ესპანურმა ავიაკომპანია Iberia-მ და თურქულმა Pegasus Airlines-მა მნიშვნელოვანი შეთანხმება გააფორმეს. ისინი ერთმანეთის პარტნიორები ხდებიან, რაც მგზავრობას ბევრად გაამარტივებს თურქეთს, ესპანეთსა და ლათინურ ამერიკას შორის.
მარტივად რომ ვთქვათ, ეს ახალი პარტნიორობა (რომელსაც ავიაციაში „ზიარი კოდი“ ან “Codeshare” ჰქვია) ნიშნავს, რომ ავიაკომპანიები ერთმანეთის რეისებზე გაყიდიან ავიაბილეთებს. მგზავრებისთვის ეს ძალიან მოსახერხებელია: ისინი ყიდულობენ ერთ ავიაბილეთს და მარტივად გეგმავენ მოგზაურობას რამდენიმე ქვეყანაში, რადგან ფრენების განრიგი ერთმანეთთან იქნება შეთანხმებული.
რას იგებს Iberia ?
Iberia-ს მგზავრები პირდაპირ იფრენენ მადრიდიდან სტამბოლში (სავიჰა გიოქჩენის აეროპორტში). რეისს Pegasus-ი შეასრულებს, მაგრამ ავიაბილეთი Iberia-ს კოდით გაიყიდება.
სტამბოლის გარდა, ესპანური ავიაკომპანია თავის მგზავრებს თურქეთის კიდევ 7 ქალაქში შესთავაზებს ფრენებს, მათ შორის: იზმირში, კაპადოკიაში, ანკარაში, ანტალიაში, ბოდრუმში, დალამანსა და ადანაში.
რას იგებს Pegasus ?
Pegasus-ის მგზავრები მადრიდის გავლით ესპანეთისა და პორტუგალიის ბევრ ქალაქში მოხვდებიან. მათთვის ხელმისაწვდომი ხდება 11 ესპანური მიმართულება მაგალითად, პალმა დე მალიორკა, იბიცა, ტენერიფე, მალაგა, სევილია და ასევე პორტუგალიის დედაქალაქი ლისაბონი.
ყველაზე დიდი მიღწევა კი ლათინური ამერიკის ბაზარია. ამ პარტნიორობით Pegasus-ი თავის მომხმარებლებს ბრაზილიაში, სან-პაულოს მიმართულებით შესთავაზებს ფრენებს.
რა სარგებელი ექნებათ ქართველ მოგზაურებს აღნიშნული პარტნიორობით ?
ეს ძალიან საინტერესო და სასარგებლო სიახლეა ქართველი მოგზაურებისთვის, რადგან ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი აქტიურად ოპერირებს საქართველოს ბაზარზე (ფრენებს ასრულებს თბილისიდან, ბათუმიდან და ქუთაისიდან სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტში).
ქართველი მოგზაურებისთვის ეს ნიშნავს:
- მარტივ გზას ლათინურ ამერიკაში: Pegasus-ით საქართველოდან ერთი ბილეთით შეძლებთ ჩაფრენას ბრაზილიაში (სან-პაულო), სტამბოლისა და მადრიდის გავლით.
- ესპანეთის და პორტუგალიის კურორტებზე წვდომას: იგივე ერთიანი ბილეთით მოხვდებით ტენერიფეზე, იბიცაზე, მალიორკასა და ლისაბონში.
- მეტ კომფორტს: ბარგს ჩააბარებთ თბილისში (ქუთაისში ან ბათუმში) და აიღებთ საბოლოო დანიშნულების ადგილზე. ასევე, თუ რეისი დაგვიანდა, ავიაკომპანია შემდეგ ფრენაზე უფასოდ გადაგსვამთ.
გათვლილია თუ არა მგზავრის კომფორტი?
ორივე ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ ეს პარტნიორობა მგზავრებს ბევრად უკეთეს არჩევანს სთავაზობს.
გადაჯდომა მადრიდის აეროპორტშიც გათვლილია: დაჯავშნის სისტემა ავტომატურად ითვალისწინებს დროს, რომელიც მგზავრს სჭირდება Iberia-ს ტერმინალი 4-დან Pegasus-ის ტერმინალ 1-მდე (ან პირიქით) მისასვლელად. ამ ტერმინალებს შორის მგზავრებისთვის უფასო შატლი იმოძრავებს.
საბოლოო ჯამში, ეს თანამშრომლობა აჩვენებს, რომ ავიაკომპანიები სულ უფრო ხშირად პარტნიორობენ, რათა მსოფლიოს მასშტაბით გაფართოვდნენ და მგზავრებს მეტი კომფორტი შესთავაზონ.
Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907









