ისრაელური ავიაკომპანია Israir Airlines-ი სექტემბერში თელ ავივიდან თბილისის და ბათუმის მიმართულებით ფრენებს განაახლებს.
Israir Airlines – ი თელ ავივი – თბილისი – თელ ავივის საჰაერო ხაზზე პირდაპირ რეისებს 14, 19, 23 და 30 სექტემბერს განახორციელებს. ფრენები Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
ბათუმის მიმართულებით კი, Israir Airlines – ი 7 რეისს შეასრულებს სექტემბრის განმავლობაში. ფრენები თელ ავივი – ბათუმი – თელ ავივის საჰაერო ხაზზე 12, 14, 19, 20, 23, 26 და 29 სექტემბერს შესრულდება Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით.
აღსანიშნავია, რომ ისრაელის მთავრობამ საქართველო „წითელი” ქვეყნების ჯგუფიდან „ნარინჯისფერ” ქვეყნებში გადაიყვანა.
„მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ გუშინ ისრაელის მთავრობამ საქართველო „წითელი” ქვეყნების ჯგუფიდან „ნარინჯისფერ” ქვეყნებში გადაიყვანა. რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელელ ტურისტებს კვლავ შეუძლიათ ამ ულამაზეს ქვეყანაში სტუმრობა, ხოლო დაბრუნებისას ისინი დაექვემდებარებიან თვითიზოლაციას (ან კარანტინს). აღნიშნული გადაწყვეტილება, საქართველოს ახალ კატეგორიაში გადაყვანის თაობაზე, ძალაში შედის 1 სექტემბრიდან“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.