საქართველოს საჰაერო სივრცის განვითარება ბოლო წლებში მნიშვნელოვანი შედეგებით გამოირჩევა. ამჟამად, ქვეყნის აეროპორტებიდან 70-ზე მეტი ავიაკომპანია 110-ზე მეტ მიმართულებას ემსახურება, რაც პირდაპირ მიუთითებს საქართველოს მზარდ საერთაშორისო კავშირებზე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით, ტურიზმის სფეროს სწრაფი პროგრესი დიდწილად სწორედ პირდაპირი რეისების რაოდენობის მატებას უკავშირდება თბილისის , ქუთაისის და ბათუმის აეროპორტებიდან. მინისტრის თქმით, მთავრობამ ამ მიმართულებით არაერთი მასშტაბური ინიციატივა განახორციელა და სწორედ ამის შედეგია ის, რომ დღესდღეობით პირდაპირი ფრენების რიცხვი ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს.
შეგახსენებთ, აპრილში ცნობილი გახდა რომ თბილისის აეროპორტი 8 ახალმა ავიაკომპანიამ აირჩია, რომელთა შორისაა ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და პრესტიჟული ავიაკომპანია British Airways , ასევე Transavia France, Edelweiss Air , EasyJet და სხვა. ამასთან, ავიაკომპანია Wizz Air -მა წელს ქუთაისიდან ახალი პირდაპირი მიმართულებები შემოგვთავაზა – ლიონი, ჰამბურგი და მადრიდი.
გრძელვადიანი და გააზრებული პოლიტიკის შედეგად, საქართველომ შეძლო როგორც ტურისტული, ისე საავიაციო ბაზრების დივერსიფიკაცია, რაც მაღალი მსყიდველუნარიანი ვიზიტორების მოზიდვას უწყობს ხელს. ამ პროცესის წარმატება ყველაზე თვალსაჩინოდ სტატისტიკურ მაჩვენებლებში აისახა: 2024 წელს ქვეყანამ ტურისტული ვიზიტების რეკორდული რაოდენობა – 5.1 მილიონი სტუმარი მიიღო. რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, ტურიზმის ზრდის ტენდენცია მიმდინარე წელსაც შეუფერხებლად გრძელდება. პროგნოზების თანახმად, ზრდის დინამიკა მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება.
Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907
 
 









