ლატვიური ავიაკომპანია airBaltic საქართველოს მიმართულებით ფრენებს, დროებით წყვეტს. გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის 7 იანვრიდან ამავე წლის 7 თებერვლამდე ავიაკომპანია რიგა თბილისი , თბილისი რიგის საჰაერო ხაზზე ოპერირებას აჩერებს. ამ დროისათვის, აღნიშნულ თარიღებზე, დაჯავშნის სისტემებში ავიაბილეთები აღარ იძებნება.
როგორც airBaltic -ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა თემურ ბუზალაძემ განაცხადა, აღნიშნულის მიზეზი კომპანიის ავიაპარკში საჰაერო ხომალდების არასაკმარისი რაოდენობაა.
„ზამთრის სანავიგაციო სეზონზე კომპანიას თვითმფრინავების რაოდენობის კუთხით გარკვეული პრობლემა აქვს. თუმცა რეისები განახლდება და ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე უკვე ყოველდღიურ ფრენებზე გადავა“, – აცხადებენ Discovery-ში.
ლატვიური ავიაკომპანია 1995 წელს დაფუძნდა, თუმცა 2008 წელს პირველი ნაბიჯები გადადგა საერთაშორისო ბაზარზე და რიგის საერთაშორისო აეროპორტში დაფუძნებული ბაზა დასავლეთ-აღმოსავლეთის დამაკავშირებელ წერტილად აქცია. ეარბალტიკი ს დამატებითი ბაზები ასევე მდებარეობს ტალინისა და ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტებშიც.