კრაკოვი – მარტივი გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის

კრაკოვი პოლონეთის ერთ-ერთი უძველესი და სიდიდით მეორე ქალაქია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქვეყნის დედაქალაქი იყო და დღესაც მის კულტურულ ცენტრად ითვლება. ქალაქის ისტორიული ცენტრი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ძველი ქალაქი, ვაველის სამეფო ციხე, კაზიმეჟის უბანი და პოლონური სამზარეულო ნებისმიერ მოგზაურს მოხიბლავს. ამ გზამკვლევში გაგაცნობთ კრაკოვის საუკეთესო უბნებს დასარჩენად, ღირსშესანიშნაობებს, კაფე-რესტორნებს, შოპინგის ადგილებსა და პარკებს. avia.ge-სთან ერთად კი კრაკოვში მოგზაურობას მარტივად და იაფად დაგეგმავთ.

საინტერესო ფაქტები

ენა

სახელმწიფო ენა

პოლონური

სასმელი

ერთი ბოთლის ღირებულება (330ml)

zł 9

დროის ზონა

ზაფხულში GMT+2

GMT+1

ვალუტა

პოლონური ზლოტი

zł

კვება

სადილის ღირებულება

zł 35-70

ელექტრობა

Plug type: C / E

2 pins • 230V

აღმოაჩინე კრაკოვი

სად დავრჩეთ კრაკოვში?

დასარჩენი ადგილი თქვენზე მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს. გირჩევთ, წინასწარ განსაზღვროთ თქვენი პრიორიტეტები – ტურისტულ ადგილას დარჩენას ამჯობინებთ თუ შედარებით მშვიდ უბანში, ქალაქის ხმაურისაგან შორს. ასევე, მნიშვნელოვანია როგორი მოგზაურობის ტიპს ანიჭებთ უპირატესობას. დაბლა შემოგთავაზებთ რამდენიმე პოპულარულ უბანს კრაკოვში დასარჩენად.

ძველი ქალაქი (Stare Miasto) – ეს ადგილი განსაკუთრებით პოპულარულია ტურისტებისთვის. იგი ქალაქის მთავარი ისტორიული ნაწილია, რომელსაც გარს პლანტის პარკი (Planty) უვლის. აქვეა მთავარი ბაზრის მოედანი და ბევრი ღირსშესანიშნაობა. თუ ქალაქს პირველად სტუმრობთ, გირჩევთ ძველ ქალაქში დაიდოთ ბინა.

სტრადომი (Stradom) – ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული უბანი, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს. თუმცა, სტრადომი შედარებით წყნარი ადგილია. თანაც, აქ ბევრი ეკლესია-მონასტერი და შუასაუკუნეების შენობა დაგხვდებათ.

კაზიმეჟი (Kazimierz) – ქალაქის ისტორიული ებრაული უბანი, რომელიც ცნობილია თავისი ძველი სინაგოგებითა და მუზეუმებით. ნოვის მოედანზე (Plac Nowy) ბაზრობები და ფლი-მარკეტები იმართება. უბანში შეგხვდებათ სხვადასხვა ტიპის მაღაზიები, გალერეები, კაფეები და ბარები.

ოკოლი (Okół) – ძველ ქალაქსა და ვაველის ბორცვს შორის მდებარე ერთ-ერთი უძველესი უბანი. აქ ბევრი გოთიკური და რენესანსის სტილის შენობა დაგხვდებათ. ამ ფერად და ისტორიულ ადგილას სასიამოვნოდ შეძლებთ დროის გატარებას.

კლეპარცი (Kleparz) – უბანი ქალაქის ცენტრალური მოედნიდან ახლოს მდებარეობს. კლეპარცი ცნობილია თავისი ბაზრობებით, აქ ადგილობრივების ცხოვრების რიტმს უკეთ დააკვირდებით. თანაც, უბანში მდებარეობს მე-19 საუკუნის შენობები და ისტორიული ტაძრები.

მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას

რა ვნახოთ კრაკოვში?

კრაკოვი მსოფლიოში პოპულარული ისტორიული ქალაქია. პოლონეთის ამ ყოფილ დედაქალაქს დიდი წარსული აქვს, რაც მისი ღირსშესანიშნაობების მრავალფეროვნებაზეც აისახება. დაბლა შემოგთავაზებთ კრაკოვის ცნობილ ტურისტულ სანახაობებს.

აუშვიც-ბირკენაუ – ნაცისტური გერმანიის ყოფილი საკონცენტრაციო და განადგურების ბანაკი, დღეს მემორიალი და მუზეუმი, რომელიც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია. იგი ქალაქ ოსვენციმში, კრაკოვიდან დაახლოებით 65 კილომეტრში მდებარეობს და ხშირად ერთდღიანი ექსკურსიით ინახულებენ. აქ ნახავთ ბანაკის შემორჩენილ ნაგებობებს, ისტორიულ ფოტოებსა და პატიმრების პირად ნივთებს.

კოშციუშკოს ბორცვი XIX საუკუნის დასაწყისში, პოლონეთის ეროვნული გმირის, ტადეუშ კოშციუშკოს პატივსაცემად აიგო. ის ქალაქის დასავლეთ ნაწილში, მწვანე ზონაში მდებარეობს და მისი მწვერვალიდან კრაკოვზე ულამაზესი ხედები იშლება. ბუნებაში სეირნობის მოყვარულებისთვის იდეალური ადგილია.

ბენქსის მუზეუმი კაზიმეჟის უბანში, XIX საუკუნის ყოფილი ქარხნის შენობაში მდებარეობს. აქ წარმოდგენილია ცნობილი ქუჩის ხელოვანის, ბენქსის 150-ზე მეტი ნამუშევრის რეპროდუქცია – მურალები, ნახატები, გრაფიკა და ვიდეოები. თანამედროვე და ქუჩის ხელოვნების მოყვარულებისთვის საინტერესო გამოფენაა.

ენერჯილანდია პოლონეთის ერთ-ერთი უდიდესი გასართობი პარკია, რომელიც ქალაქ ზატორში, კრაკოვიდან დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარეობს. აქ 100-ზე მეტი ატრაქციონია, მათ შორის ამერიკული გორაკები და წყლის პარკი. თუ განტვირთვა და გართობა გსურთ, ენერჯილანდიას აუცილებლად უნდა ესტუმროთ.

სევერინ უძელას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი კაზიმეჟის ისტორიულ რატუშაში მდებარეობს. აქ ინახება პოლონური ხალხური ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები და ხელოვნების ნიმუშები, ძირითადად XIX-XX საუკუნეებიდან. თუ გსურთ გაიგოთ, როგორ ცხოვრობდა პოლონელი ხალხი, ეთნოგრაფიულ მუზეუმს უნდა ესტუმროთ.

ოსკარ შინდლერის ყოფილ ქარხანაში, პოდგუჟეს უბანში, კრაკოვის მუზეუმის ფილიალი მდებარეობს. აქაური მუდმივი გამოფენა მოგითხრობთ, თუ რა გამოიარა ქალაქმა და მისმა მცხოვრებლებმა, მათ შორის ებრაულმა თემმა, ნაცისტური ოკუპაციის პერიოდში, 1939–1945 წლებში.

პლაშუვის (Płaszów) ყოფილი ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორია დღეს მემორიალია, რომელიც ნაცისტური რეჟიმის მსხვერპლთა, მათ შორის ებრაელთა ხსოვნას ეძღვნება. ეს ადგილი განსაკუთრებით საინტერესო იქნება ისტორიის მოყვარულებისთვის.

ვაველის ბორცვზე მდებარე სამეფო ციხე-სასახლე და საკათედრო ტაძარი კრაკოვის მთავარი სიმბოლოებია. საუკუნეების განმავლობაში აქ პოლონეთის მეფეების რეზიდენცია იყო, ტაძარში კი მეფეებს აკურთხებდნენ და კრძალავდნენ. აქ ვიზიტი პოლონეთის ისტორიაში გამოგზაურებთ – დაათვალიერებთ სამეფო პალატებს, საგანძურსა და ტაძრის სამლოცველოებს.

კრიკოტეკა – ხელოვნების ცენტრი, რომელიც ცნობილი პოლონელი თეატრის რეჟისორისა და მხატვრის, ტადეუშ კანტორის შემოქმედებას ეძღვნება. ის ვისლის სანაპიროზე, პოდგუჟეში, თანამედროვე შენობაში მდებარეობს. აქაურობა არა მხოლოდ გამოფენების ადგილი, არამედ სპექტაკლების, ვორქშოფებისა და შეხვედრების სივრცეცაა.

გენერალ ემილ ფილდორფის “ნილის” სახელობის საშინაო არმიის (Armia Krajowa) მუზეუმი მეორე მსოფლიო ომის დროს მოქმედ პოლონურ წინააღმდეგობის მოძრაობას ეძღვნება. აქ ნახავთ იარაღს, დოკუმენტებს, ფოტოებსა და სხვა ისტორიულ არტეფაქტებს.

ფრენები კრაკოვში

სად ვჭამოთ კრაკოვში?

კრაკოვის ტრადიციული სამზარეულო ნამდვილ გურმანებსაც კი არ დაუტოვებს კრიტიკის საბაბს. აქაური რესტორნები, კაფეები და პაბები მუდამ მზად არიან თქვენ შესახვედრად. დაბლა გაგიზიარებთ პოპულარულ საკვებ ობიექტებს.

U Babci Maliny – ამ რესტორანს უზარმაზარი მენიუ აქვს, მაგრამ გირჩევთ არ დაიბნეთ და შეუკვეთოთ პიეროგი! პოლონური სამზარეულოს შედევრი. აქაურობა ყველაზე პოპულარულია ტრადიციული საჭმლის დასაგემოვნებლად.

Gościnna Chata – ასევე პოპულარული ადგილი კლასიკური კერძების დასაგემოვნებლად. თუმცა, რესტორანი ძალიან ცნობილია, ამიტომ წინასწარ დაჯავშნეთ ან ადრეულად მიდით.

Kuchnia u Doroty – ამ რესტორანში დააგემოვნებთ პოლონურ გულაშის სუპს და კარტოფილის ხრაშუნა ბლინებს.

BaniaLuka – ამ ბარში შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც მრავალნაირი სასმელი, ასევე ადგილობრივი კერძების მთელი ასორტიმენტი.

Multi Qlti Tap Bar – ამ ბარში ძალიან კარგად შეძლებთ დროის გატარებას. აქაური მუსიკა და ალკოოლური სასმელი დადებითად იმოქმედებს თქვენს განწყობაზე.

Wódka Café Bar – ამ პატარა ბარში კი არაყის მრავალფეროვან არჩევანს ნახავთ, მათ შორის არომატიზებულ პოლონურ ნაყენებს. კრაკოვის ბარებში გართობას და განტვირთვას იდეალურად შეძლებთ.

Plac Nowy – კაზიმეჟის ნოვის მოედანი ცნობილია ზაპიეკანკებით (zapiekanka) – გრძლად გაჭრილი ბაგეტით, რომელსაც სოკოსა და ყველთან ერთად აცხობენ და სოუსით მიირთმევენ. მოედნის ცენტრში მდებარე მრგვალ შენობაში რამდენიმე ჯიხურია, რომლებიც გვიან ღამემდე მუშაობს. იაფი და გემრიელი სადილისთვის ეს საუკეთესო ადგილია.

Chimera – ეს რესტორანი ძველ ქალაქში, წმინდა ანას ქუჩაზე, ისტორიული შენობის სარდაფში მდებარეობს. აქ დააგემოვნებთ ადგილობრივ და ევროპულ კერძებს მყუდრო და კომფორტულ გარემოში. Cafe Europejska – ეს კაფე-რესტორანი კრაკოვის მთავარ ბაზრის მოედანზე მდებარეობს. აქ დააგემოვნებთ პოლონურ და ევროპულ კერძებს, დესერტებსა და ყავას. კაფის ინტერიერი ელეგანტურია, ხოლო ფანჯრებიდან მოედანზე ლამაზი ხედი იშლება.

კრაკოვში აუცილებლად გასინჯეთ პიეროგი – სხვადასხვა შიგთავსით მომზადებული ხინკლის მსგავსი ცომეული, და ჟურეკი (żurek) – მჟავე ჭვავის ფქვილზე მომზადებული სუპი, რომელსაც ხშირად პურის ჯამში მიირთმევენ. ქუჩაში ყველგან შეგხვდებათ ობვაჟანეკი (obwarzanek krakowski) – კრაკოვის ტრადიციული რგოლისებრი პური, რომელსაც ევროკავშირის გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა აქვს.

 

 

ახლოდან დანახული კრაკოვი

სად ვიშოპინგოთ კრაკოვში?

კრაკოვში ნახავთ როგორც ცნობილ ბრენდებს, დიდი მოლებსა და საერთაშორისო მაღაზიებს, ასევე ადგილობრივი წარმოების ბევრ მაღაზიასა და ბაზრობებს თუ ფლი-მარკეტებს.

Galeria Krakowska – ქალაქის ერთ-ერთი უდიდესი საშოპინგო ცენტრი, რომელიც მთავარი რკინიგზის სადგურის გვერდით მდებარეობს. აქ 200-ზე მეტი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბრენდის მაღაზია დაგხვდებათ. თანაც, მოლში მდებარეობს კვების ობიექტებიც.

Bonarka City Center – ამ გალერეაში არის როგორც უამრავი მაღაზია, ასევე განტვირთვისა და დასვენების ბევრი ცენტრიც, მათ შორის კინოთეატრი ან კვების ობიექტები. მოლი ქალაქის სამხრეთ ნაწილში, პოდგუჟის რაიონში მდებარეობს.

Galeria Kazimierz – კაზიმეჟის მახლობლად მდებარე ამ სავაჭრო ცენტრში პოპულარულ საერთაშორისო ბრენდებს ნახავთ. აქ მარტივად და ხელსაყრელად შოპინგს შეძლებთ.

სუკიენიცე, ანუ მაუდის რიგები, მთავარი ბაზრის მოედნის ცენტრში მდებარე ისტორიული სავაჭრო დარბაზია, სადაც შუა საუკუნეებში ვაჭრები ქსოვილითა და სხვა საქონლით ვაჭრობდნენ. დღეს აქ სუვენირების, ქარვის სამკაულებისა და ხელნაკეთი ნივთების დახლებია, ზედა სართულზე კი ეროვნული მუზეუმის XIX საუკუნის პოლონური ხელოვნების გალერეა მდებარეობს. შენობა კრაკოვის ისტორიული ცენტრის ნაწილად UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია.

Floriańska Street – ეს ქუჩა კრაკოვის “ძველ ქალაქში” მდებარეობს. აქ სეირნობა ნამდვილი სიამოვნებაა. გოთიკური სტილის შენობების პირველ სართულებზე მოწყობილია ადგილობრივი წარმოების მაღაზიები, კონცეპტ-სთორები და სუვენირების დახლები. შეგიძლიათ აქვე რომელიმე კაფეში შეიაროთ და ყავით ხელში იშოპინგოთ კრაკოვის ამ ულამაზეს ქუჩაზე.

Plac Nowy – ეს ბაზრობა კი კაზიმეჟის, ისტორიული ებრაული უბნის მოედანზე ეწყობა. აქ ნახავთ ძველ ალბომებს, სუვენირებს, ფირფიტებს და სხვა ორიგინალურ ნივთებს.

Plac Targowy Unitarg – ამ მოედანზე კი კვირაობით ადგილობრივი ბაზრობა და ფლი-მარკეტი ეწყობა. აქ გასინჯავთ პოპულარულ პოლონურ საკვებს, გაატარებთ დროს ადგილობრივების ატმოსფეროში და დაათვალიერებთ ადგილობრივ საქონელს.

Stary Kleparz – კრაკოვის ერთ-ერთი უძველესი ბაზარი, რომელიც ძველი ქალაქის ჩრდილოეთით, კლეპაჟის უბანში მდებარეობს. აქ ადგილობრივები ხილს, ბოსტნეულს, ყვავილებს, ყველსა და ხორცის ნაწარმს ყიდულობენ. ბაზარი კარგი ადგილია ადგილობრივი პროდუქტების გასასინჯად და პოლონური ყოველდღიური ცხოვრების დასანახად.

გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი კრაკოვში? მაშინ დაჯავშნე ქუთაისი კრაკოვის ავიაბილეთები დღესვე!

როდის არის საუკეთესო დრო კრაკოვში სამოგზაუროდ?

კრაკოვი საერთაშორისოდ ცნობილი სამოგზაურო ადგილია. აქაურობა ნებისმიერ სეზონზე ტურისტების მრავალრიცხოვნებით გამოირჩევა. განსაკუთრებით გირჩევთ კრაკოვში ვიზიტს ზაფხულობით, წელიწადის ამ დროს ქალაქში თბილი ამინდებია და სეირნობისთვის იდეალური პირობებია. ზაფხულობით კრაკოვში სხვადასხვა ფესტივალი და ღია ბაზრობებიც იმართება. გაზაფხულისა და შემოდგომის თვეებშიც პოპულარულია კრაკოვში მოგზაურობა, თუმცა ხშირია ამინდის ცვლილებები და ქოლგა უნდა იქონიოთ თან, ყოველი შემთხვევისთვის. ზამთარში კი შეძლებთ საშობაო დღესასწაული გაატაროთ კრაკოვში და ადგილობრივ საშობაო ბაზრობებზე ისეირნოთ.

არ გადადო! დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება.

როგორ გადავაადგილდეთ კრაკოვში?

კრაკოვში გადაადგილებას შეძლებთ როგორც ფეხით ან ველოსიპედით, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომელიც საკმაოდ გამართულია ქალაქში.

კრაკოვის ტრამვაი XIX საუკუნის ბოლოდან ფუნქციონირებს და ქალაქის ცენტრში გადაადგილების ყველაზე მოსახერხებელი საშუალებაა. მას აქვს როგორც დღის, ასევე ღამის ხაზები. 2026 წლის ტარიფით, 20-წუთიანი ბილეთი 4 zł (დაახლოებით 1$) ღირს, 60-წუთიანი – 6 zł, 24-საათიანი ბილეთი კი 17 zł-მდე (დაახლოებით 4.5$) დაგიჯდებათ.

კრაკოვი ნამდვილად არის ქალაქი, რომელიც შეგიძლიათ ფეხით შემოიაროთ. ამის საშუალებას მოგცემთ ის ხელსაყრელი გარემოებებიც, რომ ღირსშესანიშნაობები ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს და მწვანე რეკრეაციული ზონაც ბევრია.

კრაკოვის იოანე პავლე II-ის სახელობის აეროპორტი (KRK) ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 11 კილომეტრშია. ცენტრამდე ყველაზე სწრაფად SKA1 მატარებლით მიხვალთ, რომელიც კრაკოვის მთავარ სადგურამდე (Kraków Główny) დაახლოებით 20 წუთი მიდის. ასევე დადის საქალაქო ავტობუსები, ღამით კი – ღამის ხაზი 902. ბილეთი შეგიძლიათ აპარატიდან ან მობილური აპლიკაციით შეიძინოთ.

ვინაიდან კრაკოვის ცენტრში ტრამვაითა და ფეხით გადაადგილება უფრო პოპულარულია, ავტობუსები ძირითადად შორეულ უბნებსა და გარეუბნებს აკავშირებს. დღის ხაზები დილიდან გვიან საღამომდე მოძრაობს, ღამით კი ღამის ხაზები მოგემსახურებათ. ავტობუსისა და ტრამვაის ბილეთები ერთნაირია.

კრაკოვში პოპულარულია ველოსიპედით გადაადგილებაც. ქალაქში ბევრი ველოსიპედის გაქირავების პუნქტია, ხოლო ვისლის სანაპიროზე კომფორტული ველობილიკები გადის. ველოსიპედით მთელი დღის განმავლობაში ველოსიპედით აღმოაჩინოთ კრაკოვი.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze

რომელია საუკეთესო პარკები კრაკოვში?

კრაკოვში მოგზაურობისას შეგიძლიათ განიტვირთოთ მის ულამაზეს ბუნებაში გასეირნებით ან პარკებში ვიზიტით. ქალაქის პარკები კარგად დასვენების საშუალებას მოგცემთ, ხოლო ახლომდებარე ეროვნული პარკები ერთდღიანი გასვლისთვის იდეალურია.

ოჯკოვის ეროვნული პარკი (Ojcowski Park Narodowy) – პოლონეთის ყველაზე პატარა ეროვნული პარკი, რომელიც კრაკოვიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 20-25 კილომეტრში მდებარეობს. იგი 1956 წელს დაარსდა ადგილობრივი ბუნების დასაცავად. პარკი ცნობილია კირქვის კლდეებით, ხეობებითა და გამოქვაბულებით, აქვეა პესკოვა-სკალას ციხე-სასახლე. ერთდღიანი გასვლისთვის შესანიშნავი ადგილია.

ტატრას ეროვნული პარკი (Tatrzański Park Narodowy) – ტატრას მთებში, ზაკოპანეს მახლობლად, კრაკოვიდან დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარე პარკი. აქვეა პოლონეთის უმაღლესი მწვერვალი რისი (2499 მ) და ცნობილი ტბა მორსკიე ოკო. ლაშქრობისა და მთის ხედების მოყვარულებისთვის ეს ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა.

ბედნარსკის პარკი (Bednarski Park) – ეს პარკი პოდგუჟის უბანში, ყოფილი ქვის კარიერის ადგილას, კლდოვან ფერდობზე მდებარეობს. აქაურობა ფაქტობრივად ცალკე უბანს წარმოადგენს. პარკიდან ქალაქის ულამაზესი ხედები გადაგეშლებათ.

გორცის ეროვნული პარკი (Gorczański Park Narodowy) – კრაკოვიდან სამხრეთით, გორცის მთებში მდებარე პარკი, რომელიც ცნობილია მთის ხედებით, ტყეებითა და სალაშქრო ბილიკებით. აქაურობა იდეალურია ქალაქიდან ერთდღიანი გასვლისა და ბუნებაში სეირნობისთვის.

იორდანის პარკი (Park Jordana) – ქალაქის ცენტრთან ახლოს, ბლონიეს მდელოს გვერდით მდებარე რეკრეაციული სივრცე. პარკი XIX საუკუნის ბოლოს ექიმმა ჰენრიკ იორდანმა დააარსა, რომელიც თვლიდა, რომ ბავშვების განათლება ფიზიკური აქტივობით უნდა დაბალანსებულიყო. აქ ბევრი სპორტული და სათამაშო მოედანია.

შიმბორსკას პარკი (Park Wisławy Szymborskiej) – კრაკოვის ერთ-ერთი უახლესი პარკი, რომელიც 2023 წელს, ნობელის პრემიის ლაურეატი პოეტის, ვისლავა შიმბორსკას დაბადებიდან 100 წლისთავზე გაიხსნა. იგი ცენტრში, კარმელიცკას ქუჩასთან მდებარეობს. პარკში ვაშლის ბაღი, ხელოვნური ნაკადული და პოეტის ლექსის დიდი მურალია – იდეალური ადგილი ქალაქის ხმაურისგან დასასვენებლად.

გადაწყვიტე მოიწყო საინტერესო მოგზაურობა კრაკოვში? მაშინ იაფი ფრენები კრაკოვში სწორედ შენთვისაა!

ხშირად დასმული კითხვები კრაკოვზე

მინიმუმ 3-4 დღე გათვალეთ კრაკოვში ყოფნისათვის, რათა მოასწროთ მეტ-ნაკლებად ყველა ღირსშესანიშნაობის დათვალიერება.

პირველ რიგში, არ დაგავიწყდეთ მოგზაურობისათვის აუცილებელი დოკუმენტების მომზადება, იქნება ეს პასპორტი თუ პირადობის მოწმობა. არ დაგავიწყდეთ საფულე, პირადი ნივთები, ან სპეციფიკური მედიკამენტები, ამის საჭიროების შემთხვევაში. ასევე, წაიღეთ რაც შეიძლება კომფორტული და სეზონისთვის შესაფერისი ტანსაცმელი, შეამოწმეთ ყველა გაჯეტი და დამტენი. უმჯობესი იქნება, თუ წაიღებთ კომფორტულ ზურგჩანთას, რადგან კრაკოვში ბევრი სიარული მოგიწევთ და სასეირნო ადგილებიც ბევრია. ქალაქში არასტაბილური ამინდია და ხშირად მოულოდნელად წვიმს, ამიტომ კარგი იქნება, თუ არ დაივიწყებთ ქოლგას ან საწვიმარს. ასევე, საჭიროებისამებრ, გირჩევთ წაიღოთ პორტატული დამტენი და ფოტოების გადაღების მოყვარულებს, არ დაგრჩეთ ფოტოაპარატიც.

კრაკოვი ცნობილია თავისი არქიტექტურითა და კულტურული მნიშვნელობით. მისი ისტორიული ცენტრი, ვაველის სამეფო ციხე და კაზიმეჟის უბანი შუასაუკუნეების ევროპის სულს ცოცხლად ინახავს. ამასთან, ქალაქი და მისი მუზეუმები ბევრს მოგვითხრობენ მეორე მსოფლიო ომის შესახებ.

კრაკოვი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე იაფი მიმართულებაა. აქ საკმაოდ ბიუჯეტურად შეძლებთ დასვენებას, იქნება ეს დასარჩენი ადგილი, ღირსშესანიშნაობების მონახულება თუ კვების ობიექტები.

კრაკოვში მოგზაურობა საკმაოდ უსაფრთხოა, თუმცა პაბებსა და ბარებში ფრთხილად უნდა იყოთ პირად ნივთებთან.

შემოდგომა ან გაზაფხული საუკეთესო დროა კრაკოვში სამოგზაუროდ. ამ დროს ტემპერატურაც იდეალურია და ტურისტებითაც ნაკლებად გადატვირთულია ქუჩები.

კრაკოვის იოანე პავლე II-ის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი (KRK, კრაკოვი-ბალიცე) ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 11 კილომეტრში მდებარეობს. ცენტრამდე SKA1 მატარებლით დაახლოებით 20 წუთში მიხვალთ.

საქართველოდან კრაკოვში გაფრენას თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებიდან შეძლებთ. ამჟამად პირდაპირი რეისები არ სრულდება, ამიტომ ფრენა გადაჯდომით ხორციელდება, მაგალითად ვარშავაში, სტამბოლში ან ბუდაპეშტში. მიმდინარე რეისები და ფასები გადაამოწმეთ avia.ge-ზე.

თბილისიდან გადაჯდომით ფრენებს კრაკოვში შემოგთავაზებენ შემდეგი ავიაკომპანიები: LOT, Turkish Airlines, Pegasus, Lufthansa, Aegean Airlines და სხვა. ქუთაისიდან Wizz Air-ით შეგიძლიათ ევროპის სხვა ქალაქებში (მაგ. ბუდაპეშტში) გადაჯდომით იფრინოთ, ბათუმიდან კი Turkish Airlines სტამბოლის გავლით. მარშრუტები სეზონის მიხედვით იცვლება – გადაამოწმეთ avia.ge-ზე.

მოგზაურობის მაქსიმალურად ბიუჯეტურად დაგეგმვისათვის, პირველ რიგში აუცილებელია 1 ან 2 თვით ადრე შეიძინოთ იაფი ავიაბილეთები კრაკოვში და დასვენება არ დაამთხვიოთ დიდ დღესასწაულებს. ასევე, საუკეთესო ფასების მისაღებად უნდა გამოიყენოთ ავიაბილეთების საძიებო სისტემა, როგორიცაა avia.ge.

დამატებითი რეკომენდაციები

გაეცანი მნიშვნელოვან ინფორმაციას კრაკოვში მოგზაურობის წინ

ავიაბილეთები კრაკოვის მიმართულებით ნებისმიერ მოგზაურს საკმაოდ განსხვავებულ გამოცდილებას შესძენს. ეს…

კრაკოვი სიდიდით მეორე ქალაქია პოლონეთში, რომელიც გთავაზობთ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის…

პოლონეთი ცენტრალური ევროპის ქვეყანაა, რომელიც მდიდარი ისტორიითა და კულტურით არის…

ვროცლავი პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ტურისტული ქალაქია, ქვემო სილეზიის…

გაეცანი სხვა სამოგზაურო გზამკვლევებს