თანამედროვე საავიაციო ინდუსტრია დიდი ცვლილებების ზღვარზეა. თუ აქამდე შორ მანძილზე ფრენა მხოლოდ გიგანტური, ორგასასვლელიან (widebody) თვითმფრინავებს შეეძლოთ, დღეს ასპარეზზე Airbus A321XLR შემოდის. ამ ვიწროფუზელაჟიანმა ხომალდმა ახალი ისტორიული ნიშნული დააფიქსირა – მისი პირველი გეგმიური ფრენის ხანგრძლივობამ 10 საათს გადააჭარბა, რამაც დარგის ექსპერტებში კამათი გამოიწვია.
რატომ არის A321XLR განსაკუთრებული
Airbus A321XLR არ არის უბრალო თვითმფრინავი. ეს არის საინჟინრო მიღწევა, რომლის საშუალებითაც ვიწროფუზელაჟიან (ერთ გასასვლელიანმა) ხომალდს საშუალება ეძლევა 8,700 კილომეტრამდე მანძილი დაფაროს. ეს ყველაფერი კი ცენტრალური საწვავის ავზის (RCT) უკანა ნაწილში ინტეგრირებით გახდა შესაძლებელი, რომელიც პირდაპირ თვითმფრინავის ფიუზელაჟშია ჩაშენებული და მეტ საწვავს იტევს, ვიდრე დამატებითი მოსახსნელი ავზები.
მისი მთავარი უპირატესობა საწვავის ეფექტურობაა – ის 30%-ით ნაკლებ საწვავს მოიხმარს წინა თაობის თვითმფრინავებთან შედარებით. თუმცა, როდესაც საუბარია პატარა თვითმფრინავით 10-საათიან ფრენაზე , ჩნდება მთავარი ეგზისტენციალური კითხვა: კომფორტი თუ ეფექტურობა

კომფორტის დილემა: ერთი გასასვლელი 10 საათის განმავლობაში
მგზავრებისთვის, რომლებიც მიჩვეულნი არიან Boeing 777-ის ან Airbus A350-ის სივრცეს, სადაც სალონში თავისუფლად გავლა-გამოვლა შესაძლებელია, ვიწრო სალონში 10 საათის გატარება ფსიქოლოგიური და ფიზიკური გამოწვევა აღმოჩნდება. Airbus-მა პრობლემის გადაჭრა სალონის განსხვავებული ე.წ Airspace კონცეფციით სცადა, აღნიშნული მოიცავს:
- უფრო დიდ სათავსოებს ხელბარგისთვის;
- ინოვაციურ განათების სისტემას, რომელიც ამცირებს “ჯეტლაგის” ეფექტს;
- უფრო განიერ სავარძლებს თავის კლასში.
მიუხედავად ამისა, ავიაკომპანიებისთვის ეს თვითმფრინავი ნამდვილი “ოქროს საბადოა”, რადგან ის საშუალებას იძლევა გაიხსნას ახალი, პირდაპირი რეისები იქ, სადაც დიდი ხომალდების გაშვება წამგებიანი იყო მათი დაბალი დატვირთვის გამო.
მსოფლიოს ყველაზე გრძელი მარშრუტები: ინდიგო/Indigo airlines რეკორდი
ამ ეტაპზე, ყველაზე გრძელი დაგეგმილი რეისი, რომელსაც A321XLR შეასრულებს, ინდური დაბალბიუჯეტიანი გიგანტის, IndiGo-ს საკუთრებაა. რეისის ხანგრძლივობა 10 საათი და 15 წუთი იქნება. მიმართულებით დელი-სტამბოლი.
ასეთი ხანგრძლივობა რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული:
- გეოპოლიტიკური ვითარება: პაკისტანის საჰაერო სივრცისთვის გვერდის ავლის საჭიროება მარშრუტს საგრძნობლად აგრძელებს.
- ტექნიკური მახასიათებლები: ვიწროფუზელაჟიანი თვითმფრინავების სიჩქარე დიდ ლაინერებთან შედარებით ოდნავ ნაკლებია, რაც ხანგრძლივ ფრენაზე 20-30 წუთიან სხვაობას იძლევა.
საინტერესოა, რომ IndiGo დროებით თავისი მაღალი ტევადობის Boeing 777-ები სწორედ 195-ადგილიანი XLR-ებით ჩაანაცვლებას აპირებს. ეს ნიშნავს, რომ ავიაკომპანია პრიორიტეტს რეისების სიხშირეს ანიჭებს და არა თვითმფრინავის სიდიდეს.

ევროპული ამბიციები და ტრანსატლანტიკური ფრენები
XLR-ის აქტიური მომხმარებლები ევროპული ავიაკომპანიებიც არიან. Aer Lingus დუბლინიდან ბარბადოსის მიმართულებით ფრენების დაწყებას გეგმავს. ეს კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია XLR-ს მოემსახუროს ნიშურ ტურისტულ მიმართულებებს, სადაც მგზავრთა ნაკადი Airbus A350-ის შესავსებად საკმარისი არ არის, მაგრამ იდეალურია 180-200 კაციანი თვითმფრინავისთვის.
ესპანური Iberia კი მადრიდიდან ჩრდილოეთ ამერიკის მიმართულებით რამდენიმე რეისს ამატებს. საინტერესო დეტალია მადრიდი -ჩრდილოეთ ამერიკის ფრენებთან დაკავშირებით არის ის რომ ზამთრის ძლიერი ქარი, რომელიც ატლანტის ოკეანეზე დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ ქრის, რეისს უფრო ხანგრძლივს ხდის. ავიაკომპანიები განრიგში ხშირად ე.წ. ბუფერულ დროს ამატებენ, რათა თავიდან აიცილონ დაგვიანებები, რაც XLR-ის დანიშნულების ადგილამდე ჩაფრენის დროს 9-10 საათამდე ზრდის.
რას ნიშნავს ეს ქართველი მოგზაურისთვის
თბილისისა და ქუთაისის აეროპორტები ყოველთვის იყო დამოკიდებული ჰაბებზე (სტამბოლი, ვარშავა, მიუნხენი). A321XLR-ის პოპულარიზაცია ნიშნავს, რომ მომავალში ავიაკომპანიებმა, როგორიცაა Wizz Air ან თუნდაც ევროპული ფლაგმანები, შესაძლოა პირდაპირი რეისები თბილისიდან ისეთ შორეულ წერტილებში განიხილონ, სადაც ფრენა აქამდე გადაჯდომის გარეშე წარმოუდგენელი იყო. მაგალითად, პირდაპირი კავშირი ინდოეთთან, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან ან დასავლეთ ევროპის ყველაზე შორეულ წერტილებთან.
როგორც ვხედავთ, ავიაციის მომავალი პირდაპირ ფრენებშია. მგზავრებს დანიშნულების ადგილზე გადაჯდომის გარეშე ჩასვლა ურჩვნიათ, თუნდაც უფრო პატარა თვითმფრინავით, ვიდრე დაკარგონ დრო დიდ ჰაბებში გადაჯდომისას.
XLR-ის სალონები უახლესი ინფო-გასართობი სისტემებით და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით არის აღჭურვილი, რაც ხანგრძლივი მგზავრობისას ძალიან მნიშვნელოვანია.
ავიაკომპანიების სია, რომლებიც ამ მოდელს გამოიყენებენ, მუდმივად იზრდება. United Airlines, American Airlines და JetBlue უკვე რიგში დგანან, რაც ნიშნავს იმას, რომ უახლოეს წლებში ცაში სულ უფრო მეტ პატარა, მაგრამ შორსმავალ ხომალდს ვიხილავთ.
Airbus A321XLR არ არის უბრალოდ ახალი თვითმფრინავი, ეს არის ეკონომიკური მოდელის ცვლილება. ის შლის ზღვარს რეგიონულ და კონტინენტთაშორის ფრენებს შორის, რაც მოგზაურობას უფრო ხელმისაწვდომს, პირდაპირს და მრავალფეროვანს გახდის.
Avia.ge – თქვენი მოგზაურობის ერთგული მეგობარი. დაგვირეკე: 551 907 907









