სსიპ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (GCAA) მსოფლიოსთან კავშირებს უზრუნველყოფს, ასევე ხელს უწყობს ტურიზმს, ვაჭრობასა და საერთო კეთილდღეობას.
GCAA საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ მუშაობს და მთავარი მოვალეობა სამოქალაქო ავიაციის ყველა კომპონენტისა და ქვეყნის საჰაერო სივრცის რეგულირება, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფაა.
ავიაციის სააგენტოს დაარსებიდან ევროინტეგრაციამდე
ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად საჭირო გახდა ორგანო, რომელიც იზრუნებდა საერთაშორისო საავიაციო სისტემაში ინტეგრაციაზე და მართავდა აღნიშნულ პროცესებს. სწორედ ამის შემდეგ ჩაეყარა საფუძველი საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს.
GCAA -ს დამოუკიდებლობის წლები და ICAO-ს წევრობა
როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ცენტრალიზებული მმართველობის ჩასანაცვლებლად, როგორც ყველა სხვა სფეროში, ასევე ავიაციაშიც აუცილებელი გახდა ცალკე სისტემის შექმნა და დაიწყო საერთაშორისო ნორმებზე დაფუძნებული კანონმდებლობის შემუშავება. ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO) გაწევრიანება იყო. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც უსაფრთხოებისა და საჰაერო მიმოსვლის საერთაშორისო სტანდარტებს ადგენს. ICAO არის გაეროს სპეციალიზებული სააგენტო. მისი წევრობით საქართველომ აიღო პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომ ქვეყნის საავიაციო კანონმდებლობა სრულად მოერგებოდა და დააკმაყოფილებდა ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ რეკომენდებულ პრაქტიკასა (SARPs) და დადგენილ წესებს.
EASA-სკენ მიმავალი გზა, ანუ ევროპული სტანდარტების დანერგვის ეტაპი
ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისიდან საქართველოს ავიაციის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპულ საავიაციო სივრცეში ინტეგრაცია გახდა, რაც უფრო მეტად წამოიწია წინ მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გაფორმდა.
- სტრუქტურული რეფორმა (სსიპ): სსიპ სტატუსი სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელმა სააგენტომ 2011 წელს მიიღო. ეს კი მის ავტონომიურობას უზრუნველყოფს, გადაწყვეტილების მიღების პროცესში კი ხელს უწყობს მოქნილობასა და ეფექტურობას, რაც საავიაციო სისტემაში აუცილებელი პირობაა.
- EASA-ს რეგულაციები: საქართველოს საავიაციო სააგენტო დღემდე აქტიურად მუშაობს, რომ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) რეგულაციები მაქსიმალურად გაითვალისწინოს და ეროვნულ კანონმდებლობაში დანერგოს, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ თუ ყველა პირობა ზედმიწევნით შესრულდება, გვეყოლება მომავალში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი უსაფრთხოების დონე. ასევე აღსანიშნავია, რომ EASA-სთან დაახლოება ევროპულ ბაზარზე შეუზღუდავი წვდომის მისაღებად აუცილებელი იყო.
- EU 261: სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უკავშირდება EU 261-ის პრინციპზე დაფუძნებული კანონის შემოღება საქართველოში, რაც ითვალიწინებს მგზავრების უფლებების დაცვას და მაშ შორის ისეთს როგორიც არის ფრენის კომპენსაცია, რაც გულისხმობს ფრენის დაგვიანების, გადადების ან გაუქმების შემთხვევასი ფულად კომპენსაციას.
რისი კონტროლი ევალება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფუნქცია-მოვალეობები მრავალფეროვანია. ის უშიშროების, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური რეგულირების ყველა ასპექტს მოიცავს.
ავიაკომპანიების სერტიფიცირება და ფრენის უსაფრთხოება
GCAA-ს საქმიანობაში მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოებაა. სააგენტო მუდმივად ზედამხედველობს:
- ავიაკომპანიების სერტიფიცირება: საჰაერო ოპერატორების სერტიფიკატების გაცემა (AOC) და კონტროლი GCAA-ს მოვალეობაა. აღნიშნული სერტიფიკატი დასტურია იმისა, რომ ავიაკომპანია კომერციული ფრენების შესასრულებლად ყველა საჭირო უსაფრთხოების მოთხოვნას აკმაყოფილებს.
- საჰაერო ტრანსპორტის ვარგისობა: სააგენტო ასევე აკონტროლებს თვითმფრინავების სარეგისტრაციო ვარგისობასა და ტექნიკურ მდგომარეობას.
- ნავიგაციისა და აეროდრომების სერვისები: სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ეხება საჰაერო მოძრაობის მართვის (ATM) სერვისების ხარისხის კონტროლი და ასევე აეროპორტების სერტიფიცირებაც.
ანტიტერორისტული კონტროლი და საავიაციო უშიშროება
ტერორიზმი, დივერსია – ეს არის უკანონო ჩარევის აქტები. საავიაციო უშიშროება თავის თავში ავიაციის დაცვას გულისხმობს და პასუხისმგებლობას იღებს:
- უშიშროების პროგრამების დამტკიცება: ავიაკომპანიებისა და აეროპორტების უშიშროების პროგრამების შემუშავება და შესრულებაზე მკაცრი კონტროლი.
- უსაფრთხოების პროცედურები: აუცილებელია ბარგისა და მგზავრების შემოწმების სტანდარტების დაცვა ყველა იმ მოთხოვნის შესაბამისად, რომელიც დაწესებული აქვს ICAO-ს და EASA-ს.
ავიასპეციალისტების ლიცენზირება და მომზადება
საავიაციო სამყაროში პერსონალის კვალიფიცირებაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, მათ შორის, დიდწილად, უსაფრთხოების დონე. რადგანაც ეს ასეთი მნიშვნელოვანია, კადრების მომზადების პროცესს GCAA აკონტროლებს და თავად გასცემს ლიცენზიებს.
- პილოტები (ATP, CPL): საავიაციო მოწმობების შეჩერება, განახლება და გაცემა.
- საჰაერო მოძრაობის დისპეჩერები (ATC): სამუშაო პრაქტიკისა და მომზადების ცენტრების ზედამხედველობა.
- თვითმფრინავის ტექნიკური პერსონალი: სერტიფიცირება და კვალიფიკაციის დადგენა.
ეკონომიკური რეგულირება საჰაერო სივრცეში
ყველაფერთან ერთად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო საჰაერო ტრანსპორტის ბაზარსაც არეგულირებს, რაც კონკურენტუნარიანი და ღია ბაზრის შესანარჩუნებლად უმნიშვნელოვანესია.
- საჰაერო მიმოსვლის ნებართვები: საერთაშორისო შეთანხმებების ფარგლებში უცხოური ავიაკომპანიებისთვის ფრენებზე ნებართვების გაცემა.
- ბაზრის ლიბერალიზაცია: ხელს უწყობს “ღია ცის” პრინციპების დანერგვას, რაც ზრდის ფრენების რაოდენობას და ამცირებს ავიაბილეთების ფასებს მომხმარებლისთვის.
საერთაშორისო ურთიერთობები და სამოქალაქო ავიაციის სააგნტოს როლი
საერთაშორისო თანამშრომლობა GCAA-ს საქმიანობის განუყოფელი ნაწილია, რადგან სამოქალაქო ავიაცია გლობალური ინდუსტრიაა.
- ICAO-ს აუდიტები: სააგენტო და ეროვნული სისტემა მუდმივად უნდა აკმაყოფილებდეს გლობალურ სტანდარტებს, ამიტომ GCAA მუდმივად ემზადება ICAO-ს უსაფრთხოების ყოვლისმომცველი აუდიტისთვის (USOAP), რათა ეს ყველაფერი დაადასტუროს.
- EASA/ECAC: GCAA უზრუნველყოფს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების დროულ და სრულყოფილ შესრულებას, ამიტომ სააგენტოს აქვს მუდმივი კომუნიკაცია ევროპულ საავიაციო სტრუქტურებთან, რაც ჩვენს ქვეყანას ეტაპობრივად აახლოებს ევროპის საერთო საავიაციო სივრცესთან.
- ორმხრივი ხელშეკრულებები: ორმხრივი შეთანხმებები ქართულ ავიაკომპანიებს ახალი მიმართულებების ათვისების საშუალებას აძლევს. GCAA კი უზრუნველყოფს შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს სხვა ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებებთან ორმხრივი შეთანხმებების გაფორმების მიზნით.
მგზავრთა ნაკადის ზრდა და ავიაციის სააგენტოს წვლილი
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, დროდადრო, აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის შესახებ ინფორმაცია აქვეყნებს. ეს სტატისტიკა კი ნათლად ასახავს მათი მუშაობის შედეგებს. აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ათწლეულში, საქართველომ მნიშვნელოვანი ზრდა დააფიქსირა:
- ისტორიული პიკი: 2019 წლის მონაცემებით, სამი ძირითადი აეროპორტის მგზავრთა ნაკადის ჯამურმა რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა, რაც საქართველოს საავიაციო ისტორიაში უპრეცედენტო მაჩვენებელი იყო, და მგზავრთა რეკორდული მაჩვენებელი საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში.
- ბაზრის ლიბერალიზაციის ეფექტი: ზრდა მნიშვნელოვნად განპირობებულია GCAA-ს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებების გაფორმებით და გატარებული “ღია ცის” პოლიტიკით. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საქართველოში უამრავი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შემოვიდა. ეს ავიაკომპანიები კი მნიშვნელოვნად ზრდიან კონკურენციას და ხელს უწყობენ ტურიზმს.
- პოსტ-პანდემიური აღდგენა: მსოფლიოში არსებული COVID-19-ის კრიზისის მიუხედავად, GCAA-მ შეძლო უსაფრთხოების ახალი პროტოკოლების დანერგვა და ბაზრის სწრაფი აღდგენის ხელშეწყობა, რამაც საქართველოს საშუალება მისცა, რეგიონში ერთ-ერთი პირველი ყოფილიყო, ვინც ფრენები სწრაფად აღადგინა.
ყველა ეს მონაცემი ხაზს უსვამს GCAA-ს როლს: როგორც ორგანოს, რომელიც ზრუნავს უსაფრთხოებაზე და, ამავე დროს, ბაზრის აქტიური ხელშემწყობი და მარეგულირებელი სააგენტოა.
საკონტაქტო ინფორმაცია და რესურსები
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო საზოგადოებისთვის, მედიისა და ბიზნეს სუბიექტებისთვის მაქსიმალურად ღიაა.
- ოფიციალური სახელწოდება: სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო
- მისამართი: თბილისი, I ხეივნის ქუჩის დასაწყისი
- ცხელი ხაზი / ელ. ფოსტა: (+995 32) 2 94 80 14 / [email protected]









