ქართულ ავიაბაზარზე ლიბანური ავიაკომპანია Middle East Airlines -ი (MEA) შემოვიდა. დასაწყისისთვის ავიაკომპანია თბილისი-ბეირუთი-თბილისი ს საჰაერო ხაზზე 10 ჩარტერულ რეისს განახორიელებს, ბაზარზე დაკვირვების შემდეგ კი გადაწყვეტს, განაგრძოს თუ არა ამ მიმართულებაზე რეგულარული რეისები.
პირველი ჩარტერული რეისი MEA-მ ლიბანიდან საქართველოს მიმართულებით 19 ივლისს შეასრულა, რომელიც 75%-იანი დატვირთულობით განხორციელდა, ხოლო გაფრენა კი 45%-იანი დატვირთულობით, რაც ავიაკომპანიისთვის პირველი რეისის შემთხვევაში, როდესაც ღია მარკეტინგული კამპანია არ უწარმოებია, დამაკმაყოფილებელი მაჩვენებელია.
MEA ბეირუთიდან თბილისის მიმართულებით კვირაში ერთ რეისს განახორციელებს.
„მსურველები ბეირუთიდან საქართველოში სხვადასხვა შემოვლითი გზებით და ავიაკომპანიებით ჩამოდიოდნენ. აღნიშნულ მიმართულებაზე მოთხოვნა და მგზავრნაკადი საკმაოდ იყო, ამიტომ გადაწყდა პირდაპირი რეისების ორგანიზებაც. MEA-ს სათავო ოფისიდან ადგილზე ბაზრის გაცნობის შემდეგ გადაწყდა, რომ ავიაკომპანია ბეირუთსა და თბილისს შორის ჯერ ჩარტერულ ფრენებს სცდიდა. ავიაკომპანიას საქართველოში საკმაოდ კარგი წარმომადგენლობა ჰყავს „სიდონ თრეველი“ და იგივე კომპანია უზრუნველყოფს მის GSA-საც“, – განაცხადეს AFS Ground Handling-ში, რომელიც ავიაკომპანიების საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებებს უზრუნველყოფს.
MEA – ლიბანის ეროვნული ავიაკომპანიის სათავო ოფისი ბეირუთში მდებარეობს. ავიაკომპანია 1945 წელს დაფუძნდა, ხოლო პირველი რეისი 1946 წელს შეასრულა. ის ბაზირებულია ბეირუთის რაფიკ ჰარირის საერთაშორისო აეროპორტში, საიდანაც საერთაშორისო ფრენებს ახორციელებს აზიის, ევროპისა და აფრიკის მიმართულებით.
ავიაკომპანია 2012 წელს საავიაციო ალიანსის SkyTeam-ის წევრი გახდა. გარდა ამისა, Middle East Airlines საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციისაა (IATA) და არაბული საჰაერო გადამზიდავების ორგანიზაციის წევრიცაა.