ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ევროპული საახალწლო სუფრა, ტრადიციული კერძები და მათი ისტორიები

saaxalwlo sufra

ახალი წელი ყველა ქვეყანაში განსაკუთრებულ ემოციებთან არის დაკავშირებული, თუმცა ევროპის კონტინენტზე, განსაკუთრებულ ზეიმთან ერთად, კერძები და საახალწლო სუფრაც გამორჩეულია. კულინარიული ტრადიციები ამ კონტინენტის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ევროპულ სუფრაზე საახალწლო კერძების მრავალფეროვნება მხოლოდ ტრადიცია არ არის – ეს არის რიტუალი, რომელიც ევროპელების რწმენა-წარმოდგენით მომავალი წლის ბედნიერებას, სიმდიდრესა და წარმატებას განსაზღვრავს.

დღეს მოგიყვებით ევროპული ქვეყნების საახალწლო მენიუს შესახებ და გიამბობთ, თუ საიდან იღებს სათავეს ესა თუ ის გემრიელი ტრადიცია.

იაფი ფრენები ქუთაისი - დან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
ლარნაკა29 იანვარი 20268 თებერვალი 2026ავიაბილეთები 140 -დან
სალონიკი16 მარტი 202622 მარტი 2026ავიაბილეთები 140 -დან
მილანი16 თებერვალი 20262 მარტი 2026ავიაბილეთები 160 -დან
მემინგენი27 იანვარი 20263 თებერვალი 2026ავიაბილეთები 176 -დან
პოზნანი20 იანვარი 202624 იანვარი 2026ავიაბილეთები 184 -დან

საფრანგეთი – “Réveillon” და დახვეწილი დელიკატესები

საფრანგეთის მოსახლეობისთვის ახალი წელი, ანუ Le Réveillon, ნამდვილი ზეიმია. მათთვის შობა უფრო ოჯახური და ტრადიციული დღესასწაულია, ახალი წელი კი რადიკალურად განსხვავებულად აღინიშნება. 31 დეკემბერს ფრანგები მეგობრების გარემოცვაში, რესტორნებსა თუ გრანდიოზულ წვეულებებზე ხვდებიან.

მთავარი კერძები: ფრანგული სუფრის აუცილებელი ატრიბუტებია Foie Gras (ბატის ღვიძლის პაშტეტი), ხამანწკები და შამპანური. მთავარი კერძი, ხშირ შემთხვევაში, წაბლით ფარშირებული ინდაურია.

Bûche de Noël-ის ისტორია: ყველაზე ცნობილი ფრანგული საახალწლო დესერტი არის Bûche de Noël (საშობაო მორი). ეს ტრადიცია სათავეს შუა საუკუნეებიდან იღებს. გასულ საუკუნეებში ოჯახები უზარმაზარ ხის მორს სახლის ბუხარში წვავდნენ, მორის ფერფლს კი მთელი წლის განმავლობაში ინახავდნენ. მათ სჯეროდათ, რომ ფერფლი სახლს მეხის დაცემისა და ბოროტი სულებისგან დაიცავდა. დროთა განმავლობაში, როდესაც დიდ ბუხრები პატარა ღუმელებმა ჩაანაცვლა, ხის მორი შოკოლადის რულეტმა შეცვალა, რომელიც ფორმით ზუსტად იმ ძველ, ტრადიციულ მორს ჰგავს.

იტალია – ოსპი, როგორც ბარაქის სიმბოლო

იტალიაში საახალწლო სუფრას Cenone di Capodanno ეწოდება. იტალიელები საკმაოდ ცრუმორწმუნენი არიან, ამიტომ მათი მენიუ დატვირთულია სხვადასხვა სიმბოლოებით.

იტალიური საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილია ღორის ცხარე ძეხვი და ოსპი. ოსპი სუფრაზე ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან მისი მრგვალი ფორმა ძველ რომაულ მონეტებს მოგვაგონებს. სჯერათ, რომ რაც უფრო მეტ ოსპს შეჭამენ შუაღამისას, მით მეტი ფული ექნებათ მომავალ წელს.

პანეტონე და პანდორო: დესერტად იტალიელები პანეტონეს ან პანდოროს მიირთმევენ. პანეტონეს ისტორია მილანიდან იწყება. ლეგენდის თანახმად, ეს დესერტი ერთ-ერთი მზარეულის შეგირდმა, სახელად ტონიმ, შემთხვევით გამოიგონა, როდესაც ძირითადი ტკბილეული დაეწვათ. “Pane di Toni” (ტონის პური) დროთა განმავლობაში შემოკლდა და “პანეტონედ” იქცა.

ესპანეთი – 12 იღბლიანი ყურძენი

ამ ტრადიციამ ბოლო წლებში საქართველოშიც მოიკიდა ფეხი, თუმცა მას ხშირად განსხვავებულ მნიშვნელობებს ანიჭებენ. ახლა კი გიამბობთ რეალურ ისტორიას, თუ რატომ მიირთმევენ ესპანელები 12 მარცვალ ყურძენს 31 დეკემბრის ღამეს.

ეს ესპანეთში ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე სახალისო ტრადიციაა. როდესაც საათი შუაღამეს ჩამოჰკრავს, ესპანელებმა ყოველ დარტყმაზე თითო ყურძნის მარცვალი უნდა შეჭამონ – სულ 12, მომავალი 12 თვის სიმბოლოდ. ვინც მოასწრებს და თორმეტივე მარცვალს შეჭამს, მას მთელი წლის განმავლობაში იღბალი გაჰყვება.

ამ ტრადიციის ისტორია 1909 წელს იწყება, როდესაც ალიკანტეს რეგიონის ფერმერებს ყურძნის რეკორდული მოსავალი მოუვიდათ. ჭარბი პროდუქტის რეალიზაციისთვის მათ ჭკვიანური მარკეტინგული კამპანია მოიფიქრეს: გაავრცელეს ხმა, თითქოს შუაღამისას ყურძნის ჭამა ბედნიერების მომტანი იყო. იდეამ ისე გაამართლა, რომ საუკუნეზე მეტია ეს წესი არა მხოლოდ ესპანეთში, არამედ მთელ ევროპაში “ვირუსულად” გავრცელდა.

ეს ის ტრადიციაა რომლის გამოც ახალ წელს ესპანეთში მოგზაურობა ნამდვილად ღირს, ესპანეთის ავიაბილეთებს კი ავიაკომპანიები ძალიან ხშირად მისაღებ ფასად გვთავაზობენ.

გერმანია – ბარაქიანი სუფრა და “Glücksschwein”

გერმანიაში ახალი წელი ხმაურიანი და მხიარული დღესასწაულია, სადაც მთავარი აქცენტი გემრიელ და ნოყიერ საკვებზე კეთდება.

ღორი და კობრი: ტრადიციულად, გერმანულ სუფრაზე აუცილებლად შეხვდებით ღორის ხორცს, რადგან ღორი გერმანულ კულტურაში პროგრესისა და კეთილდღეობის სიმბოლოა. ასევე პოპულარულია მოხარშული კობრი. არსებობს ძველი ცრურწმენა: თუ კობრის ერთ ქერცლს საფულეში შეინახავთ, მომავალ წელს ფული არ გამოგელევათ.

მარციპანის ღორები: დესერტად გერმანელები ერთმანეთს მარციპანისგან დამზადებულ პატარა ფიგურებს – იღბლიან გოჭს ჩუქნიან. ეს არის პატარა, ტკბილი სიმბოლო, რომელიც მეგობრობისა და კეთილი განწყობის ნიშანია.

საბერძნეთი – ბროწეული და წმინდა ბასილის ნამცხვარი

საბერძნეთში ახალი წელი მჭიდროდაა დაკავშირებული წმინდა ბასილისთან, რომელიც მათთვის სანტა კლაუსის როლს ასრულებს.

ვასილოპიტა: ეს არის განსაკუთრებული ნამცხვარი, რომელშიც გამოცხობის დროს მონეტას მალავენ. ოჯახის უფროსი ნამცხვარს საზეიმოდ ჭრის: პირველი ნაჭერი ქრისტესია, მეორე – ღვთისმშობლის, მესამე – წმინდა ბასილის, შემდეგ კი – ოჯახის წევრების. ვისაც დამალული მონეტა შეხვდება, ის წლის ყველაზე იღბლიან ადამიანად ითვლება.

ბროწეულის მნიშვნელობა

კიდევ ერთი უძველესი ბერძნული ტრადიცია ბროწეულის სახლის შესასვლელ კართან მთელი ძალით დანარცხებაა. მნიშვნელოვანია, რომ იატაკზე რაც შეიძლება ბევრი მარცვალი მიმოიფანტოს, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ბარაქიანი და წარმატებული იქნება ოჯახისთვის მომავალი წელი.

ევროპელებისთვის სამზარეულო და საახალწლო კერძები გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ გემრიელი საკვები. თითოეული მათგანის მიღმა ქვეყნის ისტორია, ლეგენდები და ხალხური რწმენა-წარმოდგენები დგას. იქნება ეს იტალიური ოსპი, ესპანური ყურძენი თუ ფრანგული შოკოლადის რულეტი, ყველა მათგანი ერთ მიზანს ემსახურება – მომავლის იმედით შეხვედრასა და ადამიანების გაერთიანებას.

თუ გსურთ, თქვენს ახალ წელს განსხვავებული ელფერი შესძინოთ, სცადეთ ამ ევროპული ტრადიციებიდან ერთ-ერთის გაცოცხლება იმ ქვეყანაში, სადაც ამ ტრადიციას საფუძველი ჩაეყარა. იაფი ავიაბილეთების შეძენა კი ყოველთვის შეგიძლიათ avia.ge -ს საიტზე. ვინ იცის, იქნებ 12 ყურძნის მარცვალმა ან საფულეში შენახულმა კობრის ქერცლმა მართლაც მოგიტანოთ განსაკუთრებული იღბალი.

Avia.ge – თქვენი მოგზაურობის ერთგული მეგობარი. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version