ესპანეთი დასავლეთ ევროპის ცნობილი ქვეყანაა. მისი სანაპიროების ულამაზესი ფოტოები განსაკუთრებით პოპულარულია გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე და ტურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან აქ ჩასვლას უბიძგებს. ესპანეთის ძველი, ისტორიული ციხე-კოშკები და სასახლეები მის ქალაქებში მაგიურ ატმოსფეროს ქმნის. აქ უგემრიელესი კულინარიული შედევრების დაგემოვნებასაც შეძლებთ. ერთი სიტყვით, ესპანეთში მოგზაურობა ისაა, რაც ყველა მოგზაურს მონუსხავს და დაუვიწყარი მოგონებებით აავსებს. ამ გზამკვლევში ჯადოსნური ესპანეთის შესახებ მოგიყვებით, გაგაცნობთ მის პოპულარულ ქალაქებს, ღირსშესანიშნაობებს, ტრადიციულ კერძებს, ცნობილ სანაპიროებს და სხვა. avia.ge-სთან ერთად კი ესპანეთში მოგზაურობას მარტივად და იაფად დაგეგმავთ.
ესპანეთი – გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის
რომელი ქალაქები მოვინახულოთ ესპანეთში?
ესპანეთის ყველა ქალაქი საინტერესო გამოცდილებას გთავაზობთ. ისინი ცნობილია თავისი კულტურული და ისტორიული სანახაობებითა თუ ულამაზესი სანაპიროებით. დაბლა ესპანეთის ცნობილ ქალაქებზე მოგაწვდით ინფორმაციას.
მადრიდი
ესპანეთის დედაქალაქი მადრიდი ევროპის ერთ-ერთი უდიდესი და ტურისტებისთვის საყვარელი ადგილია. მადრიდი გამორჩეულია თავისი მდიდარი ისტორიული, კულტურული და არქიტექტურული მხარეებით. აქ შეგეძლებათ უნიკალური ხელოვნების ნიმუშები დაათვალიეროთ და მსოფლიო დონის მუზეუმებს ესტუმროთ.
ალიკანტე
ალიკანტე ვალენსიის ავტონომიური რეგიონის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი და ამავე სახელწოდების პროვინციის დედაქალაქია. იგი ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე (კოსტა ბლანკა) მდებარეობს. მისი სანაპირო ზოლი ყოველწლიურად უამრავ ტურისტს იზიდავს. აქ წელიწადის უმეტეს დროს მზიანი და თბილი ამინდებია.
სევილია
სევილია ესპანეთის უკიდურეს სამხრეთში, გიბრალტარის სრუტესთან ახლოს მდებარეობს. ქალაქი ქრისტიანული და ისლამური კულტურისა და არქიტექტურის იდეალური ნაზავია, აქ თითქოს აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს. სევილია ცნობილია თავისი საინტერესო არქიტექტურით, ფერადი ქუჩებითა და შენობებით, ისტორიული და კულტურული მრავალფეროვნებით. აქაურობა ნებისმიერ ტურისტს აღაფრთოვანებს.
ბილბაო
ჩრდილოეთ ესპანეთში მდებარე ქალაქი ბილბაო იბერიის ნახევარკუნძულის ულამაზესი ქალაქია. აქაურობა იდეალური ნაზავია ისტორიული, კულტურული და თანამედროვე ეპოქების. ბილბაოს ფერადი ქუჩები, ესპანური კულტურა და აქაური მყუდრო ატმოსფერო ნებისმიერ ტურისტს ზღაპრულ სამყაროში აგრძნობინებს თავს.
ბარსელონა
ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე გაშენებული ესპანური ქალაქი ბარსელონა კატალონიის გამორჩეული მხარეა. იგი ევროპის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური, კულტურული და ისტორიული ცენტრია. ბარსელონა სპორტული თვალსაზრისითაც გამორჩეულია. აქ მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტადიონი. ამასთან, ქალაქი ბევრ სპორტულ ღონისძიებას აწყობს და მასპინძლობს. ბარსელონას ლამაზი ქუჩები, მომნუსხველი შენობა-ნაგებობები და გასართობი დაწესებულებები იდეალურ დასვენებას გპირდებათ.
მალაგა
მზიანი სანაპიროების გარდა მალაგაზე დიდი კულტურული და ისტორიული მრავალფეროვნება დაგხვდებათ. მალაგა ესპანეთის სამხრეთში, ანდალუსიაში მდებარე ქალაქია, პაბლო პიკასოს მშობლიური ქალაქი, იგი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და ნამდვილ ზღაპრულ სამყაროს ჰგავს.
პალმა
პალმა კუნძულ მალიორკის სანაპირო ზოლზე მდებარეობს. მისი ისტორია ანტიკური პერიოდიდან იღებს სათავეს. აქ უძველესი ადამიანების განსახლების არეალი იყო. ქალაქი სხვადასხვა იმპერიის ყურადღების ცენტრში იყო. იგი წარმოადგენდა რომაული და ბიზანტიური გავლენის სფეროს. აქ ისტორიულ და კულტურულ ღირსშესანიშნაობებს ნახავთ.
მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას



რა ვნახოთ ესპანეთში?
ესპანეთის ქალაქები მსოფლიო მნიშვნელობის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას ინახავს. ქვეყანა სავსეა მუზეუმებით, გალერეებითა თუ ციხე-კოშკებით.
საგრადა ფამილია ბარსელონაში
საგრადა ფამილია ბარსელონას მშენებარე კათოლიკური ეკლესიაა. მისი შენება 1882 წელს დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს სამუშაოები. ტაძრის გრანდიოზული არქიტექტურიდან გამომდინარე, გასაკვირი არცაა, საკონსტრუქციო სამუშაოები 140 წელზე მეტ ხანს რომ გრძელდება. საგრადა ფამილია მსოფლიო დონის შედევრია.
ბარსელონას კათედრალი
ბარსელონას კათედრალი მთელი კატალონიის უმნიშვნელოვანესი კათოლიკური ბაზილიკაა. იგი XIII–XV საუკუნეებში შენდებოდა. კათედრალი გოთიკური სტილისაა, მისი მოჩუქურთმებული ნეოგოთიკური ფასადი (XIX ს.) და უდიდესი სვეტები ესპანურ სულს კარგად გამოხატავს.
პიკასოს მუზეუმი ბარსელონაში
პიკასოს მუზეუმი ესპანელი გენიოსი მხატვრის პაბლო პიკასოს ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება. აქ მხატვრის 4000-ზე მეტი ნამუშევარი ინახება. თავიდან, პიკასოს მუზეუმის გახსნის იდეა ბარსელონაში დაებადა პიკასოს მეგობარს, რომელსაც მხატვარმა უამრავი ნახატი აჩუქა, თუმცა შემდეგ თავად პიკასომ მიიღო მთავარი გადაწყვეტილება, რომ ბარსელონაში გახსნილიყო მისი მუზეუმი.
რეინა სოფიას მუზეუმი მადრიდში
რეინა სოფიას მუზეუმი პრადოს გვერდით მდებარეობს. იგი მე-20 საუკუნის სახელოვნებო ცენტრია. ალბათ ყველას გვსმენია პიკასოს გერნიკას შესახებ. ეს ნახატი სწორედ რეინა სოფიას მუზეუმში ინახება. მუზეუმში ასევე ნახავთ სალვადორ დალისა და ხოან მიროს ნამუშევრებს.
მადრიდის სამეფო სასახლე
მადრიდის სამეფო სასახლე დასავლეთ ევროპის უდიდესი მოქმედი სამეფო სასახლეა. იგი მე-18 საუკუნის ისტორიული ძეგლია. დღეს მხოლოდ ცერემონიალური დატვირთვა აქვს, თუმცა ისტორიულ წარსულში ესპანეთის სამეფო კარის რეზიდენციას წარმოადგენდა. სასახლეს 3000-ზე მეტი ოთახი აქვს.
ბატლიოს სახლი ბარსელონაში
ბატლიოს სახლი ესპანელი არქიტექტორის გაუდის შექმნილი მოდერნისტული ტიპის არქიტექტურული ძეგლია. ის ბარსელონას ისტორიულ ნაგებობებთან კონტრასტს ქმნის, თუმცა ტურისტებისთვის ცალსახად საინტერესო შენობას წარმოადგენს. 2005 წლიდან კი ბატლიოს სახლი იუნესკოს ძეგლთა სიაშია შეტანილი.
გუელის პარკი ბარსელონაში
გუელის პარკი ბარსელონას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა. იგი ეუსები გუელის დაკვეთით დააპროექტა ანტონიო გაუდიმ, ცნობილმა არქიტექტორმა. აქ მდებარეობს გაუდის სახლიცა და მუზეუმიც. გუელის პარკი ნამდვილ ზღაპარს გავს, აქ ბაღებისა და პარკის თანწყობა ერთმანეთს საოცრად ეხამება. განსაკუთრებით, ბავშვებთან ერთად თუ აპირებთ მოგზაურობას, ეს პარკი თქვენსა და მათ გულს აუცილებლად მოიგებს.
პრადოს მუზეუმი მადრიდში
პრადოს მუზეუმი მადრიდის “ხელოვნების მოედანზე” მდებარეობს სხვა უმნიშვნელოვანეს მუზეუმებთან ერთად. პრადოში ნახავთ მე-12-დან მე-20 საუკუნემდე მსოფლიო დონის მხატვრების ნამუშევრებს. აქ დაგხვდებათ ველასკესის, გოიას, ელ გრეკოს, იერონიმუს ბოსხის, რუბენსისა და ტიციანის შედევრები.
თისენ-ბორნემისას მუზეუმი მადრიდში
თისენ-ბორნემისას მუზეუმი “ხელოვნების მოედნის” მუზეუმების ტრიადის მესამე წევრია. აქ XIII–XX საუკუნეების ევროპულ ფერწერას ნახავთ – ძველი ოსტატებიდან იმპრესიონისტებამდე. მაგალითად, შეგხვდებათ მონეს, მანეს, პისაროს, ვან გოგისა და დალის ნახატები.
ბერნაბეუს სტადიონი მადრიდში
ბერნაბეუს სტადიონის ნახვა ფეხბურთის ფანების ოცნებაა. იგი რეალ მადრიდის საშინაო სტადიონია, რომელიც ბევრ მნიშვნელოვან მატჩს მასპინძლობს. სტადიონი არა მხოლოდ ქომაგებს, არამედ უბრალოდ დამსვენებლებსაც აღაფრთოვანებს თავისი გრანდიოზულობის დამსახურებით.
დაჯავშნე ესპანეთის ღირსშესანიშნაობების ბილეთები და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!
ფრენები ესპანეთში
რა ვჭამოთ ესპანეთში?
ესპანეთის სამზარეულოს მრავალფეროვანი გემოები თქვენს მოგზაურობას კიდევ უფრო დასამახსოვრებელს გახდის. აქ შეგიძლიათ გასინჯოთ უგემრიელესი ტკბილეული ან მთავარი კერძები.
ტორტილა
ისეთი მარტივი კერძი, რომელიც სულ სამი ინგრედიენტისგან: კარტოფილის, კვერცხისა და (ხშირად) ხახვისგან შედგება, შეიძლება ნამდვილი შედევრი იყოს. ტორტილა უთუოდ ესპანელების ერთ-ერთი საყვარელი კერძია. იგი სწრაფად და მარტივად მზადდება. თუმცა, ყველა დაწესებულებაში მის მომზადებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. ალბათ უფრო მეტად კლიენტის გემოვნურ არჩევანზეა დამოკიდებული, რამდენად შემწვარი, წვნიანი თუ ხახვიანი იქნება კერძი. ყოველ შემთხვევაში, განსაკუთრებით საუზმობისას, ტორტილა გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ.
კროკეტები
ეს კერძი თქვენი აღმოჩენა იქნება. კროკეტები ბეშამელის სქელი სოუსისგან მზადდება, რომელსაც ორცხობილის ფქვილში ამოავლებენ და ზეთში შეწვავენ. კლასიკური ვარიანტი ხამონით (ესპანური ლორით) მზადდება, თუმცა შეგიძლიათ სოკოს ან ყველის კროკეტები გასინჯოთ. იგი მარტივი საჭმელი და სწრაფად მოსამზადებელი კერძია. შეგიძლიათ სეირნობის დროს თან იქონიოთ და მეგობრებთან ერთად გაიზიაროთ.
პატატას ბრავას
ეს კერძი წარმოადგენს კუბებად დაჭრილ, სპეციალურად მომზადებულ კარტოფილს. მას აქვს თავისი სოუსი, რომლის შემადგენლობაცა და სიცხარეც თავად შეგიძლიათ აირჩიოთ.
ხორცის ბურთულები
ალბათ ხშირად გინახავთ სხვადასხვა სოუსში მომზადებული ხორცის ბურთულების რეცეპტები ან ფოტოები. ესპანეთში კერძი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მისი მრავალფეროვანი გემოები ხორცის მოყვარულებს აუცილებლად შეაყვარებს თავს.
ნივრის კრევეტები
ნივრის კრევეტები (Gambas al ajillo) ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტაპასია. კრევეტებს ზეითუნის ზეთში ნიორთან და ცხარე წიწაკასთან ერთად ამზადებენ და, როგორც წესი, თიხის პატარა ჯამით, ცხლად მიირთმევენ. დარჩენილ არომატულ ზეთში პურის ამოწებება აქაური ტრადიციაა.
ჩუროსები
და რა თქმა უნდა ტკბილეულის მოყვარულებსაც არ დაგწყვეტთ ესპანეთი გულს. ჩუროსები გრძელ ცომის ჩხირებს გულისხმობს. ცომი ფქვილის, წყლისა და მარილისგან მზადდება, ზეთში იწვება და ხშირად შაქარშიც ამოავლებენ. როგორც წესი, ჩუროსები ცხელ შოკოლადთან ან სხვა ტკბილ სოუსთან ერთად სერვირდება, რომელთან ერთადაც უნდა მიირთვათ. ჩუროსები ტურისტების საყვარელი საკვებია ესპანეთში სტუმრობისას. ჩუროსები მოგცემთ საშუალებას, ესპანური ტკბილეული გასინჯოთ და ესპანური კულინარიის გულშემატკივრების რიცხვს შეუერთდეთ.
კრემა კატალანა
ეს კერძი ფრანგული კრემ-ბრულეს ვარიანტია. თუმცა, ფრანგულისგან განსხვავებული თავისებურებებიც აქვს. ტკბილეულის მოყვარულებს აუცილებლად გირჩევთ მის დაგემოვნებას.
რვაფეხა
ყველაზე ცნობილი ვარიანტია გალისიური რვაფეხა (Pulpo a la gallega): მოხარშულ რვაფეხას ნაჭრებად ჭრიან და ზეითუნის ზეთით, მარილითა და წითელი წიწაკით (პაპრიკით) აზავებენ. იგი განსაკუთრებით პოპულარულია გალისიასა და ზღვისპირა ქალაქებში. თევზეულის მოყვარულებს ეს კერძი აუცილებლად მოგეწონებათ.
ახლოდან დანახული ესპანეთი





სად ვიშოპინგოთ ესპანეთში?
ესპანეთში შოპინგსაც იდეალურად შეძლებთ. აქ ნახავთ როგორც თანამედროვე შოპინგ-ცენტრებსა და მაღალი კლასის მაღაზიებს, ასევე ვინტაჟურ ბუტიკებს, ბაზრობებსა და ფლი-მარკეტებს.
ყველაზე დიდი მოლები ესპანეთში
Puerto Venecia – ესპანეთის ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო-გასართობი ცენტრი, რომელიც ქალაქ სარაგოსაში მდებარეობს. აქ ცნობილ მაღაზიებსა თუ გასართობ სივრცეებს ნახავთ. მოლი კეთილმოწყობილია, აქვს რამდენიმე ტერასა, კვების ობიექტი, ბაღები და სხვა.
Centro Comercial Príncipe Pío – მადრიდის ცნობილი სავაჭრო ცენტრი, რომელიც ყოფილი სარკინიგზო სადგურის ისტორიულ შენობაშია მოწყობილი. აქ სხვადასხვა ტიპის მაღაზიას იპოვით. ამას გარდა აქ ნახავთ საკვებ ობიექტებსაც.
Plaza Río 2 Shopping Center – ეს უზარმაზარი შენობა ასევე უამრავ მაღაზიას იტევს მადრიდში. აქ შეიძლება მთელი დღეც კი დაჰყოთ. ცენტრი Madrid Río-ს პარკის მახლობლად მდებარეობს.
Maremagnum – სავაჭრო ცენტრი ბარსელონას ძველ პორტში (Port Vell), ზღვის პირას. მოლში ნახავთ ბარებს, რესტორნებსა და კინოთეატრებსაც.
Diagonal Mar – ამ შოპინგ ცენტრში ბარსელონაში შეგიძლიათ საათები გაატაროთ. იგი ზღვის სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს.
L’illa | Diagonal – აქ დაგხვდებათ მრავალფეროვანი არჩევანი ბარსელონაში. იგი ბარსელონას მთავარ გამზირზე, Avinguda Diagonal-ზე მდებარეობს.
ყველაზე იაფი ქალაქები საშოპინგოდ
კორდობა, ალიკანტე, სევილია, გრანადა – შოპინგისთვის შედარებით ხელმისაწვდომი ფასებით გამოირჩევა. აქ ბევრ მაღაზიას, აუთლეტ ცენტრებსა თუ ბაზრობებს ნახავთ, სადაც პროდუქციას საკმაოდ მისაღებ ფასში შეიძენთ.
რა ვიყიდოთ ესპანეთში?
- ესპადრილები – ესპადრილები უბრალოდ ფეხსაცმელი არ არის. მისი ისტორია ძველი ცივილიზაციებიდან იწყება. პირენეის ნახევარკუნძულზე ეს ფეხსაცმელი ოდესღაც ფერმერებსა და მეთევზეებს ეცვათ, მაგრამ დღეს ისინი ესპანური ელეგანტურობის სიმბოლოა.
- ღვინო – ესპანეთიდან ხშირად რიოხას ან სხვა რეგიონის ღვინო ჩამოაქვთ. სუვენირად კი შეგიძლიათ ტრადიციული ღვინის ბოტა შეიძინოთ – რბილი ტყავის ჩანთა, რომელიც ღვინის შესანახად და დასალევად გამოიყენება.
- მარაოები – მარაო ესპანური კულტურის ნაწილია. ფერადი მარაოებით სიარული მის ქალაქებში განსაკუთრებით ზაფხულობითაა პოპულარული.
- ბასკური ბერეტები – ბასკური ბერეტები ესპანეთის ქალაქების ბევრ მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ. ისინი აქაურობის განუყრელი ნაწილია.
- ნაქარგი ნივთები – ესპანურ პატარა მაღაზიებსა ან ქსოვილების მაღაზიებში ბევრ ნაქსოვ ნივთს, მათ შორის ნაქსოვ შარფებს, ულამაზესად მოქარგულ ქსოვილებსა და ფერად ნაჭრებს აღმოაჩენთ.
ყველაზე ცნობილი ბაზრობები საშოპინგოდ
ესპანეთში მარტივად შეგიძლიათ იპოვოთ ქუჩის ბაზრობები. ესპანეთის თითქმის ყველა ქალაქს აქვს ერთი ან რამდენიმე ყოველკვირეული ან ყოველთვიური ქუჩის ბაზრობა. ზოგიერთი მორგებულია მეორადი ნივთების ან ანტიკვარიატის, მოდის ან ორგანული პროდუქტების გაყიდვაზე, ზოგი კი ყოველდღიური საქონლის, ტანსაცმლისა და აქსესუარების, ხილისა და ბოსტნეულის და ა.შ. ყველა მათგანი ხალხმრავალი და ცოცხალია, ხშირად სადღესასწაულო ატმოსფეროთი, ზოგჯერ კი მუსიკოსებითა და შემსრულებლებით. მაგალითისთვის ეწვიეთ:
ლა ბოკერიას – წმინდა იოსების ბაზარს (Mercat de Sant Josep de la Boqueria) – იგი ყველაზე ცნობილი ბაზარია ბარსელონაში. ეს ადგილი ძალიან ფოტოგენურია და ესპანურ სულს კარგად გამოხატავს.
სენ-მიგელის ბაზარს (Mercado de San Miguel) – მადრიდის ცენტრში, პლასა მაიორთან ახლოს, XX საუკუნის დასაწყისის რკინისა და შუშის შენობაში მოწყობილი გურმანული ბაზარი. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ტაპასები, ზღვის პროდუქტები, ყველი თუ ხამონი. ადგილობრივ კერძებსაც მრავლად ნახავთ. თანაც, ბაზარში თავისებური ატმოსფერო ტრიალებს.
მშვიდობის ბაზარს (Mercado de la Paz) – ეს მადრიდული ბაზარი ღია, ნათელ ფერებშია მოწყობილი. აქ ტკბილეულსაც დააგემოვნებთ. აქაურობა განტვირთვისთვისაც კარგი საშუალება იქნება.
ხუთშაბათობის ბაზარს (Mercadillo El Jueves) – სევილიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და უძველესი ბაზარი. იგი მე-13 საუკუნით თარიღდება და ყოველ ხუთშაბათს იმართება. სევილიაში ყოფნისას აჩუქეთ თქვენ თავს იმის ფუფუნება, რომ ამ ბაზარში ადგილობრივი საქონელი ან ანტიკვარული ნივთები შეიძინოთ.
რეკომენდაცია ესპანეთში შოპინგისათვის
- საშოპინგო ადგილების უმეტესობა ღიაა ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 09:30-დან 13:30 საათამდე და შუადღის დასვენების შემდეგ 16:30-დან 20:00 საათამდე.
- ტურისტული ადგილების უმეტესობაში მაღაზიები გაცილებით გვიან იხსნება და ბევრი ქალაქი მათ საშუალებას აძლევს, თავად დაადგინონ სამუშაო საათები.
- ზოგიერთ კურორტზე, განსაკუთრებით სანაპიროზე სეზონის პიკის დროს, უჩვეულო არ არის, რომ მაღაზიები საღამომდე ღია იყოს, თუნდაც 22:00 საათის შემდეგ.
- მსხვილი სავაჭრო ცენტრები და უნივერმაღები ღიაა მთელი დღის განმავლობაში 10:00-დან 21:00-მდე ან 22:00 საათამდე, ბევრი კი კვირაობითაც ღიაა.
- თუ ევროკავშირის გარეთ ცხოვრობთ, შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენს შენაძენებზე გადასახადის დაბრუნება.
გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი ესპანეთში? მაშინ დაჯავშნე თბილისი ბარსელონას ავიაბილეთები ახლავე!
როდის არის საუკეთესო დრო ესპანეთში სამოგზაუროდ?
ესპანეთის როგორი მხარე უფრო მოგწონთ – თავგადასავლებით აღსავსე და სანაპირო მოგზაურობებისათვის განკუთვნილი კურორტები თუ მშვიდი ატმოსფერო, მუზეუმების რიგები და კულტურული ღონისძიებები? ესპანეთი ყველა სეზონზე უნიკალურ გამოცდილებებს შეგიქმნით. გვიანი გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე ქვეყანა სანაპირო ზოლითაა პოპულარული. შემოდგომის შუახნებიდან კი ქვეყანა მუზეუმების სამშობლოდ გადაიქცევა – შედარებით ნაკლები ტურისტების გარემოცვაში მარტივად შეძლებთ პრადოსა თუ რეინა სოფიას მუზეუმებში ვიზიტს. არც ზამთარი ჩამოუვარდება სხვა სეზონებს. ამ დროს სხვადასხვა ღონისძიებები იმართება ესპანეთის ქალაქებში, მათ შორის საშობაო ბაზრობები, რომლებიც მნახველს მრავალფეროვანი პროდუქციითა და სადღესასწაულო განწყობით დიდებულ განცდებს ჩუქნის. მოკლედ, არჩევანი თქვენზეა, ესპანეთი ნებისმიერ სეზონზე ამაყად წარსდგება თქვენ წინაშე.
არ გადადო! დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება.
როგორ გადავაადგილდეთ ესპანეთში?
ესპანეთში გადაადგილებას ძალიან მარტივად შეძლებთ. აქ შეგიძლიათ უბრალოდ ფეხით ისეირნოთ და ქალაქების ხედებით დატკბეთ, ან გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ქალაქებს შორისაც მარტივად შეძლებთ მოგზაურობას.
მატარებელი
მატარებლით მგზავრობა, როგორც წესი, ესპანეთში გადაადგილების ყველაზე მარტივი, სწრაფი და კომფორტული საშუალებაა. ესპანური მატარებლები ძირითადად თანამედროვე, კომფორტული და მოწესრიგებულია. მატარებლების რამდენიმე ტიპს ნახავთ ესპანეთში, მაგალითად სწრაფმავალს, დიდი დისტანციებისთვის განკუთვნილს, საშუალო დისტანციისთვის შესაფერისსა თუ მაღალი კლასის. მათი ბილეთების შეძენა წინასწარ, ონლაინ შეგიძლიათ. ფასები ცვალებადია დისტანციის მიხედვით.
ავტობუსი
ესპანეთის დიდ ქალაქებში, ბარსელონაში, მადრიდში, ვალენსიაში და სხვა ავტობუსით გადაადგილებას მარტივად და კომფორტულად შეძლებთ. ავტობუსის ბილეთების საფასური ქალაქების მიხედვით განსხვავდება. მაგალითად, მადრიდში ერთჯერადი ბილეთი 1.50 €-ია, ბარსელონაში კი – 2.90 €.
მატარებლის (Renfe) შეღავათები
- 4 წლამდე ასაკის ბავშვები: ყველა ბავშვი მგზავრობს უფასოდ, თუ ისინი საკუთარ ადგილს არ იკავებენ. თუმცა, მშობლებმა მაინც უნდა დაჯავშნონ (უფასო) ბილეთი მათი ბავშვისთვის.
- 4-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვები: იღებენ 40%-იან ფასდაკლებას ჩვეულებრივი ბილეთის ფასზე.
- 14-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები: ახალგაზრდებს შეუძლიათ შეიძინონ ფასდაკლების ბარათი +Renfe Joven, რომელიც შორ და საშუალო მანძილზე მგზავრობას აიაფებს.
- 60 წელზე უფროსი ასაკის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მგზავრები: ხანდაზმულებს შეუძლიათ შეიძინონ Tarjeta Dorada (ოქროს ბარათი) 6 ევროდ. Tarjeta Dorada მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში და გთავაზობთ 25% ან 40%-იან ფასდაკლებას.
- დიდი ოჯახები: თუ დიდი ოჯახის წევრი ხართ, ბილეთებზე ფასდაკლებაც შესაძლებელია. ფასდაკლების რეინჯი 20%-დან 50%-მდე მერყეობს.
მეტრო
ესპანეთის ბევრ დიდ ქალაქში – მადრიდში, ბარსელონაში, ვალენსიაში, პალმასა თუ ბილბაოში – მეტროს სისტემა შეგხვდებათ. თანაც, იგი საკმაოდ გამართულად ფუნქციონირებს და მოსახერხებელია გვიან გადაადგილებისთვისაც. მაგალითისთვის, მადრიდის მეტრო დილის 6-დან ღამის 1:30-მდე მუშაობს. მადრიდის მეტროს 12 ძირითადი ხაზი აქვს, ბარსელონას – 10-ზე მეტი, შესაბამისად ქალაქების უმეტეს ნაწილს ფარავენ და დანიშნულების უმეტეს ადგილებამდე მარტივად მიგიყვანთ. მეტროს ერთჯერადი ბილეთი მადრიდში 1.50–2 €-ია (მანძილის მიხედვით), ბარსელონაში კი – 2.90 €. ბილეთების შეძენას შეძლებთ სადგურებში განთავსებული ავტომატებიდან.
ფეხით
ესპანეთის ქალაქები ნამდვილად იმსახურებენ, რომ ბევრი ისეირნოთ მათ ქუჩებზე და გრანდიოზული არქიტექტურით, ულამაზესი ბაღებითა და სანაპიროებით დატკბეთ. ქალაქების ცენტრები სავსეა კულტურული ძეგლებით, შესაბამისად ესპანეთში ფეხით სეირნობა ისტორიულ დროში გადაადგილებას წააგავს.
კონცერტები და ფესტივალები ესპანეთში
ესპანეთი კარნავალის, ფესტივალებისა და დღესასწაულების ქვეყანაა. აქ წელიწადის სხვადასხვა სეზონებზე კულტურულ თუ სამხიარულო ღონისძიებებს მართავენ. რამდენიმე ცნობილ ღონისძიებას ჩვენც შემოგთავაზებთ
წმინდა ისიდორეს დღესასწაული
წმინდა ისიდორეს დღესასწაული (Fiestas de San Isidro) –15 მაისს მადრიდი თავისი მფარველი წმინდანის, წმინდა ისიდორეს დღესასწაულს ერთკვირიანი ზეიმით აღნიშნავს. დღესასწაულის დღეებში ესპანეთის დედაქალაქში კონცერტები და ფესტივალები იმართება. ადამიანები ტრადიციულ კოსტიუმებში იმოსებიან და ქუჩებში ტრადიციულ ცეკვებს ცეკვავენ.
მად ქულ
მად ქულ (Mad Cool) – ყველაზე ცნობილი მუსიკის ფესტივალი მადრიდში. იგი ყოველ ზაფხულს, ჩვეულებრივ ივლისში იმართება და როკის, ინდისა და პოპ მუსიკის ვარსკვლავებს მასპინძლობს. ეს უდიდესი ფესტივალი ძალიან ცნობილია და ტურისტებსაც კარგ გამოცდილებას პირდება.
ტომატინა
ტომატინა (La Tomatina) – ამ ფესტივალს აუცილებლად უნდა დაესწროთ, თუ ზაფხულში გადაწყვეტთ ესპანეთის მონახულებას. ტომატინა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი „საჭმლის ბრძოლაა“, რომელიც აგვისტოს ბოლო ოთხშაბათს ვალენსიის მახლობლად, ქალაქ ბუნიოლში იმართება. მის ფარგლებში დამსწრეები ერთმანეთს პომიდვრებს ესვრიან.
ჰაროს ღვინის ფესტივალი
ჰაროს ღვინის ფესტივალი (Haro Wine Festival) – ეს ზაფხულის ფესტივალია ქალაქ ჰაროში (ლა რიოხა). მისი მთავარი ნაწილია „ღვინის ბრძოლა“ (Batalla del Vino), როდესაც მონაწილეები ერთმანეთს წითელ ღვინოს ასხამენ. იგი 29 ივნისს, მფარველი წმინდანის, სან პედროს დღეს იმართება.
ფალას ფესტივალი
ფალას ფესტივალი (Fallas) – იგი 15–19 მარტს იმართება ესპანურ ქალაქ ვალენსიაში და სიმბოლურად აღნიშნავს გაზაფხულის მოსვლას. ფესტივალი ეძღვნება წმინდა იოსებს, ბოლო ღამეს კი უზარმაზარ ფიგურებს (ნინოტებს) წვავენ.
სიტჯესის კარნავალი
სიტჯესის კარნავალი (Sitges Carnival) – დიდი და მრავალფეროვანი კარნავალი ქალაქ სიტჯესში, ბარსელონადან დაახლოებით 40 კმ-ში. მის ფარგლებში ადამიანები საკუთარ იდენტობას სიმბოლურად და ორიგინალურად გამოხატავენ. კარნავალი სადღესასწაულო განწყობას ქმნის მთელს სიტჯესში და მის ქუჩებში სასიამოვნო ეიფორია იგრძნობა.
გადაწყვიტე ესპანეთში მოგზაურობა? მაშინ მიიღე საუკეთესო შეთავაზებები და დაჯავშნე იაფი ფრენები მადრიდში.
რომელია საუკეთესო სანაპიროები ესპანეთში?
ესპანეთი ცნობილი სანაპირო ქვეყანაა. ამ მზიან მხარეში მზის აბაზანების მიღებას წელიწადის უმეტეს დროს შეძლებთ. დაბლა რამდენიმე ცნობილ სანაპირო ზოლს შემოგთავაზებთ.
ბარსელონეტას სანაპირო
ბარსელონეტას სანაპირო (Barceloneta Beach) – ბარსელონას ყველაზე ცნობილი სანაპირო. სანაპიროს გასწვრივ გადაჭიმულია ფართო სასეირნო ზოლი უამრავი რესტორნითა და ბარით. თანაც, ახლოსაა ციუტადელას პარკი, სადაც კარგად დასვენებას შეძლებთ.
ბოგატელის სანაპირო
ბოგატელის სანაპირო (Playa de Bogatell) – ქვიშიანი სანაპირო. ბოგატელის სანაპირო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია ბარსელონაში. აქ შეძლებთ ქვიშაზე სეირნობას, ცურაობასა და სხვადასხვა გასართობ აქტივობებში მონაწილეობას.
პენისკოლა
პენისკოლა (Peniscola) – ბარსელონასა და ვალენსიას შორის მდებარე ულამაზესი პენისკოლა იდეალური ადგილია ზღვის მოყვარულებისათვის. აქაური გამჭვირვალე წყალი და სუფთა გარემო ნამდვილი ესპანური თავგადასავლის მომასწავებელია.
ლა კონჩას სანაპირო
ლა კონჩას სანაპირო (Playa de La Concha) – ჩრდილოეთ ესპანეთში, ქალაქ სან-სებასტიანში მდებარე ნახევარმთვარის ფორმის ქვიშიანი სანაპირო ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქურ პლაჟად ითვლება. აქ ცურვისა და დასვენების შემდეგ ძველ ქალაქში ცნობილ პინჩოსებს დააგემოვნებთ.
კალპე
კალპე (Playa Calpe) – ალიკანტეს რეგიონში მდებარე კალპე ესპანეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე საკურორტო ქალაქია, რომელიც ზღვიდან ამომავალი კლდით – პენიონ დე იფაკით (Peñón de Ifach) – არის ცნობილი. მის სანაპიროებზე დასვენებას, განტვირთვასა და მხიარულებას შეძლებთ. აქ ბევრი კაფე და ბარიც შეგხვდებათ.
გავა მარის სანაპირო
გავა მარის სანაპირო (Gava Mar Beach) – თუ გსურთ ბარსელონას ნახვა, მაგრამ არ გსურთ მთელი დასვენების იქ გატარება, აუცილებლად უნდა ეწვიოთ Gavà Mar-ს. ბარსელონადან 20 წუთის სავალზე მდებარე წყნარ სანაპირო ქალაქს. ზღვის ვრცელი ხედები და ნაზი ტალღები მას მთელი დღის განმავლობაში ცურვისთვის იდეალურ ადგილად აქცევს. პლაჟები რბილი და ქვიშიანია, ხოლო სანაპიროზე რამდენიმე რესტორანია მოფენილი.
გსურთ ესპანეთის სანაპირო ზოლზე დასვენება? მაშინ შეიძინეთ ქუთაისი ბარსელონა ავიაბილეთები .
ხშირად დასმული კითხვები ესპანეთზე
ესპანეთის რომელ ქალაქებს უნდა ვესტუმროთ?
მოინახულეთ ბარსელონა, მადრიდი, ვალენსია, ბილბაო თუ ალიკანტე. ქვეყნის ნებისმიერი ქალაქი დაუვიწყარ გამოცდილებას გპირდებათ.
რა უნდა წავიღოთ ესპანეთში?
პირველ რიგში, ფრენისათვის საჭირო ნივთების წაღება არ დაგავიწყდეთ, იქნება ეს დოკუმენტები, პასპორტი თუ კომფორტული ბალიში. ასევე, შეამოწმეთ ყველა გაჯეტი და დამტენი. ესპანეთში ბევრი სიარული მოგიწევთ, ამიტომ სპორტული ფეხსაცმელი და კომფორტული ტანსაცმელი აუცილებელია. აუცილებლად წაიღეთ მზისგან დამცავი, მზის სათვალე და ზღვისათვის საჭირო ატრიბუტები.
რით არის გამორჩეული ესპანეთი?
ესპანეთი ცნობილია თავისი კულტურული და ისტორიული ნაგებობებითა და ულამაზესი სანაპირო ზოლით.
რამდენად ძვირია ესპანეთი?
ესპანეთში მოგზაურობა ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით შეიძლება ძვირი მოგეჩვენოთ, თუმცა თუ წინასწარ დაგეგმავთ მოგზაურობას, საკმაოდ ბიუჯეტურად დაჯავშნით დასარჩენ ადგილებსა და ავიაბილეთებს. ასევე, კვების ობიექტებიც შეგიძლიათ თქვენი ბიუჯეტის მიხედვით განსაზღვროთ.
რამდენად უსაფრთხოა ესპანეთში მოგზაურობა?
ესპანეთი ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყანაა, თუმცა დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ხშირია ჯიბის ქურდობა. ამიტომ მოუფრთხილდით პირად ნივთებს და გვიან ღამით ბნელ უბნებში სიარულს მოერიდეთ.
როდისაა საუკეთესო დრო ესპანეთში სამოგზაუროდ?
ესპანეთში მოგზაურობა განსაკუთრებით სასიამოვნოა გაზაფხულიდან შემოდგომამდე პერიოდში. ამ დროს კარგად შეძლებთ მისი სანაპირო ზოლით ტკბობას.
რომელია ესპანეთის ქალაქებთან ყველაზე ახლო აეროპორტები?
- BCN – ბარსელონა-ელ პრატის აეროპორტი
- MAD – მადრიდ-ბარახასის აეროპორტი (ადოლფო სუარესი)
- AGP – მალაგას აეროპორტი
- VLC – ვალენსიის აეროპორტი
- PMI – პალმა დე მალიორკის აეროპორტი
როგორ გავემგზავროთ საქართველოდან ესპანეთში?
საქართველოს სამივე – თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის – აეროპორტებიდან ესპანეთის ქალაქებში გაფრენას შეძლებთ. პირდაპირ რეისებს ძირითადად ქუთაისიდან (მაგ. ბარსელონაში) ნახავთ, თბილისიდან და ბათუმიდან კი რეისები ძირითადად გადაჯდომით სრულდება.
რომელი ავიაკომპანიები დაფრინავენ საქართველოდან ესპანეთში?
საქართველოდან ესპანეთში პირდაპირ ავიარეისებს ძირითადად Wizz Air ასრულებს (ქუთაისიდან), გადაჯდომით კი – Turkish Airlines, Pegasus, LOT, Lufthansa, Aegean Airlines, Austrian Airlines და სხვა ავიაკომპანიები. რეისების განრიგი სეზონურად იცვლება.
როგორ შევიძინოთ ესპანეთის ავიაბილეთები ყველაზე იაფად?
გირჩევთ, რომ ავიაბილეთები დაჯავშნოთ 1 ან 2 თვით ადრე. ასევე, უმჯობესია ფრენები შეიძინოთ კვირის დღეებში და არა შაბათ-კვირას. ყველაზე იაფი ფასის მისაღებად კი ეწვიეთ საძიებო პლატფორმა Avia.ge -ს.
დამატებითი რეკომენდაციები
გაეცანი მნიშვნელოვან ინფორმაციას ესპანეთში მოგზაურობის წინ






























