ლიეტუვური ავიაკომპანია GetJet Airlines-ი მიმდინარე ტურისტულ სეზონზე საქართველოს მიმართულებით ფრენებს განაახლებს. ავიაკომპანია 15 აგვისტოდან შეუდგება ოპერირებას ვილნიუსი ბათუმი ტალინი საჰაერო ხაზზე. ავიაკომპანიის თვითმფრინავი მგზავრების ტრანსპორტირებას ჯერ ვილნიუსი-ბათუმის მიმართულებაზე განახორციელებს, ხოლო შემდგომ ბათუმი-ტალინის მიმართულებაზე.
თბილისისა და ბათუმის ოპერატორ კომპანია TAV Georgia აცხადებს, რომ გაწერილი განრიგის მიხედვით ავიაკომპანია აღნიშნულ მიმართულებაზე ფრენებს 29 სექტემბრამდე განახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ ლიეტუვური ავიაკომპანია GetJet Airlines-ი საქართველოს ავიაბაზარზე 2019 წელს შემოვიდა და ვილნიუსი ბათუმის მიმართულებით რამდენიმე ჩარტერული რეისი განახორციელა.
ავიაკომპანია სპეციალიზირებულია ჩარტერულ ფრენებზე და ასევე თვითმფრინავების ლიზინგით გაცემაზე. GetJet Airlines-ის თვითმფრინავები ასევე დაფრინავენ საერთაშორისო ავიაკომპანიების სახელით, მათ შორის LOT Polish Airlines, Air Malta, TUIfly, Finnair, Tunisair და სხვა.