საჰაერო მიმოსვლაზე შეთანხმებების გაფორმება სხვადასხვა ქვეყნებთან გრძელდება და ამჯერად, მოლაპარაკებები ერთდროულად სამ ქვეყანასთან მიმდინარეობს. სეიშელის რესპუბლიკა, ტუნისია და ტაჯიკეთი იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომლებთანაც ხელშეკრულების გაფორმებაზე მთავრობის განკარგულებები უკვე გამოიცა.
საქართველოდან აზიის ქვეყნებში უკვე სრულდება პირდაპირი რეისები და ნამდვილად სასიხარულოა, რომ მათ რიცხვს კიდევ ერთი ქვეყანა დაემატება. ტაჯიკეთი ცენტრალურ აზიაში მდებარეობს და საკმაოდ ლამაზი ბუნებითა და სანახაობებით გამოირჩევა, ამიტომ ტურისტულად მნიშვნელოვანი დანიშნულება გააჩნია.
რაც შეეხება აფრიკის კონტინეტს, საქართველოს საავიაციო ბაზარზე ამ მიმართულებით ფრენების დაწყება ნამდვილად დიდი სიახლე იქნება და კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის მიმართულებების ჩამონათვალს.
ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ტუნისიას ხმელთაშუა ზღვა და საფარის უდაბნო ესაზღვრება, ამიტომ აქ მოგზაურობა საკმაოდ საინტერესო და შთაბეჭდილებებით სავსე იქნება ნებისმიერი ტურისტისთვის.
სეიშელის რესპუბლიკა კი 115 კუნძულს აერთიანებს ინდოეთის ოკეანეში, ხოლო მისი გასაოცარი სანაპიროები და ბუნება , რომელიც მდიდარია იშვიათი ცხოველებით, ნამდვილად დაუვიწყარ დღეებს გაჩუქებთ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით ტუნისთან და ტაჯიკეთთან მოლაპარაკებები ნოტების გაცვლის გზით იმართება, სეიშელის რესპუბლიკასთან კი, მოლაპარაკებების პროცესს ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების დეპარტამენტის უფროსი წარმართავს.