ცაში ახედვისას ფრენის დაუოკებელი სურვილი ადამიანს დასაბამიდან ჰქონდა – ლეონარდო და ვინჩის ნახაზებიდან, თანამედროვე კოსმოსურ ხომალდებამდე. ავიაცია კაცობრიობის საინჟინრო გენიის ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებაა. ევროპა კი ამ ისტორიას მომავალ თაობას მუზეუმებში უნახავს.
ადამიანების უმეტესობისთვის მუზეუმი სიჩუმესა და მტვრიან ექსპონატებთან ასოცირდება, მაგრამ საავიაციო სამყაროში ყველაფერი განსხვავებულადაა. აქ შეგიძლიათ ზღვა ემოციის მიღება; ეს ადგილები გიგანტური მასშტაბებისა და ტექნოლოგიური განვითარების ისტორიას ჰყვება. თქვენ შეგიძლიათ ხელით შეეხოთ თვითმფრინავს, რომელიც ბგერის სიჩქარეზე სწრაფია, ან ნახოთ, როგორ იწყობა მსოფლიოს ყველაზე დიდი სამგზავრო ლაინერი.
ამ სტატიაში მოგიყვებით ევროპის იმ ადგილებზე, რომლებიც ტექნოლოგიური საოცრებების ისტორიებს ინახავენ. ეს არის შემეცნებითი მოგზაურობა მათთვის, ვისაც აინტერესებს, როგორ მუშაობს ავიაციის სამყარო.
გერმანია – ზინსჰაიმის ტექნიკური მუზეუმი
ცივი ომის მეტოქეების შეხვედრა სახურავზე
თუ ევროპაში მხოლოდ ერთი ტექნიკური მუზეუმის ნახვას შეძლებთ, ეს აუცილებლად ზინსჰაიმი უნდა იყოს. ეს ადგილი არის ერთადერთი მთელს მსოფლიოში, სადაც ორი ლეგენდარული ზესწრაფი სამგზავრო თვითმფრინავი – ფრანგულ-ბრიტანული Concorde და საბჭოთა Tu-144 – გვერდიგვერდ დგას.
მაგრამ მთავარი ეფექტი მუზეუმში მათი განლაგება გახლავთ. ორივე გიგანტი მუზეუმის სახურავზე, აფრენის პოზიციაშია დამონტაჟებული. შენობას გარედან რომ შეხედოთ, იფიქრებთ, რომ ეს რკინის ჩიტები სადაცაა მიწას მოწყდებიან და ცაში აიჭრებიან.

ალბათ, ეს ის ერთადერთი მუზეუმია, სადაც შეგიძლიათ ახვიდეთ სახურავზე, შეხვიდეთ ორივე თვითმფრინავში და გაიაროთ მათ სალონებში. მაგრამ გაითვალისწინეთ, თვითმფრინავები დახრილია, ამის გამო კი სიარული საკმაოდ რთული და თავბრუდამხვევია, რაც განცდებს ამძაფრებს. თქვენ ნახავთ ვიწრო ილუმინატორებს, პილოტების კაბინას, სადაც ასობით ღილაკია და შეადარებთ, რამდენად განსხვავებული ხედვა ჰქონდათ დასავლელებსა და საბჭოთა კავშირელებს კომფორტის შესახებ.
გარდა ამისა, მუზეუმში დაგხვდებათ ასობით ვინტაჟური ავტომობილი და სამხედრო ტექნიკა.
მუზეუმი მდებარეობს ქალაქ ზინსჰაიმში, ფრანკფურტიდან დაახლოებით 1 საათის სავალზე. ამიტომ, მოსახერხებელი იქნება, თუ ბილეთს შეიძენთ ქუთაისი ფრანკფურტი ან ქუთაისი მემინგენი მიმართულებით, შემდეგ კი ყველაზე მოსახერხებელი ტრანსპორტი მატარებელია. ზინსჰაიმს აქვს საკუთარი სადგური, რომელიც მუზეუმიდან ფეხით 5 წუთის სავალზეა.
ტულუზა, საფრანგეთი – Aeroscopia და Airbus-ის ქარხანა
ნახე, როგორ იბადება გიგანტი
შეიძლება ითქვას, რომ ტულუზა ევროპული ავიაციის დედაქალაქია, რადგან სწორედ აქ არის ავია გიგანტის – Airbus -ის სათაო ოფისი და მთავარი ქარხანა. ამ მუზეუმის დათვალიერება ორ ეტაპად იყოფა: მუზეუმი და ქარხნის ტური.
Aeroscopia არის ფუტურისტული დიზაინის მუზეუმი, სადაც ინახება ისეთი უნიკალური ექსპონატები, როგორიცაა უზარმაზარი სატვირთო თვითმფრინავი Super Guppy, რომელიც ვეშაპს ჰგავს და ავიაკომპანიების პირველი A300-ები. თუმცა ყველაზე საინტერესო მაინც Airbus Discovery Tour-ია.

ეს არის შემეცნებითი ტური. თქვენ ავტობუსით შეგიყვანენ დახურულ ტერიტორიაზე, სადაც ნახავთ:
- Beluga XL: თვითმფრინავს, რომელსაც მომღიმარი დელფინის ფორმა აქვს და სხვა თვითმფრინავების ნაწილები გადააქვს.
- A350-ის ამწყობი ხაზი: სპეციალური პლატფორმიდან გადახედავთ უზარმაზარ ანგარს, სადაც რობოტები და ინჟინრები მილიონობით დეტალისგან აწყობენ თანამედროვე ლაინერებს. აქ ხვდებით, რა მასშტაბის ინტელექტი დგას თითოეული ფრენის უკან.
ამ უნიკალური გამოცდილების მისაღებად უნდა შეიძინოთ ავიაბილეთები ტულუზის მიმართულებით და ჩაფრინდეთ ამავე სახელწოდების საერთაშორისო აეროპორტში, თუმცა პარიზიდან სწრაფმავალი მატარებლითაც შეიძლება ჩასვლა (დაახლოებით 4 საათი). მუზეუმამდე ცენტრიდან ტრამვაი დადის.
ეს კი არის რჩევა, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, თუკი ნამდვილად გსურთ ამ საოცარი ადგილის მონახულება: ქარხნის ტურზე ბილეთები 2-3 კვირით ადრე უნდა დაჯავშნოთ ონლაინ, რადგან ადგილები შეზღუდულია და პასპორტის მონაცემები წინასწარ სჭირდებათ.
ზალცბურგი, ავსტრია – Red Bull Hangar-7
ხელოვნება, გასტრონომია და ფრთები
სხვა მუზეუმებისგან განსხვავებით, Hangar-7 არის სუფთა ესთეტიკა და თანამედროვეობა. ეს ადგილი ეკუთვნის Red Bull-ის დამფუძნებელს, დიტრიხ მატეშიცს და არ არის უბრალოდ ანგარი; ეს არის მინისა და ფოლადის არქიტექტურული შედევრი, რომელიც გარედან თვითმფრინავის ფრთას მოგაგონებთ.
ამ ადგილს გამოარჩევს ისიც, რომ აქ დგას Flying Bulls-ის ფლოტი: ისტორიული თვითმფრინავები, რომლებიც არა უბრალოდ ექსპონატებია, არამედ დღესაც დაფრინავენ და მონაწილეობენ ავიაშოუებში.
- აქ ნახავთ მბზინვარე B-25 Mitchell-ს, P-38 Lightning-ს და უახლეს ვერტმფრენებს.
- აქვეა ფორმულა 1-ის ბოლიდების კოლექცია.
- შენობის გუმბათი ისეა დაპროექტებული, რომ შიგნით ბუნებრივი განათება ფანტასტიკურ ფერებს ქმნის, განსაკუთრებით მზის ჩასვლისას.
- აქვეა რესტორანი Ikarus, სადაც ყოველ თვე მსოფლიოს სხვადასხვა მიშლენის ვარსკვლავიანი შეფ-მზარეული ჩამოდის და სტუმრებს უმასპინძლდება.

აქ მოსახვედრად უნდა ჩაფრინდეთ ზალცბურგის აეროპორტში, Hangar-7-მდე მისვლა კი ფეხითაც შეიძლება, ან ტაქსით 2 წუთში. Hangar-7-ში შესვლა უფასოა. ეს, ალბათ, ყველაზე მდიდრული უფასო მუზეუმია ევროპაში.
ლე ბურჟე – პარიზის ავიაციისა და კოსმოსის მუზეუმი
მსოფლიოს უძველესი ავიამუზეუმი
ლე ბურჟეს ისტორიულ აეროპორტში, პარიზთან ახლოს, მდებარეობს მუზეუმი, რომელიც ავიაციის მთელ ევოლუციას ინახავს. ლე ბურჟე ის ადგილია, სადაც 1927 წელს დაეშვა ადამიანი, რომელმაც ატლანტის ოკეანე მარტომ გადაუფრინა — ჩარლზ ლინდბერგი.
ეს მუზეუმი ქალაქს ჰგავს. აქ ნახავთ ყველაფერს:
- ხისგან და ნაჭრისგან დამზადებულ პირველ პლანერებს.
- პირველი და მეორე მსოფლიო ომის გამანადგურებლებს.
- ორ კონკორდს (დიახ, აქაც ორია, ერთმანეთის გვერდიგვერდ).
- კოსმოსურ პავილიონს, სადაც დგას რეალური ზომის რაკეტები Ariane 1 და Ariane 5.
- Boeing 747-ს, რომლის შიგნითაც შეგიძლიათ შეხვიდეთ და დაათვალიეროთ კონსტრუქცია კედლების გარეშე.

აქ მოხვედრა ძალიან მარტივია, პარიზში ჩასვლის შემდეგ ცენტრიდან მეტროს ხაზით უნდა მიხვიდეთ სადგურამდე, იქიდან კი ავტობუსი მიგიყვანთ პირდაპირ მუზეუმის კართან.
ეს მცირე ჩამონათვალიც კი საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ავიაცია არ არის მხოლოდ გადაადგილების საშუალება – ეს არის ხელოვნება და ზუსტი მეცნიერება. როდესაც 100-ტონიანი ლითონის კონსტრუქციის ქვეშ დგახართ, ის კი ჰაერში ჩიტივით მსუბუქია, ხვდებით, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვრები არ აქვს. თუ გეგმავთ ევროპაში მოგზაურობას, აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს ლოკაციები, რადგან ეს არის გამოცდილება, რომელიც გაამდიდრებს თქვენს თვალსაწიერს და ფრენის მიმართ სულ სხვა პატივისცემით განგაწყობთ.
Avia.ge – თქვენი მოგზაურობის ერთგული მეგობარი. დაგვირეკე: 551 907 907