როდესაც ვუყურებთ, თუ როგორ იწევა უზარმაზარი რკინის ჩიტი ასაფრენი ბილიკიდან ჰაერში და ღრუბლებში უჩინარდება, გვექმნება განცდა, რომ მას წინ თვალუწვდენელი, თავისუფალი სანავარდო სივრცე აქვს. ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ ცაში გადაადგილების დროს თვითმფრინავები სრულად თავისუფლები არიან, მაგრამ რეალობა ბევრად უფრო სისტემური და დისციპლინირებულია.
მაგალითად, როდესაც Wizz Air-ის ხომალდი შენი სასურველი მოგზაურობის მიმართულებით მიფრინავს, ის უბრალოდ ცაში არ მოძრაობს, არამედ მკაცრად განსაზღვრულ, უხილავ საჰაერო გზატკეცილზე იმყოფება, რომელსაც საკუთარი წესები და სპეციფიკური „საგზაო ნიშნებიც“ კი აქვს.
რა არის საჰაერო ტრასები
საჰაერო ტრასები რეალურად არსებობს, თუმცა თვალით მათი დანახვა შეუძლებელია. ეს არის მოდელირებული დერეფნები, რომლებიც სხვადასხვა სანავიგაციო პუნქტებს აკავშირებს. წლების წინ აღნიშნული პუნქტები რადიოშუქურებზე იყო დაფუძნებული, დღეს კი თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ისინი GPS კოორდინატებით განისაზღვრება.
თვითმფრინავი საწყისი წერტილიდან საბოლოო წერტილამდე ადგენს მარშრუტს, რაც დისპეჩერებს საშუალებას აძლევს ზუსტად იცოდნენ თვითმფრინავის მოძრაობის ტრაექტორია და მისი ადგილმდებარეობა დროის ნებისმიერ მონაკვეთში.
ტრასების სისტემა ქაოსის თავიდან ასაცილებლად უაღრესად მნიშვნელოვანია. რომ წარმოიდგინოთ ევროპის საჰაერო სივრცე პიკის საათში – ათასობით თვითმფრინავი ერთდროულად გადაადგილდება. აღნიშნული წესრიგისა და დისციპლინის გარეშე თვითმფრინავების შეჯახების რისკი წარმოუდგენლად დიდი იქნებოდა. მოდელირებული ტრასები ცაში გადაადგილებას პროგნოზირებადსა და მართვადს ხდის.

ვერტიკალური დაცილება: ცის სართულები
საჰაერო გზატკეცილები არსებობს როგორც ჰორიზონტალურად, ისე ვერტიკალურადაც. საავიაციო სფეროში ამას ფრენის დონეები ეწოდება. იმისთვის, რომ საპირისპიროდ მოძრავმა თვითმფრინავებმა უსაფრთხოდ აუარონ ერთმანეთს გვერდი, გამოიყენება ე.წ. RVSM (Reduced Vertical Separation Minimum) სტანდარტი.
წესების თანახმად, თვითმფრინავები, რომლებიც აღმოსავლეთით მიფრინავენ, კენტ სიმაღლეებს იკავებენ, ხოლო ისინი, რომლებიც დასავლეთის მიმართულებით გადაადგილდებიან – ლუწ სიმაღლეებს. ამ დროს თვითმფრინავებს შორის დაახლოებით 300-მეტრიანი შუალედია, რაც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ გიგანტურმა ლაინერებმა ერთმანეთს უსაფრთხოდ ჩაუარონ გვერდი, მაშინაც კი, თუ ისინი ერთი და იმავე წარმოსახვითი ხაზის გასწვრივ მოძრაობენ.
ავიადისპეტჩერები: როგორც ცის დირიჟორები
ავიაციაში არ არსებობს ფრენა, რომელიც დისპეჩერის გარეშე შესრულებულა ან სრულდება. ისინი რადარების დახმარებით თითოეულ სექტორსა და „მაგისტრალს“ აკონტროლებენ. როდესაც თვითმფრინავი კონკრეტული ქვეყნის საჰაერო სივრცეს ტოვებს და სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ინაცვლებს, ხდება ე.წ. handover – მართვის გადაცემა.
მაგალითად, როდესაც ხომალდი საქართველოს საჰაერო სივრცეს ტოვებს და შედის თურქეთის ან ნებისმიერი ევროკავშირის ქვეყნის ზონაში, პილოტები იღებენ მითითებას, რომ ახალ რადიოსიხშირეზე გადაერთონ და მომდევნო სექტორის დისპეჩერს დაუკავშირდნენ. ეს სულ რამდენიმე წამს გრძელდება და მგზავრებისთვის სრულიად შეუმჩნეველია, თუმცა ეს წამიერი ცვლილება უზრუნველყოფს უწყვეტ კონტროლს მთელი ფრენის განმავლობაში.
დისპეჩერები მხოლოდ უსაფრთხოებას როდი აკონტროლებენ – ისინი ფრენების ეფექტურობასაც ზედამხედველობენ.

რატომ არ დაფრინავენ თვითმფრინავები ყოველთვის სწორი ხაზით
თუ ფრენის დროს რუკას დახედავთ, შეამჩნევთ, რომ ტრაექტორია ხშირად რკალისებურია. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:
- დედამიწის სიმრუდე – დედამიწის ფორმიდან გამომდინარე, სფეროზე ორ წერტილს შორის ყველაზე მოკლე მანძილი რკალია. ბრტყელ რუკაზე ეს მარშრუტი შესაძლოა გრძელი მოგეჩვენოთ, მაგრამ რეალურ ფიზიკურ სივრცეში ის ყველაზე მოკლეა.
- ქარის ნაკადები – პილოტები მარშრუტს ხშირად ცვლიან, რათა ზურგის ქარი გამოიყენონ. ეს მნიშვნელოვანია საწვავის ეკონომიისა და ფრენის დროის შემცირებისთვის. ზოგჯერ შემოვლითი გზა უფრო სწრაფია, თუ იქ ძლიერი ზურგის ქარი ქრის.
- დახურული ზონები – სამხედრო პოლიგონები ან კონფლიქტის ზონები ავიაკომპანიებს ხშირად აიძულებს, უსაფრთხოების მიზნით, ტრადიციული საჰაერო გზატკეცილები შეცვალონ.
მომავლის ტექნოლოგიები: Free Route Airspace
ავიაციის სფერო მუდმივად ვითარდება და ევროპის საჰაერო სივრცეში უკვე ინერგება ე.წ. Free Route Airspace (FRA) კონცეფცია. ეს ნიშნავს, რომ გარკვეულ სიმაღლეებზე თვითმფრინავებს მკაცრად განსაზღვრული გზატკეცილებით გადაადგილება აღარ მოუწევთ.
ამის ნაცვლად, პილოტებს შეეძლებათ ორ პუნქტს შორის ყველაზე ოპტიმალური და სწორი მარშრუტი თავად დაგეგმონ. ეს ტექნოლოგია საგრძნობლად ამცირებს საწვავის ხარჯსა და CO₂-ის გამონაბოლქვს.
თუმცა ასეთი თავისუფლება მოითხოვს უძლიერეს კომპიუტერულ სისტემებს, რომლებიც რეალურ დროში ათასობით თვითმფრინავის გადაკვეთის წერტილებს გათვლიან, რათა უსაფრთხოება კვლავ უმაღლეს დონეზე დარჩეს.

უსაფრთხოების გარანტი: TCAS სისტემა
მიუხედავად იმისა, რომ დისპეჩერები და საჰაერო ტრასები რისკებს მაქსიმალურად ამცირებენ, ყველა თანამედროვე თვითმფრინავი აღჭურვილია დამატებითი სისტემით — TCAS-ით (Traffic Collision Avoidance System). ეს არის მოწყობილობა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება სხვა ხომალდების ბორტკომპიუტერებს.
თუ ორი თვითმფრინავი კრიტიკულად მიუახლოვდა ერთმანეთს, სისტემა პილოტებს მკაფიო ხმოვან ბრძანებას აძლევს: ერთს ზემოთ ასვლისკენ მიუთითებს, ხოლო მეორეს – ქვევით დაშვებისკენ. ეს ავტომატური კოორდინაცია ადამიანურ შეცდომას ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი გამორიცხავს და თანამედროვე ავიაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად ითვლება.
ავიაცია მათემატიკური სიზუსტის, უახლესი ტექნოლოგიებისა და ადამიანური პროფესიონალიზმის შერწყმაა. საჰაერო გზატკეცილების სისტემა საშუალებას იძლევა, რომ ყოველდღიურად ათიათასობით რეისმა უსაფრთხოდ და შეფერხების გარეშე მიაღწიოს დანიშნულების ადგილს. ამიტომ, შემდეგში, როდესაც თვითმფრინავის ილუმინატორიდან სხვა ხომალდის თეთრ კვალს დაინახავთ, იცოდეთ – თქვენ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოწესრიგებულ და რთულ ავტომაგისტრალზე იმყოფებით.
Avia.ge – თქვენი მოგზაურობის ერთგული მეგობარი. დაგვირეკე: 551 907 907