს მუზეუმში ცვილის ფიგურებით შეგხვდებათ და შეიძლება რეალური ადამიანისგან გარჩევაც კი გაგიჭირდეთ. ასეთ საინტერესო და სახალისო სანახაობას მადამ ტუსოს მუზეუმი 24 ქალაქში გვთავაზობს, ერთ-ერთი მათგანი კი სტამბოლია.

თურქული სამზარეულო

თურქული სამზარეულოს გამორჩეული კერძები რომ აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ, ამას ალბათ შეხსენება არც სჭირდება. თუ თურქეთის კულტურა კარგად გინდა შეიგრძნოთ, თურქული ჩაი ან ყავა აუცილებლად უნდა მიირთვათ კაფეში. შემდეგ კი შეგიძლიათ ისეთი გემრიელი კერძები გასინჯოთ, როგორებიცაა: ბაქლავა, დონერი, კოფტე, პიდე, მეზე და ა.შ.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები როტერდამის მიმართულებით
შემდეგი სტატიაავიაბილეთები სანტორინის მიმართულებით
2.7 3 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments