Georgian Wings -ს, რომელიც თბილისი – ბათუმი –თბილისის მიმართულებით ყოველდღიურად, კვირაში 12 სიხშირით ახორციელებს რეგულარულ რეისებს, კიდევ ერთი 70 მგზავრზე გათვლილი იტალიურ-ფრანგული წარმოების ATR-72 ტიპის საჰაერო ხომალდი შეემატა, რაც საშუალებას იძლევა უკვე არსებული შიდა რეგიონალური ფრენების გარდა, უახლოეს პერიოდში ახალი მიმართულებები და დამატებითი ავიარეისები შემოგვთავაზოს.
როგორც ცნობილია, ავიაკომპანია განიხილავს ტრაპიზონისა და სამსუნის მიმართულებით ფრენების დაწყებას. ამ საკითხთან დაკავშირებით საქმიანი შეხვედრა უკვე შედგა, სადაც განხილული იყო სამომავლო გეგმები და თანამშრომლობა.
შეგახსენებთ, რომ ჯეორჯიან ვინგს -ი 31 ივლისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ყოველდღიურად, შეუფერხებლად ახორციელებს ფრენებს.
Georgian Wings -ი ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება. დღეის მდგომარეობით ჯეოსქაი ცნობილია როგორც დარგის ლიდერი და საერთაშორისო ბაზრის ერთ-ერთი ძლიერი მოთამაშე. ავიაკომპანია 2017 წელს შეიქმნა, და აქამდე სატვირთო საჰაერო გადაზიდვებს ასრულებდა მსოფლიოს ლოკალურ და საერთაშორისო ბაზარზე. თუმცა ახლახანს მან georgian wings-ის მეშვეობით საქმიანობის სფეროს სამგზავრო გადაყვანაც შეჰმატა.