შენგენის ზონაში მოგზაურობის ახალი წესის ამოქმედება გადაიდო. საუბარია ავტორიზაციის სისტემა ETIAS-ზე, რომელზეც 2023 წლის ნოემბრიდან უნდა გადავსულიყავით. თავდაპირველად ახალ სისტემის ამოქმეება 2022 წელს იგეგმებოდა, თუმცა პანდემიის გამო ეს პროცესი შეფერხდა.
შენგენის ზონაში მოგზაურობის ნებართვა, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნებისთვისაც სავალდებულო იქნება. საუბარია 60-ზე მეტ ქვეყანაზე, რომელთა შორის, საქართველოცაა. ქართველი მოგზაურები კვლავ ისარგებლებენ ევროპაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმით. თუმცა, სამომავლოდ, მოგზაურობის ყევლა მსურველს, ETIAS-ს აპლიკაციის შევსება მოუწევს.
ევროკომისიის განცხადებით, ETIAS „მარტივი, სწრაფი და ვიზიტორებისთვის მოსახერხებელი სისტემა იქნება, რომელიც 95 %-ზე მეტ შემთხვევაში, რამდენიმე წუთში დადებით პასუხს მიიღებს“.
მას შემდეგ, რაც ETIAS-ი ამოქმედდება, აპლიკანტები განაცხადის გაკეთებას ონლაინ, ვებ-გვერდიდან ან აპლიკაციის მეშვეობით შეძლებენ. პროცედურას კი დაახლოებით 10 წუთი დასჭირდება.
ამასთან, მიღებული ნებართვა სამი წლის განმავლობაში ან პასპორტის ვადის ამოწურვამდე დარჩება ძალაში.
რაც შეეხება საფასურს, ეს პროცედურა განაცხადის ონლაინ შევსებას და 7 ევროს საკრედიტო ბარათით გადახდას მოიცავს. ხოლო, გადახდა სავალდებულოა 18-70 წლამდე ასაკის ვიზიტორებისთვის, ხოლო 70 წელს ზემოთ და 18 წლამდე პირებს გადასახადი არ შეეხებათ.