პორტუგალია მზისა და სანაპიროების ქვეყანაა. ლისაბონი და პორტო წელიწადის ნებისმიერ დროს სითბოსა და ფერად თავგადასავალს გპირდებათ. აქაური ფერადი სახლები, წვრილი ქუჩები, ძველი, ქალაქების სიმბოლოს ქცეული, ტრამვაიები უნიკალურ გამოცდილებებს გაჩუქებენ. პორტუგალია ის ქვეყანაა, რომელიც ერთი ნახვით დაიპყრობს ყველა მოგზაურის გულს. ამ გზამკვლევში სწორედ ამ მაგიურ ქვეყანაზე მოგიყვებით, გაგაცნობთ მის ქალაქებს, ღირსშესანიშნაობებს, ცნობილ კერძებს, სანაპიროებს. avia.ge-სთან ერთად მოგზაურობის სწრაფად, მარტივად და იაფად დაგეგმვას შეძლებთ.
პორტუგალია – გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის
რომელი ქალაქები მოვინახულოთ პორტუგალიაში?
პორტუგალიის ყველა ქალაქს თავისი უნიკალური თვისებები გამოარჩევს. მართალია, ყველა მათგანი განსაკუთრებული და ულამაზესია, თუმცა განმასხვავებლებიც ბევრი აქვთ. დაბლა რამდენიმე პოპულარულ პორტუგალიურ ქალაქს გაგაცნობთ.
ლისაბონი
პორტუგალიის დედაქალაქი ლისაბონი თავს დაგამახსოვრებთ თავისი გამორჩეული არქიტექტურით. აქ ნახავთ ულამაზეს ფერებში მოწყობილ სახლებს. მის ქუჩებში სეირნობა მრავალი თავგადასავლის გადახდენის შესაძლებლობას მოგცემთ. ქალაქი მდიდარია ისტორიული ღირსშესანიშნაობებით, რაც მისი მაცხოვრებლების ყოველდღიურობაში კარგად ჩანს. მისი ქუჩებიც ძველ ყაიდაზეა მოწყობილი და დროში მოგზაურობის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ობიდოსი
ისტორიული ქალაქის, ობიდოსის, უძველეს ჩახლართულ ქუჩებში ხეტიალი წლის ნებისმიერ დროს მომხიბვლელია, თუმცა, თუ იქ რომელიმე ფესტივალის დროს მოხვდებით, განსაკუთრებული სიამოვნება გელით. თავად გადაწყვიტეთ, შუა საუკუნეების დროინდელ ბაზრობაზე რაინდული შეჯიბრის ყურების იდეა მოგწონთ თუ პორტუგალიის უდიდეს საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალზე დასწრება გხიბლავთ.
ევორა
პორტო
პორტო პორტუგალიის მეორე უდიდესი ქალაქია მისი დედაქალაქის, ლისაბონის შემდეგ. იგი მდებარეობს მდინარე დუეროს გაყოლებაზე, რომელიც იბერიის ნახევარკუნძულის ერთ-ერთი უდიდესი მდინარეა. პორტო მთელი ევროპის სტრატეგიული ადგილია, თანაც იგი ერთ-ერთი უძველესი ცენტრია პორტუგალიის, რაც იუნესკოს მიერაც აღიარებულია. თავისი ადგილმდებარეობის დამსახურებით პორტო ხშირად ყოფილა მსოფლიოს უდიდესი იმპერიების ინტერესის სფერო, ეს გავლენა კი მის კულტურულ და ისტორიულ თავისებურებებზე კარგად აისახება.
სინტრა
მინჰო
მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას



რა ვნახოთ პორტუგალიაში?
პორტუგალიის ქალაქები სავსეა ისტორიული ღირსშესანიშნაობებით. აქ უამრავ ციხე-კოშკს, ულამაზეს სასახლეებსა და სხვადასხვა პერიოდის ისტორიულ ნანგრევებს აღმოაჩენთ.
ბელემის კოშკი
თუ ისტორიის მოყვარული ხართ, ბელემის კოშკი (Torre de Belém) ლისაბონში აუცილებლად უნდა ნახოთ. იგი XVI საუკუნის დასაწყისში, დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქაში, მდინარე ტეჟუს შესასვლელის დასაცავად აიგო და მანუელური სტილის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. დღეს კოშკი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია და ლისაბონის ერთ-ერთ სიმბოლოდ ითვლება.
მავრების ციხე-სიმაგრე
მავრების ციხე-სიმაგრე (Castelo dos Mouros, სინტრა) – ამ ძველი ციხეკოშკიდან ულამაზესი ხედები გადაგეშლებათ თვალწინ. ციხე-სიმაგრე სინტრის მთაზე მავრებმა IX–X საუკუნეებში ააგეს, მისი კედლებიდან კი სინტრასა და ატლანტის ოკეანის ულამაზესი ხედები იშლება.
წმინდა გიორგის ციხესიმაგრე
წმინდა გიორგის ციხესიმაგრე (Castelo de São Jorge) – ლისაბონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისტორიული ძეგლი, რომელიც ალფამის უბნის თავზე, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ბორცვზე დგას. სიმაგრე მავრების დროს, XI საუკუნეში აშენდა, მოგვიანებით კი პორტუგალიელი მეფეების რეზიდენციაც იყო. მისი კედლებიდან ლისაბონისა და მდინარე ტეჟუს ულამაზესი ხედები გადაგეშლებათ.
კელუშის ეროვნული სასახლე
კელუშის ეროვნული სასახლე (Palácio Nacional de Queluz) – ლისაბონის მახლობლად მდებარე XVIII საუკუნის სასახლე, რომელსაც ხშირად „პორტუგალიურ ვერსალს“ უწოდებენ. იგი პორტუგალიელი მეფეების საზაფხულო რეზიდენციად გამოიყენებოდა. ეს ულამაზესი ნაგებობა, თავისი როკოკოს სტილის დარბაზებითა და ბაღებით, ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა.
სინტრას ეროვნული სასახლე
სინტრას ეროვნული სასახლე (National Palace of Sintra) – ესტუმრეთ დიდებულ სინტრას სასახლეს და წარმოიდგინეთ როგორ ცხოვრობდნენ პორტუგალიელი მონარქები შუასაუკუნეებში. სასახლეს მოჭიქული ფილების (აზულეჟუს) ერთ-ერთი უმდიდრესი კოლექცია აქვს, რომელშიც მავრიტანული (ისლამური) არქიტექტურის გავლენა ჩანს. სინტრის კულტურული ლანდშაფტის ნაწილად იგი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.
ლუიშ I-ის ხიდი
ლუიშ I-ის ხიდი პორტოს ცნობილი ორსართულიანი რკინის თაღოვანი ხიდია. იგი მდინარე დუეროზეა გადებული და პორტოს ვილა-ნოვა-დე-გაიასთან აკავშირებს. ხიდი 1886 წელს აშენდა, დღეს კი იგი პორტოს ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა.
კლერგიო
კლერგიოს კოშკს, მუზეუმსა და ტაძარს აუცილებლად უნდა ეწვიოთ პორტოში. აქედან იშლება ქალაქის 360 გრადუსიანი პანორამული ხედი. ტაძარი ბაროკოს არქიტექტურული სტილისაა, მუზეუმში კი ნახავთ ისტორიულ და სახელოვნებო არტეფაქტებს.
ჟერონიმუშის მონასტერი
ლისაბონი მონასტრების სიმრავლით აწონებს თავს მნახველებს. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჟერონიმუშის მონასტერია (Mosteiro dos Jerónimos). იგი იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაშია შეტანილი. მონასტრის მშენებლობა მეფე მანუელ I-მა XVI საუკუნის დასაწყისში წამოიწყო, აქ არის დაკრძალული ვასკო და გამა. დღეს იგი ტურისტებისთვის ერთ-ერთ დასამახსოვრებელ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
პორტუგალიის ეროვნული პანთეონი
პორტუგალიის ეროვნული პანთეონი (National Pantheon of Portugal) – (სანტა-ენგრასიას ეკლესია) თითქმის სამი საუკუნის განმავლობაში შენდებოდა და მხოლოდ 1966 წელს დასრულდა. ნაგებობის გრანდიოზულობიდან გამომდინარე, ეს გასაკვირი არცაა. მისი ტერასიდან ლისაბონის ლამაზ ხედებს დაინახავთ.
პორტუგალიის საცხენოსნო ხელოვნების სკოლა
პორტუგალიის საცხენოსნო ხელოვნების სკოლა (Portuguese School of Equestrian Art) – მე-18 საუკუნის სამეფო საცხენოსნო ტრადიციას აგრძელებს და ულამაზეს სანახაობებს სთავაზობს ტურისტებსა თუ ადგილობრივებს. თუ ექსკლუზიური გამოცდილების მიღება გსურთ, საცხენოსნო ხელოვნების სკოლაში ტური საუკეთესო არჩევანი იქნება.
პენას ეროვნული სასახლე
პენას ეროვნული სასახლე (National Palace of Pena and Park) – პენას სასახლე სინტრაში, ძველი მონასტრის ადგილას, XIX საუკუნეში აიგო. პენას სასახლე მეფეების პირად რეზიდენციას წარმოადგენდა. დღეს პენას თავისი პარკიც აქვს, სადაც დროის გატარებას იდეალურად შეძლებთ.
ბიესტერის სასახლე
ბიესტერის სასახლე (Biester Palace and Park) – სინტრაში, მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული ცნობილი კულტურული ძეგლი. სასახლის ოთახებში სტუმრობა გასულ საუკუნეში გამოგზაურებთ. თანაც, მას აქვს ულამაზესი პარკი, სადაც დასვენებას და ბილიკებზე გასეირნებას შეძლებთ.
პორტოს ტაძარი
პორტოს ტაძარი მშენებლობა მე-12 საუკუნეში დაიწყო. იგი რომანული სტილის ეკლესიაა და პორტოს შუაგულში მდებარეობს. მისი იდეალური არქიტექტურა, ულამაზესი სვეტები და თაღები ყველა ტურისტს აღაფრთოვანებს.
ბოლსის სასახლე
ბოლსის სასახლე (Palácio da Bolsa) – პორტოს საფონდო ბირჟის ისტორიული შენობა, რომლის მშენებლობა 1842 წელს დაიწყო. იგი დღემდე ულამაზესადაა მოწყობილი, მისი დარბაზები ბრწყინვალე შუქითა და არქიტექტურით გამოირჩევა. დღეს ბოლსის სასახლეს ღირსშესანიშნაობის ფუნქცია აქვს.
შეიძინე პორტუგალიის ღირსშესანიშნაობების ბილეთები წინასწარ და მიიღე სპეციალური ფასები!
ფრენები პორტუგალიაში
რა ვჭამოთ პორტუგალიაში?
პორტუგალიის სამზარეულო ტურისტებს მარტივად შეაყვარებს თავს. აქაური კერძები ყველანაირი გემოვნების მქონე ადამიანს აღაფრთოვანებს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ზღვის პროდუქტები გიყვართ, პორტუგალია თქვენი საოცნებო ქვეყანა უნდა იყოს.
სარდინები
სარდინი პორტუგალიის ცნობილი თევზია. თუ ზღვის პროდუქტები გიყვართ, სპეციალური ტექნიკით დამზადებული სარდინი აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ. მას იპოვით ლისაბონის ნებისმიერ რესტორანსა და კაფეში. ლისაბონის რამდენიმე ცნობილი ადგილი სარდინების გასასინჯად:
- Tasca do Jaime – ამ ტავერნაზე ტრადიციულად მომზადებულ სარდინებს მიირთმევთ.
- Páteo 13 – ეს ადგილი ასევე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ზღვის კერძებისთვის.
- Taberna do Mar – ამ ტავერნაში მარტივად, ტრადიციულად მომზადებულ თევზეულს, მათ შორის სახელგანთქმულ სარდინებს გასინჯავთ.
Pastel de nata
პასტელ დე ნატა პორტუგალიის ყველაზე ცნობილი ტკბილეულია – ფენოვანი ცომის პატარა ტარტალეტი, სავსე კვერცხისა და კრემის ნაზი შიგთავსით. საუზმისას ან ყავასთან ერთად აუცილებლად გასინჯეთ, ხშირად დარიჩინითა და შაქრის პუდრით მიირთმევენ. ყველაზე ცნობილია ლისაბონის ბელემის უბნის ნატა (Pastéis de Belém).
Francesinha
ხორცის მოყვარულებმა აუცილებლად დააგემოვნონ პორტოს სენდვიჩი. მას აქვს ლორი, ძეხვი, სტეიკი, გამდნარი ყველი და ცხარე სოუსი, რომელიც ლუდისა და პომიდვრის ბაზაზე მზადდება.
Prego em prato
ეს კერძი ნივრით შეზავებული საქონლის ხორცის სტეიკია, რომელსაც თეფშზე, როგორც წესი, შემწვარი კვერცხით, კარტოფილით ან ბრინჯით მიირთმევენ. ის პოპულარული სენდვიჩის, „პრეგუს“, თეფშის ვერსიაა.
Pastéis de Bacalhau
ეს დამარილებული ვირთევზას (ბაკალიაუს), კარტოფილის, კვერცხისა და ოხრახუშის ხრაშუნა შემწვარი კროკეტებია. მათ წასახემსებლად ან სადილის დასაწყისად, ხშირად ღვინოსთან ერთად მიირთმევენ.
ახლოდან დანახული პორტუგალია





სად ვიშოპინგოთ პორტუგალიაში?
პორტუგალიაში შოპინგსაც იდეალურად შეძლებთ. აქ ნახავთ როგორც თანამედროვე შოპინგ-ცენტრებსა და მაღალი კლასის მაღაზიებს, ასევე ვინტაჟურ მაღაზიებსა და ბაზრებს.
მოლები
Colombo Center – ეს ლისაბონის ერთ-ერთი უდიდესი შოპინგ-ცენტრია. აქ 300-ზე მეტი მაღაზია, 60-ზე მეტი რესტორანი და კინოთეატრი დაგხვდებათ. თავისუფლად შეგიძლიათ 1 დღე ამ მოლში ვიზიტს დაუთმოთ.
Amoreiras Shopping Center – ეს შოპინგ-ცენტრი ლისაბონის ქალაქის ცენტრში მდებარეობს. აქ უამრავი მაღაზია დაგხვდებათ და თავისუფლად შეძლებთ ტანსაცმლის, აქსესუარებისა თუ სუვენირების შეძენას.
Armazéns do Chiado – ეს მოლი ლისაბონის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს, ჩიადოს უბანში, ბაიშის ახლოს, ცენტრის ღირსშესანიშნაობებიდან რამდენიმე წუთის სავალზე. აქ უამრავი მაღაზია და კაფე დაგხვდებათ.
NorteShopping – პორტოს უდიდესი და ყველაზე პოპულარული სავაჭრო ცენტრი, რომელიც ქალაქის გარეუბანში მდებარეობს. 200-ზე მეტი მაღაზიით, ის საერთაშორისო და მაღალი კლასის ბრენდების თავშეყრის ადგილია.
El Corte Inglés – პორტოში მდინარე დუეროს მეორე ნაპირზე, ვილა-ნოვა-დე-გაიაში მდებარე ეს მოლი არის მაღალი კლასის, რომელიც ცნობილია თავისი ფუფუნების სავაჭრო სივრცეებით. ის გთავაზობთ სხვადასხვა პრემიუმ ბრენდებს, შეგიძლიათ დაათვალიეროთ სახლის დეკორაციები, კოსმეტიკა და სუპერმარკეტი, რომელიც გთავაზობთ ადგილობრივ და საერთაშორისო დელიკატესებს.
ყველაზე ცნობილი ბაზრობები საშოპინგოდ
Mercado de Ribeira – თუ ლისაბონში იმყოფებით, აუცილებლად უნდა ეწვიოთ ამ ცნობილ ბაზრობას. აქ ნახავთ კულინარიულად ღირსშესანიშნავი საკვების დახლებს, სადაც იყიდება ტრადიციული პორტუგალიური კერძები, ახალი ადგილობრივი პროდუქტები, მათ შორის ხილი, ბოსტნეული და ზღვის პროდუქტები – იდეალურია, თუ თვითმომსახურების საცხოვრებელში რჩებით და მარაგის შევსება გჭირდებათ.
Mercado do Bolhao – ეს ორსართულიანი ბაზარი გურმანებისთვის ნამდვილი სამოთხეა, სადაც ყველაფერს ყიდიან, წვნიანი პომიდვრიდან და არომატული მწვანილებიდან დაწყებული, ახლად დაჭერილი თევზით დამთავრებული. ეს ბაზარი ასევე ცნობილია რეგიონალური ყველის და შებოლილი ხორცის საოცარი ასორტიმენტით. თავად შენობა ცალკე ღირს მონახულებად, თუ გსურთ ძველი სამყაროს პორტუგალიური არქიტექტურის ნახვა.
Mercado de Campo de Ourique – მყიდველები, რომლებიც უფრო მშვიდ, ადგილობრივ გამოცდილებას ეძებენ, ეს ბაზარი საუკეთესო ადგილია. აქ უამრავ დახლს ნახავთ, სადაც ახალი პროდუქტები, ხორცი და ზღვის პროდუქტები იყიდება. ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ რამდენიმე საკვების დახლს, სადაც გემრიელი პორტუგალიური დელიკატესები იყიდება, მათ შორის ღვინო და ყველი. შეგიძლიათ ღვინის ჭიქით ხელში იაროთ სხვა დახლების დათვალიერებისას.
რა ვიყიდოთ პორტუგალიაში
პორტუგალიაში, ნამდვილი ადგილობრივივით რომ იგრძნოთ თავი ან ახლობლებს სამახსოვრო სუვენირები რომ ჩამოუტანოთ, რამდენიმე რჩევას მოგცემთ. მის ქალაქებში ყოფნისას აუცილებლად უნდა შეიძინოთ: ადგილობრივი წარმოების ღვინო და ზეითუნის ზეთი. ასევე, პორტუგალია ცნობილია კერამიკული ნაწარმითა და ნაქსოვი ტანსაცმლით, რაც შეგიძლიათ სამახსოვრო საჩუქრადაც ჩამოუტანოთ თქვენს საყვარელ ადამიანებს. ასევე, ლისაბონი მისი ცნობილი წიგნის მაღაზიების დათვალიერების გარეშე არ უნდა დატოვოთ და გამოაყოლეთ ხელს რამდენიმე. რამდენიმე პოპულარულ წიგნების მაღაზიას შემოგთავაზებთ ლისაბონში:
- Livraria Bertrand – მე-18 საუკუნიდან მოყოლებული, ეს ერთ-ერთი ცნობილი წიგნების მაღაზიაა ლისაბონში. აქ მსოფლიო შედევრებს ნახავთ, მათ შორის ინგლისურ ენაზე.
- Palavra de Viajante – ამ მაღაზიის მომსახურე პერსონალი თავად დაგეხმარებათ წიგნების არჩევაში. აქ ნახავთ მსოფლიო ლიტერატურას, დედამიწის სხვადასხვა კუთხის ავტორებს.
- Sá da Costa – ამ მაღაზიაში კი ულამაზესი გაფორმების წიგნებს ნახავთ. შეგიძლიათ თქვენს საყვარელ ადამიანებს ჩამოუტანოთ განსაკუთრებული გამოცემები.
ლისაბონის თევზი
ლისაბონში შეგიძლიათ კონსერვირებული სარდინები შეიძინოთ. ყველაზე ცნობილ მაღაზიას შემოგთავაზებთ ამისთვის.
Conserveira de Lisboa – ეს მაღაზია 1930 წელს გაიხსნა და თევზეულის მხრივ ყველაზე პოპულარულია ლისაბონში. მაღაზია მთელი ლისაბონის მასშტაბითაა სახელგანთქმული.
გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი პორტუგალიაში? მაშინ დაჯავშნე თბილისი ლისაბონი ავიაბილეთები ახლავე!
როდის არის საუკეთესო დრო პორტუგალიაში სამოგზაუროდ?
პორტუგალიაში მოგზაურობისათვის გირჩევთ გაზაფხულს ან შემოდგომას. წელიწადის ამ სეზონებზე ამინდი ძალიან თბილია, თავისუფლად შეძლებთ მისი სანაპიროებით ტკბობას და, რაც ყველაზე მთავარია, ტურისტების ნაკლები ნაკადია. ეს საშუალებას მოგცემთ გაცილებით იაფად ნახოთ დასარჩენი ადგილები და მარტივად დაათვალიეროთ ღირსშესანიშნაობები. გაზაფხულზე თანაც ლისაბონის ცნობილი ფესტივალებიც იმართება, მაგალითად ლისაბონის ნახევარმარათონი. პორტუგალიის ცნობილი დღესასწაული ეროვნული დღეა, 10 ივნისი, როცა მთელი ქალაქები საზეიმო განწყობითაა მოცული. ზაფხულში კი მუსიკის ბევრი დღესასწაულია ხშირად, რაც დამსვენებლებს გართობის საშუალებას აძლევს. სექტემბერ-ოქტომბერში ჯერ კიდევ თბილა, ოქტომბერში კი ლისაბონის მარათონი იმართება. ზამთარში კი პორტუგალიის ქალაქები საშობაო განწყობით გამოირჩევიან, აქაური საშობაო მარკეტები ნამდვილი ფერების ზეიმია.
არ გადადო! დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება.
როგორ გადავაადგილდეთ პორტუგალიაში?
პორტუგალიაში გადაადგილებას ძალიან მარტივად შეძლებთ. აქ შეგიძლიათ უბრალოდ ფეხით ისეირნოთ და ქალაქების ხედებით დატკბეთ, ან გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც საკმაოდ გამართული სისტემით ფუნქციონირებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველაზე პოპულარული საშუალება ცხადია, ტრამვაი.
ტრამვაი
დარწმუნებული ვარ, ერთხელ მაინც შეგხვედრიათ სოციალურ ქსელში ლისაბონის ცნობილ ქუჩებზე ტრამვაის ფოტოები. ტრამვაი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტრანსპორტია პორტუგალიაში. ტრამვაი განსაკუთრებით პოპულარულია ლისაბონში, პორტოსა და სინტრაში. ბორტზე ნაყიდი ბილეთი 3.10 ევრო ღირს, Navegante ბარათით მგზავრობა კი გაცილებით იაფია. ყველაზე ცნობილი ტრამვაია ლისაბონის Nº 28, რომელიც მთელ ქალაქს, მის წვრილ ქუჩებსა და ღირსშესანიშნაობებს მოგატარებთ.
მეტრო
პორტოსა და ლისაბონში ცნობილი საშუალება გადაადგილებისთვის არის მეტრო. იგი სწრაფი და მოსახერხებელია და ქალაქების ღირსშესანიშნაობებამდე მარტივად მიგიყვანთ. ბილეთების შეძენას შეძლებთ ბარათით ან შეგიძლიათ იქონიოთ სამგზავრო კარტა. ლისაბონში ერთჯერადი ბილეთი 1.85 ევრო ღირს.
ფეხით
პორტუგალიის ქალაქები ნამდვილად იმსახურებენ იმას, რომ ფეხით შემოიაროთ. მათი ფერადი ქუჩები ნამდვილად გამოიწვევენ თქვენს აღტაცებას. აღარაფერს ვამბობთ საოკეანო ზოლზე. უნიკალური გამოცდილების მისაღებად, იმოგზაურეთ ფეხით პორტუგალიაში.
როგორ გადავაადგილდეთ სხვადასხვა ქალაქებს შორის
პორტუგალიის ქალაქებს შორის მგზავრობას შეძლებთ ავტობუსით ან მატარებლით. მატარებელი ცნობილი ოფციაა, რადგან იგი პორტუგალიაში ძალიან მოწესრიგებული, კომფორტული და თანაც სწრაფმავალია. შეგიძლიათ იმგზავროთ FlixBus-ითაც. ბილეთების შეძენას ონლაინ შეძლებთ.
ლიფტები და ფუნიკულიორები
ლისაბონის ლიფტები და ფუნიკულიორი ქალაქის ცნობილ ღირსშესანიშნაობებამდე მიგიყვანთ. ქალაქს რამდენიმე ისტორიული ფუნიკულიორი (მაგ. ბიკა და ლავრა) და სანტა-ჟუსტას ლიფტი აქვს, მათზე Navegante ბარათიც მოქმედებს. ქალაქის დათვალიერების ყველაზე ორიგინალური გზა სწორედ ესაა.
რომელია საუკეთესო სანაპიროები პორტუგალიაში?
პორტუგალიის სანაპიროები მსოფლიოში პოპულარულია. ვისაც მზე და სანაპირო ზოლზე დასვენება სურს, აქაურობა ნამდვილი სამოთხეა. დაბლა რამდენიმე ცნობილ სანაპიროს შემოგთავაზებთ.
მატოსინიოსის სანაპირო პორტოში
მატოსინიოსის სანაპირო (Praia de Matosinhos) – მატოსინიოსის პლაჟი ადგილობრივებისა და ტურისტების ფავორიტია. ეს არის უზარმაზარი ოქროსფერქვიშიანი პლაჟი პორტოს ცენტრიდან ავტობუსით ან მეტროთი სულ რაღაც რამდენიმე წუთის სავალზეა. პორტოსთან მისი სწრაფი და მარტივი სიახლოვე იმას განაპირობებს, რომ ის ძალიან მოსახერხებელია და ბევრი ხალხი სტუმრობს სეზონურად. მატოსინიოსის პლაჟს შედარებით მშვიდი წყლები აქვს, ამიტომ ის კარგი ვარიანტია ოჯახებისთვის. ზაფხულში მას ასევე მაშველები აკონტროლებენ, რაც ხელს უწყობს როგორც მოცურავეებისთვის, ასევე სერფერებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას.
მოლჰეს სანაპირო პორტოში
მოლჰეს სანაპირო (Praia Do Molhe) – ეს სანაპირო ცნობილია თავისი ხის ნავმისადგომით, რომელიც ოკეანეში იჭრება. ეს ადგილი პოპულარულია სერფერებსა და წყლის სპორტის მოყვარულებს შორის და ადრენალინით სავსე დღისთვის შესანიშნავ პირობებს სთავაზობს სტუმრებს. აქ ტალღები უფრო ძლიერია, რაც გამოცდილი სერფერებისთვის საინტერესო გამოწვევას წარმოადგენს.
მირამარის სანაპირო პორტოში
მირამარი (Miramar) – პორტოდან სამხრეთით დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარეობს მირამარის სანაპირო, რომლის ტალღებშიც პატარა სამლოცველო მდებარეობს. ეს შთამბეჭდავი პეიზაჟი არა მხოლოდ მისტიკურ ატმოსფეროს ქმნის, არამედ მირამარს ფოტოგრაფებისა და ტურისტებისთვის პოპულარულ ადგილად აქცევს. თავად პლაჟი ფართო და ქვიშიანია, რაც უამრავ ადგილს სთავაზობს როგორც მზის აბაზანების მიმღებებს, ასევე ოჯახებს დასასვენებლად. პლაჟის გასწვრივ ხის ბილიკი გადის, სადაც კაფეებია განლაგებული.
მეკოს სანაპირო ლისაბონში
მეკოს სანაპირო (Praia do Meco, Sesimbra) – სეზიმბრასთან, ლისაბონიდან სამხრეთით მდებარე გრძელი სანაპირო ზოლი. აქ უამრავი ტურისტი იყრის თავს სეზონურად. სანაპიროს თავისი კვების ობიექტებიც აქვს.
გინშუს სანაპირო ლისაბონთან
გინშუს სანაპირო (Praia do Guincho) – კაშკაიშის მახლობლად, სინტრა-კაშკაიშის ბუნებრივ პარკში მდებარე ველური სანაპირო. აქ ხშირად ძლიერი ქარი და ტალღებია, ამიტომ ის სერფინგისა და კაიტსერფინგის მოყვარულების საყვარელი ადგილია.
ფიგეირინიას სანაპირო (სეტუბალი)
ფიგეირინიას სანაპირო (Praia da Figueirinha) – სეტუბალთან, არაბიდის ბუნებრივ პარკში მდებარე სანაპირო, ლისაბონიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზე. აქ წყალი მშვიდი და გამჭვირვალეა, ამიტომ ის ოჯახებისთვის კარგი არჩევანია. ზაფხულში აქაურობა დიდი პოპულარობით სარგებლობს.
სინათლის სანაპირო პორტოში
სინათლის სანაპირო (Praia da Luz) – მატოსინიოსიდან სამხრეთით რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს ეს სანაპირო. ქალაქის ხმაურიანი ცხოვრებისგან მოშორებით, ეს პლაჟი მშვიდი თავშესაფარია, სადაც ტალღების ხმაური დამამშვიდებელ ატმოსფეროს ქმნის. პლაჟი უფრო პატარაა და მყუდრო გარემოს გთავაზობთ, იდეალურია მათთვის, ვისაც ხალხმრავლობისგან თავის დაღწევა სურს.
დუეროს შესართავი პორტოში
დუეროს შესართავი (Foz do Douro) – ამ სანაპიროზე მდინარე დუერო ატლანტის ოკეანეს ხვდება. აქაური პლაჟები უფრო პატარაა, მაგრამ სასწაულად ლამაზი. ეს ტერიტორია ცნობილია თავისი ისტორიული ხიბლითა და ზღვის ხედით. თანაც აქ ელეგანტური მე-19 საუკუნის სასახლეები დაგხვდებათ. ეს სანაპირო იდეალურია მათთვის, ვისაც პლაჟზე ვიზიტისას ისტორიის გაზიარება უყვარს. ახლომდებარე სან ჟუაო ბაპტისტას ციხესიმაგრე, თავისი უძველესი კედლებითა და სტრატეგიული მდებარეობით, პორტოს საზღვაო თავდაცვითი ნაგებობების ხილვის საშუალებას გვაძლევს. რაიონის დახვეწილ ატმოსფეროს ავსებს მისი რესტორნები და ბარები, რომლებიც ზღვისპირა მდიდრული ადგილების უამრავ ვარიანტს გვთავაზობენ.
კაშკაიშის სანაპირო ლისაბონთან
კაშკაიშის სანაპირო (Praia da Ribeira de Cascais) – კაშკაიშის ცენტრში, ლისაბონთან ახლოს მდებარე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სანაპირო. აქ შეგიძლიათ იცურაოთ, იპიკნიკოთ ან სანაპირო რესტორნებსა და ტავერნებს ეწვიოთ.
ესტორილის სანაპირო ლისაბონში
ესტორილის სანაპირო (Praia do Estoril) – ლისაბონიდან (Cais do Sodré-ს სადგურიდან) მატარებლით დაახლოებით 30-40 წუთის სავალზე მდებარეობს. ესტორილის სანაპირო ზოლი პატარა და მყუდროა. აქ კარგად შეძლებთ განტვირთვას.
კაპარიკას სანაპირო ლისაბონში
კაპარიკას სანაპირო (Costa da Caparica) – სანაპირო ქალაქის ცენტრიდან 30 წუთის სავალზე მდებარეობს. გარდა დასვენებისა, აქ შეგიძლიათ ადგილობრივ ბარებსა და კაფეებსაც ეწვიოთ და კარგად გაერთოთ.
გადაწყვიტე პორტუგალიაში მოგზაურობა? მაშინ მიიღე საუკეთესო შეთავაზება ლისაბონის ავიაბილეთებზე.
რომელია საუკეთესო ფესტივალები პორტუგალიაში?
პორტუგალიის ქალაქები მოწყენის საშუალებას არ მოგცემენ. აქაურ ფესტივალებსა და კარნავალებზე ძალიან კარგად გაატარებთ დროს.
წმინდანების დღესასწაული
წმინდანების დღესასწაული (santos populares) – დღესასწაული ივნისში იმართება მთელი პორტუგალიის მასშტაბით. ის მოიცავს წვეულებებს, სხვადასხვა რელიგიურ დღესასწაულს და უამრავ საკვებსა და სასმელს. მაგალითად, ხრაშუნა პურზე შემწვარი სარდინები ფესტივალის ყველაზე ტრადიციულ კერძებს შორისაა. დიდი ქალაქები თავიანთ მფარველ წმინდანებს ცოცხალი ქუჩის წვეულებებითა და აღლუმებით პატივს მიაგებენ.
ყვავილების ფესტივალი
ყვავილების ფესტივალი (Festa da Flor) – მადეირაში ცნობილი ფესტივალი და გაზაფხულის დადგომის დღესასწაულია. ის ყოველწლიურად გაზაფხულზე (აპრილ-მაისში) იმართება და აქაურობას ყვავილების სამოთხედ აქცევს. ფერადი აღლუმები ათასობით ახალი ყვავილით მორთული დახვეწილი პლატფორმებით გამოირჩევა. ქუჩებში ყვავილების ხალიჩებია გაშლილი, რომლებიც ფაქტობრივად ხელოვნების ნიმუშებია.
NOS Alive
NOS Alive – ცნობილი მუსიკის ფესტივალი ლისაბონში, რომელიც 2007 წლიდან მოყოლებული იმართება. ფესტივალი ძირითადად ივლისის თვეში ეწყობა და მუსიკის მოყვარულების შეკრების ადგილს წარმოადგენს.
შოკოლადის ფესტივალი
შოკოლადის ფესტივალი (Festival do Chocolate) – ობიდოსში შოკოლადის ფესტივალი ტკბილეულის მოყვარულთათვისაა. ის ყოველწლიურად იმართება და შუა საუკუნეების ქალაქს შოკოლადის საოცრებათა ქვეყანად აქცევს. ვიზიტორებს შეუძლიათ დააგემოვნონ შოკოლადის მრავალფეროვანი კერძები. ყველასთვის არის რაღაც, ტრადიციული პორტუგალიური ტკბილეულიდან დაწყებული, ინოვაციური შოკოლადის ქანდაკებებით დამთავრებული.
ქვიშის ქანდაკებების ფესტივალი
ქვიშის ქანდაკებების ფესტივალი (Sand Sculpture Festival (FIESA)) – ალგარვეში (პერაში) ქვიშის ქანდაკებების საერთაშორისო ფესტივალი შესანიშნავი ღონისძიებაა. მის ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მხატვრები იკრიბებიან ქვიშის ქანდაკებების შესაქმნელად. ფესტივალი დიდ ღია საგამოფენო სივრცეზე იმართება. ვიზიტორებს შეუძლიათ დაათვალიერონ რთული ქანდაკებები, რომლებიც ასახავს ადამიანებს, ადგილებსა და ნივთებს. ღონისძიება წარმოაჩენს ქვიშის მხატვრების წარმოუდგენელ უნარებსა და შემოქმედებითობას.
Super Bock Super Rock
Super Bock Super Rock – ასევე ძალიან ცნობილი მუსიკის ფესტივალი, რომელიც 1995 წლიდან იმართება პორტუგალიაში. იგი საერთაშორისო ბენდებს მასპინძლობს. როკის მოყვარულებს აქ ნამდვილი გართობა ელით.
გადაწყვიტე პორტუგალიაში მოგზაურობა? მაშინ იაფი ფრენები ლისაბონში სწორედ შენთვისაა!
ხშირად დასმული კითხვები პორტუგალიაზე
პორტუგალიის რომელ ქალაქებს უნდა ვესტუმროთ?
პორტუგალიაში აუცილებლად უნდა მოინახულოთ ლისაბონი და პორტო.
რა უნდა წავიღოთ პორტუგალიაში?
პირველ რიგში, ფრენისათვის საჭირო ნივთების წაღება არ დაგავიწყდეთ, იქნება ეს დოკუმენტები, პასპორტი თუ კომფორტული ბალიში. ასევე, შეამოწმეთ ყველა გაჯეტი და დამტენი. პორტუგალიაში ბევრი სიარული მოგიწევთ, ამიტომ სპორტული ფეხსაცმელი და კომფორტული ტანსაცმელი აუცილებელია. აქ ბევრი სანაპირო ზოლი დაგხვდებათ, ამიტომ არ დაგავიწყდეთ საცურაო კოსტიუმების წაღებაც.
რით არის გამორჩეული პორტუგალია?
პირველ რიგში, ქვეყანა ცნობილია თავისი ულამაზესი სანაპიროებით, თუმცა აქ ბევრ ისტორიულ და კულტურულ ძეგლსაც ნახავთ.
რამდენად ძვირია პორტუგალია?
პორტუგალიაში მოგზაურობა არც ისე ძვირი დაგიჯდებათ. მთავარია წინასწარ შეიძინოთ ავიაბილეთები და ბიუჯეტურად დაჯავშნოთ დასარჩენი ადგილები.
რამდენად უსაფრთხოა პორტუგალიაში მოგზაურობა?
პორტუგალია ევროპის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ითვლება მოგზაურებისათვის. ამიტომ, შეგიძლიათ მშვიდად იმოგზაუროთ.
როდისაა საუკეთესო დრო პორტუგალიაში სამოგზაუროდ?
გაზაფხული და შემოდგომა საუკეთესო დროა მოგზაურობისთვის. ამ პერიოდში ქვეყანა ნაკლებად გადატვირთულია და უფრო იაფად შეძლებთ მოგზაურობას.
რომელია პორტუგალიის ქალაქებთან ყველაზე ახლო აეროპორტები?
- LIS – ლისაბონის აეროპორტი
- OPO – პორტოს აეროპორტი
- FAO – ფარუს აეროპორტი
როგორ გავემგზავროთ საქართველოდან პორტუგალიაში?
საქართველოს სამივე – თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის – აეროპორტიდან პორტუგალიის ქალაქებში (ლისაბონი, პორტო, ფარუ) გაფრენას შეძლებთ. პირდაპირი რეისი არ სრულდება, ამიტომ ფრენებს ნახავთ მხოლოდ გადაჯდომით.
რომელი ავიაკომპანიები დაფრინავენ საქართველოდან პორტუგალიაში?
საქართველოდან პორტუგალიაში პირდაპირი რეისი არ სრულდება. თბილისიდან გადაჯდომით დაფრინავენ: Turkish Airlines, LOT, Lufthansa, Aegean Airlines, Austrian Airlines. ქუთაისიდან შეგიძლიათ იმგზავროთ Wizz Air-ით, ევროპის ერთ-ერთ ქალაქში გადაჯდომით. ბათუმიდან ფრენებს გადაჯდომით შემოგთავაზებთ Turkish Airlines.
როგორ შევიძინოთ პორტუგალიის ავიაბილეთები ყველაზე იაფად?
გირჩევთ, ავიაბილეთები დაჯავშნოთ 1 ან 2 თვით ადრე. ასევე, უმჯობესია ფრენები შეიძინოთ კვირის დღეებში და არა შაბათ-კვირას. ყველაზე იაფი ფასის მისაღებად კი ეწვიეთ საძიებო პლატფორმა Avia.ge-ს.
დამატებითი რეკომენდაციები
გაეცანი მნიშვნელოვან ინფორმაციას პორტუგალიაში მოგზაურობის წინ
















