ივლისის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კვლავ ნარჩუნდება საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა.
მიმდინარე წლის ივლისის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 11 %- ით გაიზარდა. 2022 წლის ივლისში აეროპორტი მოემსახურა 93,919 მგზავრს, ხოლო 2019 წლის ივლისის თვეში კი – 84,728 მგზავრს.
დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში დადებითი დინამიკა ავიარეისების რაოდენობის ზრდის კუთხითაც შეინიშნება.
ივლისში, 24%-ით გაიზარდა აეროპორტში რეისების რაოდენობა და ჯამში 330 რეისს მოემსახურა. 2019 წლის ივლისში კი – 267 რეისს.
როგორც მოგეხსენებათ, ავიაკომპანია Wizz Air – მა ქუთაისის აეროპორტიდან არსებულ 10 მიმართულებაზე ფრენების სიხშირე გაზარდა. 1-ლი აგვისტოდან ავიაკომპანიამ ქუთაისის აეროპორტში მეორე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და ფრენები განაახლა პარიზისა და ტალინის მიმართულებით.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ამ ეტაპისთვის, 4 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.